"ყველაფერი, რაც მოხდა, დიდ ტვირთად მაწვა მხრებზე. ბოლოს და ბოლოს, როდისმე ხომ უნდა მეთქვა სიმართლე და გავთავისუფლებულიყავი ამ ტვირთისგან?! ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი, მივედი შალვა რამიშვილთან, ხელი ჩამოვართვი და ყველაფერი ვთქვი", - აცხადებს კობა ბექაური გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ამ საქმეში განსაკუთრებით აქტიურობდნენ კოდუები, საბოლოოდ კი ქონება მათი დედის, ლაურა ღაჭავას ხელში აღმოჩნდა" / "ფარული ჩანაწერი, რომელიც კუდ-ში მივიტანე, სწორედ გიგი უგულავას გადავეცი. იმხანად უგულავას ტელევიზიებზე ზედამხედველობა ჰქონდა დავალებული".
"იმხანად შალვასა და მისი ტელევიზიისადმი ხელისუფლებას დიდი ინტერესი ჰქონდა, უნდოდათ მისი გაჩერება. ნურავინ იტყვის, რომ 2005-2006 წლებში, როდესაც ვიდეოკამერების წინ აპატიმრებდნენ ადამიანებს, ვინმე ამისთვის წინააღმდეგობის გაწევას მოახერხებდა. როგორც ჩანს, შალვას უსმენდნენ და აქედან შეიტყვეს, რომ მასთან გარკვეული ურთიერთობა მქონდა, რის შემდეგაც გამომიძახეს კუდ-ში. ეს შეხვედრა დათა ახალაიას კაბინეტში შედგა ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და კიდევ ერთი პროკურორის თანდასწრებით. მითხრეს, რომ შალვასთვის ფული შემეთავაზებინა. მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გასაკეთებელი იყო, ამიტომაც თავდაპირველად წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, თუმცა ამას ზურაბ ადეიშვილის მხრიდან პირდაპირი მუქარა მოჰყვა: კარგად დაფიქრდი, ჩემთვის შენი დაპატიმრება პრობლემა არ იქნება, ოჯახი გყავს და მათზე იფიქრეო. მოკლედ, უკან დასახევი გზა აღარ მქონდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კობა ბექაური.
"ოჯახი კი, სადაც ფულის გადაცემა მოხდა, სანდოობის პრინციპით შეარჩიეს, ოღონდ იმ ადამიანმა საერთოდ არაფერი იცოდა. ირმა სტეფნაძის ბინაში შევხვდი შალვას მაგრამ ვიმეორებ, ირმამ ამის თაობაზე არაფერი იცოდა. არ ვარ ადეიშვილისნაირი ადამიანი, საკუთარი ინტერესის გამო ვინმე გავწირო... გაჩნდა ახალი გარემოება და არ გამოვრიცხავ ძიების ხელახლა დაწყებას. არა მგონია ამის გამოძიებაში რამე სირთულე იყოს, რასაც ვყვები, ყველაფერი ისე მოხდა. რაც შეეხება ფულს, ის 30 000 დოლარი, შალვასთვის რომ უნდა გადამეცა, ვანო მერაბიშვილმა მოატანინა თავის ახლობელ ამირან მესხელს. ეს იყო ვანო მერაბიშვილის ფული. დარწმუნებული ვარ, ეს საქმე სააკაშვილის გარეშე არ დაიგეგმებოდა - სააკაშვილი ყველა საქმის კურსში იყო. პარლამენტიდანაც ისე გამომისტუმრეს, ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს. უფლებამოსილება რომ შეეწყვიტათ, განცხადება ხომ უნდა დამეწერა, მსგავსი არაფერი დამიწერია, მეტიც, საპროცედურო კომიტეტმა ამაზე ისე იმსჯელა, ჩემთვის არც დაუძახიათ", - განაგრძობს კობა ბექაური
"ფარული ჩანაწერი, რომელიც კუდ-ში მივიტანე, გიგი უგულავას გადავეცი. იმხანად უგულავას ტელევიზიებზე ზედამხედველობა ჰქონდა დავალებული. როგორც ჩანს, ამიტომაც გამომართვა ეს ფირები, მერე სატელევიზიო სიუჟეტებად რომ მოემზადებინა და გაეშვა... ჩემი ბოლო ნაბიჯის გამო ველოდი მწვავე კრიტიკასაც და მხარდაჭერასაც. ვინც ეს გადაწყვეტილება მოიწონა და გამიგო, უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ვერ გამიგო, ვერც იმათ დავემდურები, მაგრამ ვეტყვი, რომ 2005-2006 წლებში ძალიან რთული იყო სახელისუფლებო მანქანისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ხმაურის ატეხა, არიქა, შალვას დაჭერას აპირებენ და მე მიყენებენო!" - დასძენს კობა ბექაური და შეკითხვას - "ამ ნაბიჯისგან პოლიტიკურ რეაბილიტაციასაც ხომ არ ელით და პოლიტიკაში დაბრუნებას ხომ არ გეგმავთ?" - პასუხობს:
"არა, მაგ თემაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მხოლოდ მორალური რეაბილიტაცია მჭირდება, ოჯახი მყავს, შვილები მეზრდება... გაიარა ამდენმა წელმა და მინდოდა საზოგადოებას სიმართლე სცოდნოდა. სხვა მიზანი ჩემს ამ განცხადებას არ ჰქონია".