„ლეიბორისტების მაგიდასთან მსხდომი პარტიების დიდმა ნაწილმა, შესაძლოა, ცალკე პოლიტიკური თამაში დაიწყონ“

„ლეიბორისტების მაგიდასთან მსხდომი პარტიების დიდმა ნაწილმა, შესაძლოა, ცალკე პოლიტიკური თამაში დაიწყონ“

საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით დაწყებული რამდენიმეთვიანი ოპოზიციური პროტესტი დასრულებულია. 2020-ის არჩევნების ფორმატის შესახებ პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია. თუმცა ოპოზიცია მაინც დაკნინებულად აფასებს ამ შეთანხმების მნიშვნელობას ქვეყნისთვის და გუბაზ სანიკიძის პირით აცხადებს, რომ ეს არ არის ისტორიული გამარჯვება, ან ისტორიული მოვლენა, ისტორიული გარღვევა იყო დიდგორის ბრძოლა ჩვენს ისტორიაში, ეს კი არის ურთიერთდათმობა ორივე მხრიდან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან.

რა პროცესები მოჰყვება ამ შეთანხმებას ქვეყნის შიგნით და გარეთ, ამის შესახენ For.ge-ს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა.

ეს იყო დათმობა ხელისუფლების მხრიდან, თუ ოპოზიციის მხრიდანაც, რადგან სრული პროპორციული არჩევნები იყო მათი მოთხოვნა, რასაც ისინი ამ ეტაპზე შეელივნენ?

- რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას, ორივე მხარეს მოუწია კომპრომისზე წასვლა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორ განცხადებას მოეწერა ხელი, ეს არ იყო მთლად სწორი მიდგომა. ჩვენს საერთაშორისო მედიატორებს, ალბათ, უნდა ეზრუნათ იმაზე და უნდა გაეთვალისწინებინათ, რა მოჰყვებოდა ამ თუნდაც უწყინარ და ზოგად ჩანაწერს, რაც გაკეთდა მეორე განცხადებაში, რომელიც ეხებოდა მართლმსაჯულების პოლიტიზაციის დაუშვებლობას და ა.შ. ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ შესაძლოა, ამ მეორე განცხადებამ ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დააყენოს მთავარი შეთანხმების მიღწევა. ვინ მეტი მიიღო და ვინ ნაკლები, ფაქტია, ორივე მხარეს მოუწია კომპრომისზე წასვლა, ამიტომაც იყვნენ საქმეში ჩართულნი მედიატორები, მათ აიძულეს როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, დაეთმოთ.

თუკი წმინდა საარჩევნო ტექნოლოგიების მიხედვით შევხედავთ, ხვალ რომ არჩევნები 120/30-ზე საარჩევნო სისტემით, 1%-იანი ბარიერითა და 40%-იანი ჩამკეტით ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ უპირატესობით მოიგებდა არჩევნებს, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ თეორიაშია და უნდა აისახოს საკონსტიტუციო ცვლილებებში. თუ ამან ვერ მოაგროვა პარლამენტში საკმარისი ხმა და ჯერჯერობით ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა (რადგან ოპოზიცია აცხადებს, პოლიტპატიმრებს თუ არ გაუშვებთ, ჩვენ ამ შეთანხმებას ხმას არ მივცემთო), მაშინ გაურკვეველია, საპარლამენტო უმრავლესობა მოაგროვებს თუ არა იმ სანუკვარ 113 ხმას. მათ აღარ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, დამოუკიდებელი დეპუტატები რას იზამენ, ეს ცალკე საკითხია. ამიტომ ჯერჯერობით ნაადრევია ზეიმი და ბუკ-ნაღარის შემოკვრა, რომ ყველაფერი მოგვარდა.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამ საარჩევნო პირობებიდან გამომდინარე, საარჩევნო უპირატესობა მაინც ხელისუფლებას ეძლევა, ხომ არ ფიქრობთ, რომ ე.წ. ქუჩის ოპოზიციას დიდად არც სურდა, დათმობაზე წასულიყო ხელისუფლება და მათ დესტრუქცია უფრო იზიდავდათ. ხომ შეიძლება, მათი პრეტენზიები არც არასდროს დასრულდეს და ყოველთვის რაღაც ჰქონდეთ სათქმელად იმისთვის, რომ საბოლოოდ განავითარონ რევოლუციური სცენარი?

- რევოლუციური სცენარი მათ შეიძლება უნდოდეთ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ავანტიურისტების გარდა ოპოზიციაში, ალბათ, არიან ცოტა პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანებიც, რომელთაც იციან, რომ რევოლუციური სცენარი დღევანდელ პირობებში არ გამოუვათ. ჯერ ერთი, საზოგადოებას არ უნდა ახალი რევოლუცია, საზოგადოებას არ უნდა მხარი დაუჭიროს იმ რევოლუციას, რომლის ავანგარდშიც იქნებიან „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები, რადგან იციან, რომ ეს ავტომატურად ნიშნავს სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნებას. არა მგონია, დღეს ისეთი მდგომარეობა გვქონდეს, ხელისუფლების ყველა სტრუქტურა ისე მოეშვას, რომ წინასარევოლუციო პირობები შეიქმნას, როგორც ეს 2003-ში იყო. ამის მიუხედავად, ალბათ, ხედავთ, როგორ ცდილობს ოპოზიცია, მის მიერ კონტროლირებადი მედიასაშაულებები, მისი სატელიტი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ე.წ. საზოგადოებრივი აზრის ლიდერები, როგორც მათ უწოდებენ, საზოგადოებაში ისეთი განცდა შექმნან, თითქოს ხელისუფლება უკან იხევს, ხელისუფლება სუსტდება, ცოტაც კიდევ მივაწვეთ და ყველაფერი რიგზე იქნება. ამით უნდათ, თავად სახელისუფლებო წრეებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, ბიუროკრატიულ აპარატში დასაქმებულ მოხელეებში გააჩინონ განცდა, რომ ამ ხელისუფლების მხარდაჭერა არ ღირს და ისევ ჩვენ დაგვიჭირეთ მხარი, როგორც ეს გააკეთეს 2003 წელს. მოგეხსენებათ, 2003 წლის რევოლუცია არ მომხდარა ერთ დღეს, ანუ 23 ნოემბერს, თანდათანობით მზადდებოდა, ხალხის გადაბირება ხდებოდა ყველა სტრუქტურაში და, რომ მომწიფდა სიტუაცია, რევოლუცია ამის შემდეგ განხორციელდა. ახლაც დაახლოებით რაღაც ასეთი მოძრაობები მიმდინარეობს, მაგრამ ვფიქრობ, დღეს მაინც არ გვაქვს ისეთი სიტუაცია, რაც მაშინ.

თუ ოპოზიციამ მაინც გადაწყვიტა, ეს შეთანხმება ჩაშალოს, მაშინ მას მოუწევს პასუხის გაცემა, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ისე საზოგადოებისთვის. ის გამოვა არაკონსტრუქციული ძალა, რომ ოთხი ადამიანის ციხეში ყოფნა-არყოფნას შესწირა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი, როგორიცაა არჩევნები. უფრო მეტი რამ დევს სასწორზე, ვიდრე ე.წ. პოლიტპატიმრების გამოშვებაა.

ცნობილი ხდება, რომ ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული რეზოლუცია მზადდება. კიდევ რა უნდა დათმოს ამ ხელისუფლებამ, რომ ამდენი კრიტიკული რეზოლუციები და წერილები არ დახვავდეს.

- გასაგებია, რატომაც მზადდება ეს რეზოლუცია, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი რიგი მიზეზების გამო, სათანადოდ ვერ მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, კონგრესი იქნება, თუ ევროპარლამენტი. იქ პოზიციები დაპყრობილი აქვთ „ნაცმოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ და მათ სატელიტებს. შეიძლება, მკითხველმა არ იცის, მაგრამ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ საერთაშორისო ურთიერთობებზე, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ასევე, ჩართულნი არიან ამ ფერხულში. მათი ხმაც ემატება იმ ხმებს, რაც ისმის ოპოზიციიდან. ამიტომაცაა, რომ ასეთი საინფორმაციო ფსიქოლოგიური ფონი იქმნება ევროპასა და ამერიკაში და ეს ფონი განაპირობებს განწყობას, რომელიც მერე აისახება რეზოლუციებში. სამწუხაროდ, ეს ალბათ გაგრძელდება გარკვეულ ხანს. ამით ზიანდება როგორც „ქართული ოცნება“, ანუ მმართველი პარტია, ისე - სახელმწიფოც.

როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ლობისტებმა დიდად ვერ შეცვალეს განწყობა დასავლეთში.

- ლობისტები რას აკეთებენ, ამ ინფორმაციაზე წვდომა არ მაქვს. ლობისტური ფირმები კი დაიქირავეს, მაგრამ ეს ლობისტური ფირმებიც მუშაობენ მხოლოდ აშშ-ში. თანაც, მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ხომ არ არის საქმე? არის, ასევე, ევროკავშირი, სადაც ძალიან ბევრი სტრუქტურაა, ევროპულ ორგანიზაციებში შესაბამის ადამიანებთან მუშაობაა საჭირო. თუ იმ მოცემულობით ვიმსჯელებთ, რომ კრიტიუკული რეზოლუცია მზადდება და კრიტიკული წერილები მოიწერეს ევროპარლამენტარებმა, სადაც ზუსტად იგივე ტექსტია, რაც სენატორებისა და კონგრესმენების ტექსტში იკითხებოდა, წერილის შინაარსიდან და პათოსიდან გამომდინარე, ჩემთვის სრულიად ნათელია, ვისი ნამუშევარია ეს.

ხელისუფლება საერთაშორისო მიმართულებით, როგორც ჩანს, კარგად ვერ მუშაობს, მაგრამ ქვეყნის შიგნით რამდენად სწორ სვლებს აკეთებს „ქართული ოცნება“ ოპონენტების გაუვნებელყოფის თვალსაზრისით? ალბათ, არის ასეთი გეგმა „ქართულ ოცნებაში“, რომ თუნდაც 1%-იანი ბარიერიდან გამომდინარე, ოპოზიცია დაიქსაქსოს და ლეიბორისტების მაგიდასთან თავყრილობამ აზრი დაკარგოს?

- როგორც იტყვიან, შუბი ხალთაში დიდხანს არ დაიმალება. ლეიბორისტების ოფისში შეკრებილ ოპოზიციურ პარტიებში დიდი ერთსულოვნება მაინცდამაინც არ ყოფილა. მათ შორის იყო უთანხმოებები, რომლებიც პერიოდულად გამოდიოდა გარეთ. იყო კიდევ რიგი უთანხმოებები, რომლებიც არ გამოჰქონდათ გარეთ. ამ 1%-იანი ბარიერის შემოღებით კიდევ უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ პატარ-პატარა პარტიებს, გაემიჯნონ ოპოზიციურ ერთობას, სადაც ყველასთვის გასაგებია, რომ მთავარ როლს ასრულებენ „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. მათთან ერთად ყოფნა პატარა ოპოზიციურ პარტიებს ამომრჩეველს აკარგვინებს. შესაბამისად, პოლიტიკურად მათთვის უფრო მომგებიანია, ისევ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება აწარმოონ, საერთო გზები გამონახონ, ერთი ან ორი მანდატი მაინც მიიღონ პარლამენტში, ვიდრე იყვნენ ოპოზიციასთან. თანაც, არავინ იცის, რას შესთავაზებენ მათ ოპოზიციურ ერთობაში. შეიძლება, ისეც მოხდეს, საერთოდ მოატყუონ ისინი და პარლამენტს გარეთ დატოვონ. აქ წმინდა პრაგმატული წინასაარჩევნო გათვლებია. დღეს ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, რომელი პარტია რა გზას აირჩევს, მაგრამ ვვარაუდობ, ანგარიშგასაწევი რაოდენობა იმ პარტიებისა, რომლებიც ლეიბორისტების მაგიდასთან სხედან, შესაძლოა, წავიდნენ და ცალკე პოლიტიკური თამაში დაიწყონ.

ზურაბი ნაცებმა თავიდანვე გაკვალეს ფულის მიტანა ამერიკაში და ევროპაში ზუსტად ადრესატებამდე,აწი ძნელია მათ შეეჯიბრო ამ ამბავშვი, მაშინ თუ ბიუჯეტის ფული მიჰქონდათ, ამჯერად სახელმწიფოდან გატანილი ფულით უზრუნველყოფენ,თავისი ხალხის ფინანსურ უზრუნველყოფას.ძნელია მათი ჩანაცვლება. საჯაროობაა იმის წამალი,თუ რას წარმოადგენს ე,წ. ოპოზიცია და რა აქვთ მათ ჩადენილი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე.
3 თვის უკან
Aburjga Tasmanieli მაგის წამალი არის მტკიცე ხასიათის, სამართლიანი, ქართული სულის პატრონი, არა ხარბი, არ ლიბერალი, სამშობლოს, დედის და მამის პატივისმცემელი ქართველი სახელმწიფოს მეთაური!
3 თვის უკან
trampi ტასმანიელი

მასეთ კაცს მანდ არავინ მიუშვებს.....
მეც ვნატრობ მასეთ კაცს......................... მაგრამ ............???
3 თვის უკან