კასტინგი გამოცხადებულია - „ოცნებაში“ ადამიანებს ელიან, რომელთაც საერთაშორისო დონეზე კავშირების გაბმის რესურსები ექნებათ

კასტინგი გამოცხადებულია - „ოცნებაში“ ადამიანებს ელიან, რომელთაც საერთაშორისო დონეზე კავშირების გაბმის რესურსები ექნებათ

„ქართული ოცნება“ ახალი სახეების მუდმივ ძიებაშია. ამჯერად 20-25 ახალი კადრია მოსაძებნი, რომელსაც 2020 არჩევნებისთვის წარადგენენ. ეს იქნება ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც გუნდის განახლებისთვისაა საჭირო. მმართველმა გუნდმა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო გუნდის განახლებაზე მუშაობა. ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე უცნობია, სად მოძებნიან სასურველ კანდიდატებს - სამეცნიერო წრეებში, ექსპერტობით დაკავებულ აუდიტორიაში, ინგლისურის მცოდნეებში, საერთაშორისო კავშირების მქონეებში, პარლამენტისთვის შეუფერებელ პროფესიებში (სპორტსმენებში, მსახიობებში), თუ უბრალოდ, ერთგულებში?

რას უნდა მიაქციოს ყურადღება „ქართულმა ოცნებამ“ -ადრინდელივით ცნობად სახეებს (ექიმებს, მსახიობებს, სპორტსმენებს), თუ უცნობ პროფესიონალებს? რატომ წყდება ეს საკითხი ყველაზე მარტივად საქართველოში, განსხვავებით ცივილიზებული ქვეყნებისგან, სადაც კანდიდატურების შერჩევისას ლამის პრაიმერები ტარდება.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ერთხელ უკვე განახორციელა საკუთარი შემადგენლობისა და ხელმძღვანელობის განახლება და 2016 წლის არჩევნების წინ თითქმის მთლიანად განახლდა პოლიტსაბჭო. ახალი სახეები შევიდნენ „ოცნებაში“, მაგრამ ახლა მთავარი კითხვაა, სად არიან ეს ახალი სახეები?!

„გასაგებია, „ქართულ ოცნებას“ სხვა გამოსავალი არ აქვს, მან ახალი სახეები უნდა წარადგინოს, რადგან არჩევნებში ისევ იმ სახეებით რომ წარდგეს, რა სახეებითაც წინა წლებში იყო წარმოდგენილი, ძნელი იქნება ამომრჩევლის სიმპათიების მოპოვება და ელექტორალური რესურსის თავის მხარეზე გადაზიდვა. თუმცა რა პრინციპით შეარჩევენ ახალ სახეებს, ამაზე საუბარი რთულია. მაგალითად, მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნებისას კანდიდატად შეარჩიეს ლადო კახაძე, ცნობადი ადამიანი, ცნობილი ექიმი, საზოგადოებისთვის მისაღები ფიგურა და მას ზედმეტი წარდგენა არ სჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, დღესაც, სავარაუდოდ, შეარჩევენ ისეთ ადამიანებს, რომელთაც საზოგადოებაში გარკვეული ცნობადობა ექნებათ, მაგრამ ეს უნდა იყოს პოზიტიური ცნობადობა. ჩვენთან არის ხალხი, რომელთაც მაღალი ცნობადობა აქვს, თუნდაც იმავე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს, მაგრამ ეს ნეგატიური ცნობადობაა, ნეგატიური კუთხით ახსოვს ისინი საზოგადოებას. უნდა შეირჩეს ისეთი ხალხი, რომელთაც შედარებით სუფთა ბიოგრაფია, პოზიტიური იმიჯი აქვთ, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში კითხვები არ არსებობს; გარდა ამისა, მათ უნდა შეეძლოთ საკანონმდებლო მუშაობა და, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, მათ შორის უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც ექნებათ იმის უნარი და რესურსები, საერთაშორისო დონეზე კავშირები გააბან“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ ახალი სახეების წარდგენას მიესალმება. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ ეს უპირატესობაა, თუკი პარტია განვითარებაზე ფიქრობს და განახლების ინსტრუმენტები და მექანიზმები აქვს, მაგრამ კონკრეტულად ვინ იქნებიან ეს სახეები, ზუსტად ეს არის საინტერესო.

ანალიტიკოსის განმარტებით, პარლამენტარმა, პირველ რიგში, ნდობის მანდატი უნდა მოიპოვოს, რადგან დეპუტატი არის ადამიანი, რომელსაც მოქალაქე საკუთარ ბედს ანდობს, მას საუკეთესოდ უნდა შეეძლოს ადამიანების ინტერესების დაცვა, რადგან უბრალო მოქალაქეს იმის დრო არ აქვს, კანონებზე იფიქროს და კენჭისყრებსა და დებატებში მიიღოს მონაწილეობა.

„წარმომადგენლობითი დემოკრატია ეს არის. პარლამენტარი ჩემი წარმომადგენელია და აქ რაიმე პროფესიას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ მთავარია ნდობა. ვისაც მეტად ვენდობი, მას ვაძლევ ხმას. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორია პროფესიონალიზმიც, ანუ პარლამენტარს რაღაც პროფესია უნდა ჰქონდეს. თუ არანაირი პროფესია არ აქვს, წერა-კითხვა არ იცის, ჩემს ინტერესებს როგორ დაიცავს? საერთოდ, ქართული დემოკრატიის ფუნდამენტური პრობლემაა, თუ როგორ ხდება კანდიდატების შერჩევა საქართველოში და ვინ არჩევს ამ კანდიდატებს. ამ საქმეში ხალხი არ მონაწილეობს. მაგალითად, ამერიკაში პრაიმერი ტარდება და, სანამ პარტია კანდიდატს დაასახელებს, მსჯელობა მიმდინარეობს და ხალხი ჩართულია. არა მარტო საპრეზიდენტო კანდიდატის, არამედ კონგრესის არჩევნებშიც, წარმომადგენლობითი პალატის არჩევნებშიც ასეა. ახლაც ამერიკაში საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს და ამის გამო კონფერენციები ტარდება ყველა შტატში. მერე დიდი კონვენტი იმართება ეროვნულ დონეზე“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისივე თქმით, ჩვენთან ეს დაკეტილი პროცესია, ეს პროცესი ინკლუზიური არ არის და ექსკლუზიურია. „ნაცებს“, ალბათ, მიშა არჩევს, ხოლო „ქოცებს“- ბიძინა. ამ პარტიებმა კი, ამდენი რომ გადაგვჭამეს ტვინი დემოკრატიაზე საუბრით, ის ვერ მოახერხეს, თავად ჰქონდეთ ინკლუზიური პროცესი კანდიდატების შერჩევისას. ანალიტიკოსის განმარტებით, მოჩვენებითად, კობა დავითაშვილსაც უნდოდა პრაიმერების ჩატარება, მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც ისეთი ფორმით უნდა ჩატარებულიყო, რაც იმთავითვე სპექტაკლის სახეს იღებდა.

„მოკლედ, „ნა ვერტილეს“ ამბავი იყო. ახლაც დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ისევ ექსკლუზიური, დახურული პროცესი. ისიც კი არ ვიცით, ვინ შეარჩევს ამ კანდიდატებს. ამ შემთხვევაში, ერთნაირად არადემოკრატიულია, როგორც „ნაცნოძრაობა“, ისე „ქართული ოცნება“. ეს არის შიდა პარტიული სამზარეული, რომელიც არ ხმაურდება“.

 

Katana . კი, "ქართული ოცნება" სულ ახალი სახეების ძიებაში იქნება და მაინც ვერავის დაინახავს, თავისი ახლობლების გარდა!!!

აი, ამ წუთში, სკამიდან აუდგომლად, ჩამოვუთვლი რამდენიმე კანდიდატს, რომელთაც მხოლოდ ამ საიტიდან ვიცნობ - ზოგს, როგორც ავტორს, ზოგსაც, როგორ იუზერს და დარწმუნებული ვარ, რომ იქნებიან საუკეთესო დეპუტატები - კომპეტენტურები, პრინციპულები და პატრიოტები!(თანმიმდევრობას არა აქვს მნიშვნელობა, ამიტომ არ ვნომრავ):

. ლ ა მ ე (ვინაობა თვითონ დააგინონ!)
. იერემია (ზურაბ დათუაშვილი)
. ირაკლი გოგავა
. ზვიად ტომარაძე
. მამუკა არეშიძე
. ზაალ ანჯაფარიძე
. დიმიტრი ლორთქიფანიძე
. სოფო ხორგუანი
. სოსო მანჯავიძე
. ვახტანგ მაისაია
. ნანა დევდარიანი
. . . . . . . . . .
3 თვის უკან
Maverick ქოც პარტია "სასურველ კანდიდატებს სამეცნიერო წრეებში, ექსპერტობით დაკავებულ აუდიტორიაში, ინგლისურის მცოდნეებში, საერთაშორისო კავშირების მქონეებში, პარლამენტისთვის შეუფერებელ (?!) პროფესიებში (სპორტსმენებში, მსახიობებში), (თუ) უბრალოდ, ერთგულებში, ცნობად სახეებში, თუ უცნობ პროფესიონალებში ეძებს".
1. თუკი მასეთი ვინმე არსებობს, პარლამენტში მყოფი წვერებიანი, არაქართულად მოაზროვნე, 0 და 1%-ნი პარტიების გენიოსა "დეპუტატების", ოცნების შეფარებული ლიბერასტების, "დიადი" კონსტუტუციონალების, არაპოპულარული, პარლამენტის წევრობით პრივილეგიებსა და ხელფასებს დახარბებული ძველი სახეების, ცოცხალმკვდარი ქუჩა-ქუჩა მორბენალი ნაცბოზბადის, პარლამენტარის იმუნიტეტს ამოფარებული კრიმინალების საყურებლად და მოსაცდენად ვერავის შეიტყუებთ, თანაც ამ 25%-მა როგორ წარმართოს ქართული სახელმწიფოსათვის ესოდენ აუცილებელი გარდაქმნები დარჩენილი 105 კაციანი უმრავლესობის ხელში?!
ოცნებას ვურჩევდი, ფასადური პარლამენტის შექმნის ნაცვლად იფიქრეთ მთლიანად პარლამენტის სიების განახლებაზე, დრო კიდევ გაქვთ, ჩაატარეთ მსურველთა საერთო სახალხო შესარჩევი შეხვედრები, გაეცანით მათ წინადადებებს და პროგრამებს, შემდეგ მოაწყვეთ პრაიმერები, არ მგონია რომ 150ადამიანი ვერ მოძებნოთ სრულიად საქართველოში ქართული სახელმწიფოს მტკიცე საძირკველით ასაშენებლად!
ამასვე ვურჩევდი ოპოზიციურ პარტიებს!
და კიდევ, ერთი რჩევა მათ: 31 პარტიის პარტიულო "ბოსებო" და პარტიების "სახელოვანო" წევრებო, ნუ ჩაეწერებით სიებში, ამით თქვენი პარტიის სიცოცხლისუნარიანობას აღადგენთ და განამტკიცებთ!!!...
P.S. ეს ბოლო შენიშვნა წევრებთან დაკავშირებით ნაწილობრივ ეხება პატრიოტთა ალიანსს ნინო ჩხეიძის შემთხვევის გამო ...
3 თვის უკან
Katana . "... მათ შორის უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც ექნებათ იმის უნარი და რესურსები, საერთაშორისო დონეზე კავშირები გააბან“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ."
?
დეპუტატების დანიშნულება ის მგონია, რომ იმუშაონ ისეთი კონონმდებლობის შექმნისა და იმპლემენტაციისათვის, საკუთარ ქვეყანას რომ წასწევს წინ - პოლიტიკურად, ეკონომიკურად, დემოგრაფიულად!..
ხოლო საერთაშორისო კავშირებისათვის არსებობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხომ?
მაგრამ არც ერთი არ უქნია ღმერთს! - აი, ეს არის პრობლემა.
ბატონმა სოსო ცინცაძემ თქვა, მგონი: სსრკ-ს დროს, უვარგის მინისტრებს რომ მოხსნიდნენ, ელჩებად აგზავნიდნენ სადმე... ასე იქცევიან დღევანდელ საქართველოშიცო. - ზუსტად!!!
საკუთარი სანათესაო-სანაცნობ-სამეგობროებით რომა აქვთ დაკომპლექტებული საელჩოები, რომელთა უმეტესობაც კაპიკის საღირალს არაფერს აკეთებს ქვეყნისთვის, იმიტომ არის, რომ ყველა ჩიტირეკია უცხოელ დეპუტატს საქართველოს ხელისუფლებისთვის თავში წამოსარტყმელად გაურბის ხელი...
*
"...30 წლის განმავლობაში არ გასუფთავებულიყო მეფე ავგიას თავლა და ნეხვის სუნად ყარდა მთელი პელოპონესი..."
ჩვენც ზუსტად ეს საიუბილეო წელი გვაქვს ნეხვის დაგროვებისა! ოღონდ, არც ჰერაკლე გვყავს და არც ამ თავლის გასუფთავებით დაინტერესებული, თუნდაც გადამგდები, ავგია!
3 თვის უკან