"დავით საყვარელიძეს ცილისწამებისთვის პასუხს ვაგებინებ"

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიის განხილვისას, უმცირესობის წევრმა, ყოფილმა პროკურორმა დავით საყვარელიძემ კომიტეტის მიერ წარმოდგენილ სიაში დასახელებული ადამიანები "შინაურ პატიმრებად" შერაცხა, პოლიტპატიმარ მელორ ვაჩნაძის მიმართ კი ასეთი რეპლიკა ისროლა: "მელორ ვაჩნაძის საქმე არ არის თაღლითობა?"

პატიმარ მელორ ვაჩნაძესთან ინტერვიუ სწორედ იმ დღეს ჩავწერეთ, როცა პარლამენტში პოლიტპატიმრების სიას განიხილავდნენ. შეგახსენებთ, რომ მელორ ვაჩნაძე 2009 წლის ივნისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევისას დააკავეს, ბრალად სამართალდამცველებისადმი წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამჟამად იგი რუსთავის მე-17 კოლონიაში იხდის სასჯელს.

მელორ ვაჩნაძე: - ერთი წლის წინ შემეხო ვადამდე გათავისუფლება, მაგრამ სასამართლომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და გათავისუფლებაზე უარი მითხრა. სააპელაციო სასამართლო ჩემს საჩივარს 10 დეკემბერს განიხილავს და ვიმედოვნებ, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს.

- პოლიტპატიმართა სიის განხილვისას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დავით საყვარელიძემ თქვენ მიმართ რეპლიკა ისროლა და ეჭვქვეშ დააყენა თქვენი სტატუსი...
- ეს იყო ყოვლად უზნეო ადამიანის გამოხტომა. საყვარელიძე მიშას დაკვეთას ასრულებდა. ეს ადამიანი, წლების განმავლობაში თვითონ "აპრავებდა" პოლიტპატიმრების საქმეს და ამიტომ გამწარდა. სააკაშვილი მე და ჩემს მეგობრებს "მეგაფონიან ხულიგნებს" გვეძახდა. მათ ჩვენი გარეთ გამოსვლა იმიტომ აშინებთ, რომ ამ "მეგაფონიანმა ხულიგნებმა" მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ბევრი რამ ვიცით. საყვარელიძე უამრავი ადამიანის საქმეში ფიგურირებს, მას არაერთი საქმე აქვს "შეკერილი". თვითონ სისხლის სამართლის დამნაშავეა და სხვაზე რა პირით ლაპარაკობს?! საყვარელიძე გორში, წლების განმავლობაში, პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებდა ადამიანებს, თავისი ხელით უდებდა ნარკოტიკს, რისთვისაც უამრავი პატიმარი იხდის სასჯელს. მის წინააღმდეგ მზადდება საჩივრები და იმედია, მალე ვიხილავთ ბორკილდადებულს, ისევე როგორც არაერთი მაღალჩინოსანი ვიხილეთ, ბაჩო ახალაიათი დაწყებული, გაგა მკურნალიძით დამთავრებული. საყვარელიძე ჯერ მხოლოდ 31 წლისაა და კარიერისტული მისწრაფებების გამო ზედმიწევნით ასრულებს ვიღაცების ბინძურ შეკვეთებს. იგი გარეულია სატელიტური ანტენების დაყადაღების საქმეშიც და ჰგონია, რადგან დეპუტატია, მანდატი და იმუნიტეტი დაიცავს. ვპირდები საყვარელიძეს, როდესაც სასამართლოს ძალით გავმართლდები, მის წინააღმდეგ საჩივარს შევიტან. ჩემს საქმეში მოწმეები მხოლოდ კუდ-ის, სოდ-ის და პატრულის თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მხოლოდ ტელეეკრანიდან მიცნობდნენ და გადმოცემით იცოდნენ ჩემი დანაშაულის შესახებ. სხვა მოწმე არ არსებობს. მჯერა, სამართლიანი სასამართლო აუცილებლად გამამართლებს და დავით საყვარელიძეს, ცილისწამებისთვის პასუხს ვაგებინებ.

- ცნობილია, რომ საზოგადოებისგან შენს იზოლირებაში დიდი წვლილი მიუძღვის შენს ყოფილ სიმამრს, პარლამენტარ რომანოზ ბჟალავას და თქვენს მეუღლეს, რომელმაც, როგორც ამბობენ, თქვენს ხარჯზე კარიერა აიწყო. რას გერჩოდნენ?
- ეს პირადი საკითხია და ამიტომაც უპასუხოდ დავტოვებ... სამართლიან სასამართლოს მივანდობ იმის გარკვევას, ვინ მისცა ჩემს წინააღმდეგ ცრუ ჩვენება და იმედია, ყველას საკადრისი მიეზღვება. მე მყავს შვილი და ჩემგან არ იქნება ლამაზი, ამაზე ვილაპარაკო... სამართალდამცველებს არ ჰქონდათ არანაირი უტყუარი მტკიცებულება იმ საქმეში, რაზეც დღეს სასჯელს ვიხდი. ჩემი დანაშაული არასწორად არის დაკვალიფიცირებული - მედავებიან ავტომობილის თაღლითურად გასხვისებაში, რომელიც არასდროს ყოფილა ჩემი. იცით, რატომ ვერ ჩამიდეს ნარკოტიკი ან იარაღი? მე დამაკავეს პარლამენტთან, არასამთავრობო ორგანიზაცია "შემოგვიერთდის" აქციაზე (პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ვითხოვდით) და მომისაჯეს 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. პატიმრობის ვადის გასვლამდე კი დაიწყეს ჩემი სისხლის სამართლებრივი დევნა, წამიყენეს შეთითხნილი ბრალდება...

- ვიცი, რომ ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუარესდა, დღეს როგორ ხარ?
- წელიწად-ნახევრის განმავლობაში მქონდა სიცხე. სეფსისის ნიშნები. იმხანად დეპარტამენტის მთავარი ექიმი იყო დავით ასათიანი, რომელიც ყოველთვის მიყალბებდა ანალიზებს, მეუბნებოდა, არაფერი გჭირსო. როდესაც ფეხზე ჩირქოვანი აპკები გამიჩნდა, ჩემი სისხლი სხვისი სახელით და გვარით გავიდა დაწესებულებიდან. ეს ყველაფერი დედაჩემმა სეფსისის ცენტრში გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ მქონდა უამრავი დაავადება. მხოლოდ არასამთავრობო სექტორის ჩარევის შემდეგ მოხერხდა დიაგნოზის დადგენა. ამასობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გამიუარესდა და მჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა, ჯერჯერობით დაავადების მხოლოდ დროებით შეჩერება მოხერხდა, სისტემატურად ვსვამ ანტიბიოტიკებს. ასე რომ, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ მომიწევს საავადმყოფოში დაწოლა და ჯეროვნად გამოკვლევა. დავით ასათიანი ის კაცია, ვინც არაერთი ნაცემი, ნაწამები, გაუპატიურებული პატიმარი გააფორმა საწოლიდან გადმოვარდნილად, ციროზით, გულის უკმარისობითა და აპენდიციტით გარდაცვლილად. ასათიანი არის ჩვეულებრივი ჯაშუში და კრიმინალი. დეპარტამენტს ყველა საავადმყოფოსთან ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი, გზავნიდა მსჯავრდადებულებს, უღებდნენ მათ ანალიზებს და რა დიაგნოზსაც ესენი კარნახობდნენ, ისინიც იმას უწერდნენ.

- მელორ, არჩევნებამდე როგორ გეპყრობოდნენ ციხეში?
- მე-17 დაწესებულებაში ხათუნა კალმახელიძის სტუმრობისას, ადმინისტრაციას ვითომ გამოკვლევებზე მივყავდი და რამდენიმე დღით მკეტავდნენ სააპელაციოს ე.წ. ფუქსებში, მკურნალიძეს, ჭაკუას ან კალმახელიძეს რომ არ შევხვედროდი და არ მეთქვა, ციხეში რა ხდებოდა. ასე გაგვატარებინეს წელიწადზე მეტი მე და ლევან გოგიჩაიშვილს სამარტოო საკნებში. მართალია, ფიზიკურად ვერ გვეხებოდნენ, მაგრამ სხვა ადამიანები გამოჰყავდათ და ჩვენს თვალწინ სჯიდნენ. იმედია, ამ ყველაფერს მიეცემა სამართლებრივი შეფასება. სხვათა შორის, ამ საქმეში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. ომბუდსმენის აპარატის რამდენიმე წარმომადგენლის, მათ შორის, ოთარ კვაჭაძის ნამუსზეა რამდენიმე ადამიანის სიკვდილი. პატიმრები წერდნენ საჩივრებს, ის ამ საჩივრებს უფროსის მაგიდაზე დებდა, საჩივრის ავტორს კი ლაშა ბრეგვაძე, მუხაძე, ლევან პაჭკორია, ავთო კენკებაშვილი თუ სხვები ცემით კლავდნენ. ადამიანი ვლპებოდი, ფეხიდან ხორცის ნაჭრები მცვიოდა და დანიელი (გვარი აღარ მახსოვს), სახალხო დამცველის აპარატიდან, წერდა, რომ წითელი წერტილები მქონდა სხეულზე... არავის დაესიზმრება, ისეთი წლები გამოვიარეთ ციხეში.

- აპირებ პროკურატურაში საჩივრის შეტანას შენს საქმესთან დაკავშირებით?
- გათავისუფლების შემდეგ მოვითხოვ ჩემი საქმის გადახედვას და არა მხოლოდ მოსამართლე კოჭლამაზაშვილის, არამედ ყველა ცრუ მოწმის დასჯას. არანაირი მატერიალური ანაზღაურება არ მჭირდება, ამ 4 წელიწადს მე ვერაფერი ამინაზღაურებს. სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტს, ვინ მისცა ცრუ ჩვენება ჩემს წინააღმდეგ და ვინ იმუშავა ჩემი საქმის "შეკერვაზე". მე-17 დაწესებულება სავსეა ბაჩო და დათა ახალაიების, მკურნალიძის და ჭაკუას ნაცემი და ასათიანის მიერ ანალიზების გაყალბების გამო დაავადებულ-დაუძლურებული პატიმრებით. მინდა წიკლაურებს, მინაშვილებსა და თუთბერიძეებს მივმართო: შეგრცხვეთ ბაჩო ახალაიას და მისნაირების პოლიტპატიმრად გამოცხადების გამო! ის, რომ ვითომ ბაჩო ახალაია ქურდულ სამყაროს ებრძოდა, არის დიდი ტყუილი და გარეთ გამოსვლის შემდეგ გაგაცნობთ, როგორ ფინანსდებოდნენ ისინი საეჭვო წყაროებიდან. მინდა ორი სიტყვა ვთქვა 51-კაციან მონიტორინგის ჯგუფზე, რომელიც ტუღუშმა მოასწრო და დაგვიტოვა. ეს ჯგუფი დასაშლელია, იქიდან მხოლოდ 6-7 ადამიანი მუშაობს სათანადოდ პატიმრებთან. აუცილებელია, ის კვალიფიციური უფლებადამცველებით დაკომპლექტდეს. ეს ხალხი ემსახურება რაღაც გარკვეულ მიზანს და შეაქვთ არეულობა, ცდილობენ, ხელი შეუშალონ პროცესებს.