"არჩევნები დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ტელევიზიებო" - დაახლოებით ასეთი სიტუაციაა ქართულ ტელესივრცეში. ძველ ახალ ამბებს აღარ მოვყვებით, სულ ცინცხალი სიახლეებით დავიწყებთ...
კრიალოსნის მარცვლა იქიდან დავიწყოთ, რასაც "ნაცხელისუფლების" დროს ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ ნახავდნენ "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" მიშაკალთაგადაფარებული ტელევიზიები, ყველაფერი ახლა დაემართათ - ფინანსური პოლიცია და შემოსავლების სამსახური ამ ტელეკომპანიების გასული წლების შემოსავლებს შეისწავლიან. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს, რომელსაც ხელში ჩაუვარდა ოფიციალური დოკუმენტები, სადაც 20 ნოემბერს სამინისტროში გამართული სხდომის შედეგებია ასახული.
თუმცა, თავად ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, ტელეკომპანიებში შესვლა არ იგეგმება.
"ყოველწლიურად "რუსთავი 2"-ს აჭრიდა ყოფილი მთავრობა გადასახადებს, რომლებიც მას უნდა გადაეხადა. საუბარია იმაზე, რომ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რატომ არ იხდიდა ტელეკომპანია "რუსთავი 2" გადასახადებს. იგეგმება იმ მასალის შემოწმება, რომელიც ჩვენს ხელთაა. ჩვენს ხელთ არის განკარგულებები, რომლითაც 2004, 2006, 2012 წლებში ათეულობით მილიონი ლარი ეპატია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, მაშინ, როცა ტელეკომპანია "კავკასიას" 2 ლარის გამო დაედო ინკასო", - თქვა ხადურმა და დასძინა, რომ მასალები პროკურატურას გადაეგზავნებაო. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, არა მგონია, "ნაცარხს" კარგი დღე დაადგეს. ეს ერთი ახალი ამბავი... გავაგრძელოთ კრიალოსნის მარცვლა, რომელსაც, წესით, უკვე აჯაფსანდალიც უნდა ერქვას, ისე აიბურდა ყველაფერი, ისეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება, რომ აქ აჯაფსანდალი მსუბუქი შეფასებაა.
28 ნოემბერს, ტელევიზიებთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი განცხადებით, "მეცხრე არხი" არ დაიხურება. ივანიშვილის თქმით და რეალურადაც ასეა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლისა და "მეცხრე არხის" შესახებ რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენციაზე მისმა განცხადებამ. ივანიშვილის აზრით, "ეს ოპონენტებმა სათავისოდ გადათარგმნეს და ამიტომაც ივანიშვილს პოზიცია შეუცვლია (ასე თქვა თავად ბატონმა ბიძინამ) და გადაწყვეტილება მიიღო, რომ "მეცხრე არხი" არ შეუერთდება საზოგადოებრივ მაუწყებელს. "მეცხრე არხი" დარჩება, მაგრამ არ იქნება ის კავშირი ჩემს ოჯახთან, რაც მე მაწუხებს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ბორდი შეიკრიბება, ვისაც გადაეცემა მართვა და ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ არ დარჩეს კითხვები იმის თაობაზე, რომ ჩვენგან იმართება ეს მედიასაშუალება", - განაცხადა ივანიშვილმა. და კიდევ ერთი, არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია, რომელიც ასევე ოთხშაბათს, 28 ნოემბერს გავრცელდა - საინფორმაციო სააგენტო "ინფო-9"-ში შტატების შემცირება დაიწყო და უფრო მეტიც, საუბარია იმაზეც, რომ ეს სააგენტო დაიხურება.
სოციალურ ქსელებში გაჩნდა "ინფო 9"-ის უკვე ყოფილი თანამშრომლების პოსტები, სადაც ისინი სამსახურიდან განთავისუფლებაზე წერენ. "ფეისბუქში" დატოვებული კომენტარებით ირკვევა ისიც, რომ ჟურნალისტებმა წინასწარ იცოდნენ, რომ თურმე, საინფორმაციო სააგენტო მხოლოდ დეკემბრამდე იარსებებდა. "მაშინ როცა სამშობლოს თანადგომა სჭირდებოდა, უკან არც ერთ ჩვენგან არ დაგვიხევია. მიუხედავად იმისა, რომ ხელს გვიშლიდნენ და გვემუქრებოდნენ! "ინფო 9"-ის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დამდგარიყო", - წერენ ჟურნალისტები.
ახლა თანმიმდევრობით მივყვეთ და ამ ინფოების მოქმედ, ან ადრესატ პირებთან გავარკვიოთ დეტალები... საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პირველ განცხადებას ("მეცხრე არხისა" და მაუწყებლის შერწყმის, მეორე ვარიანტში კი, ივანიშვილის მეუღლის ტელევიზიის მხრიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკურ მხარდაჭერას რაც ეხებოდა) მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე მაშინვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესაძლოა (დახმარების მიმართულებით), ეს საკითხი განხილვის საგანი გახდესო. მერე, ასეთი ალბათობა მაუწყებლის ხელმძღვანელობამ გამორიცხა. საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს გახელაძე ახლა, როცა ივანიშვილმა ის პირველი შეთავაზება გადაიფიქრა?
"ალია" კომენტარისთვის ლევან გახელაძეს დაუკავშირდა, რომელიც, ცოტა არ იყოს, დაბნეული დაგვხვდა:
- თუ მეხსიერება არ მღალატობს, ხუთშაბათს (22 ნოემბერს. - თ.ო) გააკეთა პრემიერმა ის პირველი განცხადება. სიმართლე გითხრათ, ის ცოტა ბუნდოვანი იყო, მაგრამ ჩვენ ისე აღვიქვით, რომ საუბარი იყო ტექნიკურ დახმარებაზე, იმ შემთხვევაში, თუ "მე9 არხის" თანამშრომლების ნაწილი შტატში უნდა აგვეყვანა, კიდევ ვამბობ, თუ სწორად გავიგეთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იქ ცოტა ბუნდოვანება იყო. ამას მოჰყვა ჩემი განცხადება, რომ, თუ უფრო მეტი კონკრეტიკა იქნებოდა, ეს საკითხი განხილვადი იქნებოდა, მე ვგულისხმობდი სამეურვეო საბჭოს. მაგრამ დაკონკრეტება არ შემოსულა და ამის შემდეგ გაკეთდა ეს განცხადება, რაც თქვენ გამაცანით...
- და ამის გამო თქვენ შვებით ამოისუნთქეთ?
- მე გაგახსენებთ ჩვენს განცხადებას, თუ სწორად იქნა მაშინ მისი წინადადება გაგებული, ჩვენ დავსვით კითხვა, არსებული კანონმდებლობით, როგორ შეიძლებოდა ეს გაკეთებულიყო. ჩვენ დღევანდელ საკანონმდებლო ველში განვიხილავდით პრემიერის შემოთავაზებების ნაწილს, თუმცა ყველას ვერ განვიხილავდით, გამორიცხული იყო. იქ საუბარი იყო წინასწარ 20 წლით ადრე თანხის გადახდაზე, მოქმედი კანონმდებლობა უკრძალავს მაუწყებელს ზომაზე მეტი შემოწირულობის მიღებას, რადგანაც მისი დაფინანსების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტიდან უფრო მეტად უნდა იყოს, ამაზე მეტის მიღება შეუძლებელია... დღეს კი, პრემიერმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ გარკვეული ანგარიში უნდა გაუწიოს არასამთავრობო სექტორს. თუმცა, ვიმეორებ, ჩვენ მზად ვიყავით, მისი წინადადება ნაწილობრივ განგვეხილა კანონის ფარგლებში, რადგანაც კანონს, ცხადია, ვერ გადავუხვევთ, მაგრამ დღეს თავად ივანიშვილმა მოხსნა საკითხი. სიმართლე გითხრათ, როგორც მოულოდნელი იყო შემოთავაზება, ისე მოულოდნელი იყო საკითხის მოხსნაც.
"ალია" ამის შემდეგ უკვე "ინფო 9"-ის ბედით დაინტერესდა და კომენტარისთვის ლუბა ელიაშვილს დაუკავშირდა. აქვე გეტყვით, რომ გავცრელდა ინფორმაცია, რომ ეკატერინე ხვედელიძის ტელეკომპანია "მეცხრე არხის" მენეჯმენტში სერიოზული ცვლილებებია. ლუბა ელიაშვილი, რომელიც არაფორმალურად "ინფო 9"-საც ხელმძღვანელობდა, ცოტა ხნის წინ "მეცხრე არხის" გენერალური დირექტორის კახა ბექაურის მოადგილედ დაინიშნა. 28 ნოემბერს კი ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბექაურმა თანამდებობა დატოვა და მისი ადგილი ელიაშვილმა დაიკავა. მოკლედ, "ინფო 9"-ში და "მეცხრე არხზე" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, "ალია" სწორედ ლუბა ელიაშვილს ესაუბრა:
- თავიდანვე გეტყვით, რომ "ინფო 9" დარჩება და იარსებებს, თან აუცილებლად. არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ არის, ოღონდ შემცირდება რაღაც-რაღაც კორპუნქტები, თუმცა ბევრი საინტერესო პროექტი აქვთ ჟურნალისტებს და ამ პროექტებს არასამთავრობო სექტროს შესთავაზებენ, რა თქმა უნდა, დონორებისგან ფინანსების მოსაზიდად. ანუ, "ინფო 9" არ დაიხურება არავითარ შემთხვევაში.
- ეს გასაგებია, მაგრამ ჟურნალისტების მასიურ განთავისუფლებაზე რას იტყვით?
- "ინფო 9"-ს ცოტა მეტი გათვლა ჰქონდა შემოსავალზე, ვიდრე გვეგონა, მაგრამ დანამდვილებით გეტყვით, რომ ამ ჟურნალისტებისთვისაც მალე იქნება საჰონორარო ანაზღაურება.
- ანუ შტატგარეშედ გადაიყვანთ?
- კი, ასეა.
- ცნობილი გახდა, რომ "მე-9 არხის" ხელმძღვანელი კახა ბექაური დაკავებული თანამდებობიდან გაუშვეს, რატომ?
- არ არის ეს სწორი! დღეს კახა ბექაური სამსახურშია და მუშაობს, მე მისი მოადგილე ვარ და ამ ამბავს არ ვადასტურებ.
- ანუ, ეს ინფორმაცია ჭორია?
- ნამდვილად ჭორია, ამ კონკრეტულ ეტაპზე! მე მთელი დღის განმავლობაში ვმუშაობ კახასთან ერთად და არაფერი მსგავსი აქ არ ხდება.
- არაფერი არ შეცვლილა თქვენთან?
- მე სამსახურში ვარ და ვერავითარ ცვლილებას ვერ ვხედავ...
ამ ლაპარაკში ვიყავით, როცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია სააგენტო "პირველმაც" გაავრცელა - "მე-9 არხის" გენერალური დირექტორი კახა ბექაური თანამდებობას ტოვებს და მის ადგილს ლუბა ელიაშვილი დაიკავებს. ამის შესახებ სააგენტოს "მე-9 არხის" ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება არხის სარედაქციო პოლიტიკით უკმაყოფილებამ გამოიწვია. ბექაურთან ერთად, ტელეკომპანია შესაძლოა, რამდენიმე წამყვანმა სახემაც დატოვოსო"... ელიაშვილის საუბარზე ერთი რამ შეიძლება ვთქვათ, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. თუმცა, რა ხდება რეალურად ამ არხზე, მალე გამოჩნდება.