იური მეჩითოვი: ფონის პრობლემა

იური მეჩითოვი: ფონის პრობლემა

ქართული იუმორის ისტორია რომ დაწეროს ვინმემ, აუცილებლად შენიშნავს კრიზისს, რომელსაც ეროვნული იუმორი 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში განიცდიდა. პარადოქსია, მაგრამ ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც დიდწილად ლოზუნგებზე, ხმამაღალ შეძახილებზე, „კრემლის აგენტების“ მხილებაზე იყო აგებული, იმის მაგივრად, თავისუფლების იდეა თავისუფალი იუმორით „გაეფორმებინა“, თითქმის ჩაკლა ის ირონია და თვითირონია, რომლითაც ქართული კულტურა საკმაოდ მდიდარი იყო. თუმცა ამ ტოტალური უიუმორობის მსხვერპლი პირველ რიგში ის ხალხი გახდა, ვისაც არ შეეძლო ქილიკის, ირონიის, ექსცენტრიკის გარეშე ცხოვრება.

ერთი მათგანი სერგო ფარაჯანოვი იყო. პარიზში, ქართული ფილმების ფესტივალის დღეებში, შეხვედრა მოგვიწყო კომუნისტების გაზეთმა „იუმანიტემ“. ფარაჯანოვი სიტყვით გამოვიდა და „პერესტროიკის“ ეპოქაში, როცა კომუნისტების რიგებშიც კი სერიოზულად დაიწყო რეფორმის აუცილებლობაზე საუბარი, ლენინის ქება-დიდებას შეუდგა. „როგორ არ რცხვენია?! თავი მოგვჭრა ამ კაცმა!“ - მითხრა მაშინ ჩვენი დელეგაციის ერთმა წევრმა, კინორეჟისორმა, რომლის ფილმები, სხვათა შორის, სწორედ იუმორის დეფიციტით გამოირჩევა.

არადა, „ფარაჯანოვის ფონი“ ვინც იცოდა, ფრანგი კომუნისტების გაზეთის რედაქციაში მის გამოსვლაზე გულიანად გაეცინებოდა. ექსცენტრიკა დიდი რეჟისორის ცხოვრების წესი იყო, პუბლიკის გაღიზიანება, მოულოდნელობებითა და ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებით თამაში - მისი სტიქია. ამ კლოუნადის გასაგებად ისიც მნიშვნელოვანი იყო, როგორ ამბობდა ამას ფარაჯანოვი, როგორ იდგა, სად სვამდა მახვილებს... მოგვიანებით მიამბეს: ერევანში, „აშუღ ქერიბის“ პრემიერაზე, სადაც მას დარბაზი ოვაციებით და ფეხზე ადგომით შეხვდა, ფარაჯანოვი სცენაზე ასულა და უთქვამს: „ჩემგან ნუ ელით იმას, რომ ვიტყვი, თითქოს სომეხი რეჟისორი ვარ. მე ქართული ფილმი გადავიღე. აბა, ვის გაუგია სომხის გადაღებული კარგი ფილმი?!“ ცოტა ხნის შემდეგ, იმავე „აშუღის“ პრემიერაზე, ოღონდ უკვე თბილისის კინოს სახლში რეჟისორმა განაცხადა: „აღიარეთ, ქართველებო, რომ თუ რამე ხარისხიანი გაკეთებულა მეოცე საუკუნის ქართულ კულტურაში, ამ ავტორების უმრავლესობას სომხები შეადგენდნენ!“

ეს კავკასიელი ხალხების შერიგების თავისებური მეთოდი იყო. იუმორით. „აშუღ ქერიბიც“ ხომ ესაა - მუსულმანური ზღაპარი, რომელიც ეთნიკურად სომეხმა საქართველოში გადაიღო. თანაც, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.

„აშუღ ქერიბიც“ ხომ ფარაჯანოვის ავტოპორტრეტია, უმცირესობაზე გადაღებული გენიალური ფილმია - აშუღზე, რომელსაც სახლი არ აქვს, რომლის სიმღერას ყრუები უსმენენ, რომლისაც არ ესმით და რომლისთვისაც თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება კლოუნადაა.

იური მეჩითოვი არა მარტო სერგო ფარაჯანოვის მეგობარია, არამედ მისი სტილის ერთგვარი გამგრძელებელიც. ამაში რომ დარწმუნდეთ, ცხადია, იურა უნდა გაიცნოთ და აიტანოთ მისი „ატრაქციონები“ -კარგი და ცუდი ანეკდოტების მთელი სერია, უხამსობის და ესთეტიზმის განუწყვეტელი „ჯახი“, რადიკალური ლიბერალიზმი და რადიკალური კონსერვატორობა. არაა, ალბათ, შემთხვევითი, რომ იური მეჩითოვი, ერთი მხრივ, ერეკლე დეისაძის ერთ-ერთი პირველი დამცველი გახდა (საჯაროდ, ტელევიზიით, როცა ამას ბევრმა აარიდა თავი), მერე კი ერეკლეს ერთ-ერთი მთავრი მტრის, მალხაზ გულაშვილის დაცვა დაიწყო, როცა გულაშვილი დააპატიმრეს.

ამას წინათ „წითელ ზონაში“ მოვიწვიეთ ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე სასაუბროდ. არ დავუჯერე მეგობრებს, რომლებიც მაფრთხილებდნენ, „კლოუნადად“ გადააქცევს ამ თემასო. მართლაც ასე მოხდა: სომხებზე იძახა, ძალიან ბევრს სჭირს „მსხვერპლის კომპლექსიო“, სტურუაზე თქვა, მისი განცხადება ქსენოფობიური არ ყოფილაო. მხიარულად წაიყვანა საუბარი და არ დამემორჩილა.

მეჩითოვის დამორჩილება შეუძლებელია! გაგექცევა. იმისათვის, რომ გაიგო, როდის ხუმრობს და როდის არის სერიოზული, ფონი უნდა იცოდე. ეს ფონი კი მეტისმეტად რთულია იმისთვის, რომ იურა მეჩითოვის ფენომენს ჩაწვდე.

პირადად მე ამდენ ძალისხმევას არც ვატან. უბრალოდ, მიყვარს იურას ფოტოები და მიყვარს ეს ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ არც სტურუას გამართლებაში ვეთანხმები (მიმაჩნია, რომ „კავკასიური ცარცის წრის“ დამდგმელმა შავრაზმული გაზეთების რიტორიკა არ უნდა გაიმეოროს), არც ოკუპაციის მუზეუმის შეფასებაში და, მით უმეტეს, არც საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიებში. და მაინც, მჯერა, რომ იური მეჩითოვის დანიშვნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილედ ივანიშვილის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.

არჩევნებიდან დღემდე ივანიშვილის ხელისუფლებისგან სიურპრიზები არ გვაკლდა. ახლა უკვე ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმცირესობის საკითხი ივანიშვილის მთავრობის პრობლემაა, რომლის გადაწყვეტა, ეტყობა, კიდევ დიდხანს ვერ მოხდება (თავად ივანიშვილისთვის, როგორც ჩანს, „საპარლამენტო უმცირესობა“ ახლა უფრო დიდი თავის ტკივილია, ვიდრე უმცირესობის პრობლემა). ამ ერთ თვეში მთელი კასკადი მოვისმინეთ ქსენოფობიური განცხადებებისა, რომლებიც დაგვირგვინდა ქალბატონი ვიცესპიკერის, მანანა კობახიძის ვარიაციებით უმცირესობების თემაზე. ბატონმა ივანიშვილმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე აღნიშნა ეკა კვესიტაძის გადაცემაში, ჯაჭვლიანს, თუ მართლა მიაყენა შეურაცხყოფა უმცირესობას, მოვიყვან და ბოდიშს მოვახდევინებო. მაგრამ ახლა პრემიერ-მინისტრს მთელი გუნდის დაბარება მოუწევს, რათა აუხსნას, რას ნიშნავს უმცირესობა და რას ნიშნავს ადამიანის უფლებები. ანდა მოუწევს, მათ ინტერვიუს მიცემა აუკრძალოს, რადგან ეს ხალხი ხშირად თავისი ნათქვამის განმარტებისას უფრო მეტად აყენებს შეურაცხყოფას უმცირესობას, ვიდრე პირველად, როცა რაღაც წამოცდა.

მაგრამ რამდენად ეფექტიანი იქნება ეს აკრძალვა და ეს ბოდიში, როცა 2012 წლის შემოდგომის საქართველო სავსეა დაგროვილი სიძულვილითა და ბოღმით, სავსეა იუმორის კატასტროფული დეფიციტით, რომელმაც პირადად მე 80-იანი წლების მიწურულის და 90-იანი წლების დასაწყისის საქართველო გამახსენა - „გაუ, გაუს ეპოქა“, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა „იზმებს“ ქართულ სინამდვილეში - ზვიადიზმს, მიშიზმს და ახლა უკვე ბიძინიზმს. იმას, რაც ყველაფერთან ერთად იუმორის გრძნობას უკარგავს ადამიანს და ართულებს სიცოცხლის, მრავალფეროვნების, ისევ და ისევ ფონის შეგრძნებას... მერე კი სიძულვილსა და შეუწყნარებლობას აღვიძებს. სწორედ ეს სიძულვილი გამოჩნდა იმ საიტებსა და ფეისბუკის გვერდებზე, რომლებიც იური მეჩითოვს მიუძღვნეს. ხალხი იმდენად გაბოროტდა, რომ კულტურის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილის, ხათუნა ხუნდაძის ფეისბუკის გვერდზე განთავსებული სკანდალური სტატუსები რუსულად თარგმნეს და მეჩითოვს მიაწერეს.

არადა, მთელი ეს ტაკიმასხარაობა - სამზარეულოში, გაშიშვლებული, უკვე ასაკში შესული კაცი - იური მეჩითოვი, თანაც კამერის სრულიად „არაპროფესიული რაკურსით“, „ფარული გადაღების“ ეს იმიტაცია ნაწილია ქართველი ფოტოგრაფის სტილისა. გამოწვევაა, რომელშიც ვერ გაიგებ, სადაა სიმართლე და სადაა ხუმრობა, ფოიერვერკია ხმაურისა და ეკლექტიკის. ფოტოებიც ხომ ასეთი აქვს! მაგალითად, ასაკში შესული შიშველი ქალების სერია, რომელზეც თავის დროზე ბევრი იბუზღუნა „გემოვნებიანმა ელიტამ“ - კიტჩიო, კემპიო, ავლაბარიო... სომხურიო. ესეც ითქვა მაშინ...

მთელი ეს კლოუნადა თავდაცვის საშუალებაა და, ამავე დროს, პროტესტია. ნუ დაგვავიწყდება კონტექსტი (ფონი), რომელიც ამ გადაღებას ახლდა. მეჩითოვი გამოგვეცხადა მაისურით, რომლითაც პროტესტი გამოხატა ფოტოგრაფების სკანდალური დაკავების გამო. შემდეგ გაიხადა ეს მაისური და ახლა უკვე ნახევრად შიშველმა ჩაწერა ეს სკანდალური ინტერვიუ ქართველებზე... ეს თავისებური სტრიპტიზი იმ წინააღმდეგობრივი ფონის შედეგია, რომლის შესახებაც ზევით ვწერდი. ფონის შეგრძნებას კი იუმორის გრძნობა ჭირდება. აკი თავადაც დაურთო რეპლიკა ამ სკანდალურ ვიდეოს: ვისაც იუმორის გრძნობა არა აქვს, ნუ ჩართავსო.

მაინც ჩართეს და მაინც იმსჯელეს. იმაზე, რომ „საქართველოს უღალატა“, იმაზე, რომ „ესესერი“ უნდა და იმაზე, რომ არა აქვს უფლება, იყოს კულტურის მინისტრის მოადგილე. ხელახლა აბობოქრდა 90-იანი წლების დასაწყისის ქართული ვნებები - „მიტინგური რიტორიკა“, კოლექტიური წერილები, საჩივრები, მუქარა... გულდასაწყვეტი ისაა, რომ ამ აგრესიულ სივრცეში არავინ გამოვიდა იური მეჩითოვის დასაცავად. მათ შორის არც ისინი, ვის დასაცავადაც იური მეჩითოვი „აქეთ-იქით დარბოდა“. სამოქალაქო სითამამით ჩვენ მხოლოდ მაშინ გამოვირჩევით, როცა ერთად ვართ, როცა ჩვენს უკან ან პარტიაა, ან „ხალხი“.

მე არ ვიცი, რამდენად გაართმევს თავს მეჩითოვი ახალ მოვალეობას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მხარს დაუჭერს იმას, რასაც „თბილისური კულტურა“ ჰქვია და რაც კარგა ხანია, დავიწყებულია ჩვენში, მხარს დაუჭერს სიჭრელეს, ეკლექტიკას, მრავალფეროვნებას, პარადოქსებს, პროვოკაციას. იმათ კი, ვინც ამტკიცებს, რომ „კლოუნისთვის“ საშიშია ასეთი მაღალი თანამდებობის ჩაბარება, ვთხოვ გაიხსენონ, ვინ იყვნენ აქამდე კულტურის მინისტრები და მოადგილეები.

გემოვნებიანი ხალხი იყო, სხვათა შორის.