საქართველოსა და რუსეთის წითელი ხაზები

საქართველოსა და რუსეთის წითელი ხაზები

რუსეთი საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადაა, ოღონდ არსებული გეოპოლიტიკური რეალობისა და იმ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რაც რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მიიღო, - განუცხადა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა გამოცემა ”კომერსანტს”. იმავე ინტერვიუში მედვედევი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსების ახალ თაობას ეკუთვნის და მის მიერ გადადგმული რეალური ნაბიჯები რუსეთსაც აინტერესებს.

საქართველოს შესახებ მოსაზრებებს რუსეთის პრემიერ-მინისტრის დმიტრი მედვედევის მიერ გამოცემა „კომერსანტისათვის“ მიცემული ვრცელი ინტერვიუს მცირე ნაწილი უკავია. კერძოდ, შეკითხვაზე, აპირებს თუ არა დმიტრი მედვედევი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, რუსეთის პრემიერ-მინისტრი პასუხობს:

 ” მე უკვე ვთქვი, რომ ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკებების მაგიდას არ მივუჯდები, მიხეილ სააკაშვილია. მან დაიწყო ომი და დანაშაული ჩაიდინა - დანაშაული, პირველ რიგში, ქართველი ხალხის და ასევე სხვა ხალხების წინააღმდეგ. მოქალაქეთა სიკვდილშიც იგია დამნაშავე. ახლანდელი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკოსთა ახალ თაობას ეკუთვნის და მის რეალურ ქმედებებსაც შევხედავთ”.

შემდეგ დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ საქართველოდან რუსეთში კონტაქტების აღდგენის სიგნალები მიდის, მაგრამ ჯერ არადიპლომატიურ დონეზე. აღნიშნავს რა, რომ დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ გაწყვიტა და არა რუსეთმა, დმიტრი მედვედევი აზუსტებს, რომ რუსეთი ყურადღებით მოეკიდება არსებულ სიგნალებს. აქვე იგი განმარტავს, რომ ცუდს ვერაფერს ხედავს საქართველოსთან ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენაში და კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ ხალხებს შორის კონტაქტები არსებობს, შენარჩუნებულია კულტურული კავშირები, ქვეყნებს შორის განახლდა საჰაერო მიმოსვლა და განახლდება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობაც. დაბოლოს, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ასახელებს საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების მთავარ პირობას -ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოებია.

არის თუ არა რუსეთის პრემიერ-მინისტრის დმიტრი მედვედევის ეს განცხადება სიგნალი, რომელსაც საქართველო რუსეთისგან ელოდა? - ამ შეკითხვით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანს ბაკურ კვაშილავას მივმართეთ.

 ”კი, რა თქმა უნდა, ეს შეგვიძლია შევაფასოთ როგორც სიგნალი და ეს სიგნალი ნიშნავს იმას, რომ არაფერი არ იცვლება, ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს ვინ არის ხელისუფლების სათავეშიო. ანუ რეალურად რასაც ამბობდა წინა ხელისუფლება, მართლდება. ანუ პრობლემა არის არა სააკაშვილში, ანუ პრობლემა არის საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ინტერესებში და ეს ინტერესები არის განსხვავებული. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან ცხადი სიგნალია, რომელიც გვეუბნება, რომ რუსეთის პოზიცია არის უცვლელი და ის არ არის მზად საქართველოსთან მოლაპარაკებებისთვის”.

საქართველო-რუსეთს შორის რთული საკითხების მოგვარებაზე, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორ ქვეყანას შორის კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის შემდეგ ივარაუდა. ამის შესახებ მან განაცხადა 1 ნოემბერს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, ზურაბ აბაშიძის წარდგენისას. სიტუაცია საკმაოდ მძიმეა და საქართველოს მთავრობის ამოცანა ჯერ ურთიერთობების დარეგულირებაა, შემდეგ კი ”ახალ ხარისხში” აყვანაო, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. შედარებით კონკრეტული იყო იგი 22 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე, როდესაც, ერთი მხრივ, რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების იმედი, მეორე მხრივ კი, იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საპასუხოდ მოსკოვს ნაბიჯები არ გადაუდგამს. რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხს, პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კურსისადმი ერთგულება გამოხატა და დააზუსტა, რომ ეს კურსი არაფერში არ გაიცვლება:

” მე ვფიქრობ, რუსეთთანაც რომ ეს პროცესები მყისიერად დაიწყოს და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ხვალ-ზეგ მოლაპარაკებები შედგეს, არ არის მარტივი პროცესი და ხანგრძლივი პროცესია. რას მივანიჭებთ თითოეულს, აფხაზეთსა თუ ოსეთს, როგორი სახელი ერქმევა და რა პირობებში მოხდება ჩვენი შემორიგება, ამაზე ლაპარაკი ცოტა ნაადრევია. მე მგონი, ამას დრო დასჭირდება. პირველ ეტაპზე, რასაც ჩვენ ვცდილობთ, ვაჩვენოთ მათ, რომ სხვა ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში”.

ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე ელენე ხოშტარია კი ფიქრობს, რომ დმიტრი მედვედევის განცხადების შესაფასებლად უნდა გავითვალისწინოთ ვითარება, რომელშიც ომის შემდგომი საქართველო და რუსეთი იმყოფებიან:

”ახლა, ფაქტობრივად, რუსეთიც და ჩვენც ვართ იმ პოზიციაში, რომ სანამ დავილაპარაკებთ, ვამყარებთ, ვამაგრებთ თუ ვაფიქსირებთ ჩვენს სამომლაპარაკებლო საწყის პოზიციებს, ვემზადებით შესაძლო ლაპარაკისთვის. ამ პირობებში ორივე მხარე, როდესაც ეგეთი მზადება მიდის, განსაზღვრავს, რაზე შეიძლება ვივაჭროთ, რაზე შეიძლება არ ვივაჭროთ. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, განვსაზღვრეთ, რომ ჩვენი წითელი ხაზი არის ნატოში ინტეგრაცია და ტერიტორიული მთლიანობა და მათგან, სამწუხაროდ, ამის შემდეგ მოდის ისევ და ისევ ძალიან ხისტი პოზიცია: თქვენი წითელი ხაზები ჩვენთვის არის მიუღებელიო”.

ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ საქართველომ რუსეთიდან ამ ეტაპზე ცუდი, მაგრამ არა დრამატული სიგნალი მიიღო და, შესაბამისად, მორიგ ნაბიჯებს უნდა დაველოდოთ.