„ახლა ჭკუის სწავლება არავისთვის არ არის საჭირო და არ ვფიქრობ, რომ დღეს ოპოზიციას აქვს მორალური უფლება პოლიტიკური სპეკულაციის დონეზე დაუწყოს საუბარი ხელისუფლებას; მაგრამ ოპოზიციას პირში ბურთს ვერ ჩაჩრი რომ გაჩუმდეს, ამიტომ ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს საშუალება საფუძვლიანი კრიტიკის", - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ოპოზიციის განცხადებს, რომელიც ხელისუფლებისგან კრიზისული ბიუჯეტის წარდგენას მოითხოვს.
„სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს მთავრობა და წარმოადგინოს კრიზისული ბიუჯეტი. ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ უნდა შემოგვთავაზოს ფინანსური სტაბილურობის გეგმა", - აცხადებს "ნაცონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.
„თავისთავად სიტუაცია არის საგანგებო, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ყველა მთავრობა ცდილობს გადაარჩინოს პირველ რიგში ადამიანები და მერე - თუ რაიმე ეკონომიკური სუბიექტების გადარჩენა შეიძლება. ამიტომ ახლა ჭკუის სწავლება არავისთვის არ არის საჭირო და არ ვფიქრობ, რომ დღეს ოპოზიციას აქვს მორალური უფლება, პოლიტიკური სპეკულაციის დონეზე დაუწყოს საუბარი ხელისუფლებას, ეს სწორი არ არის.
„მთავრობა არის დღეს აღმასრულებელი და ჩვენ მას უნდა ვენდოთ. იმედია, რომ ეკონომიკურ პოლიტიკას სრულ მოდერნიზაციას გაუკეთებს სხვა მიმართულებით და სხვა აქცენტებით. ეს გვინდა ახლა ჩვენ სახელმწიფოსგან.
„რაც შეეხება ოპოზიციას, პირში ბურთს ვერ ჩაჩრი, რომ გააჩუმო და არც უნდა გაჩუმდეს, მაგრამ ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს საფუძვლიანი კრიტიკის საშუალება. ცხადია, რომ არის საგანგებო მდგომარეობა და სწორედ საგანგებო მდგომარეობა ითხოვს საგანგებო ბიუჯეტს - ეს სადაო არ არის. საგანგებო მდგომარეობა ითხოვს მთავრობისგან რისკების შეფასებას და სულ მცირე, უახლოესი ერთი ან ორი თვის ამოცანებს.
„კარგია, რომ მობილიზებული არიან, მაგრამ საჭიროა კონკრეტიკა და ადამიანებმა დაინახონ გადაგმული ნაბიჯები. ყველა უნდა იყოს ერთნაირ პირობებში. ხელისუფლება ერთნაირად უნდა ცდილობდეს გადაარჩინოს ბანკები, მცირე და საშუალო ბიზნესი, ყველა მოქმედი მსხვილი ბიზენსი და არა ისე, როგორც სააკაშვილმა გადაარჩინა ბანკები 2008 წლის კრიზისის დროს აშკარა კრახს, საქართველოს ეკონომიკის უზარმაზარი დაზიანების ხარჯზე. თუ იგივე სცენარს აპირებს მთავრობა, ეს მისთვისაც კრახი იქნება", - განაცხადა „რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.