კორონავირუსმა დარტყმა ნაღდი ფულის ბანკნოტებსაც მიაყენა

კორონავირუსმა დარტყმა ნაღდი ფულის ბანკნოტებსაც მიაყენა

ნაღდი ფულით გადახდებისგან თავის შეკავების რეკომენდაციამ საქართველოში დამატებითი სტიმული მისცა ციფრულ ანგარისწორებას. ამჯერად საქმე ეხება კორონავირუსისგან დაცვის მექანიზმებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მათ რამდენიმე ბანკი გამოეხმაურა, რომლებმაც ახალი ვირუსის ფულის საშუალებით შესაძლო გავრცელების თაობაზე გაცემული რეკომენდაციები გაითვალისწინეს. გამყრელიძემ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ დიდი ორგანიზაციები ზოგად ჰიგიენურ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.

„ვირუსის შესაძლო გავრცელების ერთ-ერთ წყაროდ ბანკნოტები დავასახელე. კარგია, რომ რამდენიმე დიდი ბანკი გამოგვეხმაურა. განსაკუთრებული მადლობა „ლიბერთი ბანკს“. მან, ღამით უკვე გამოგვიგზავნა ის ჩამოყალიბებული რეკომენდაციები, რომელსაც უკვე ახორციელებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს შემთხვევები განსაკუთრებით, ხანდაზმულ ადამიანებში.

კარგია, რომ დიდი ორგანიზაციები ზოგად ჰიგიენურ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, ასევე ინდივიდუალური ჰიგიენური ნორმების დაცვის რეკომენდაციებს, ეს მარტო კორონავირუსთან კი არ იქნება დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, რომ როცა ეს გონებაში ჩაგვებეჭდება და ჩვევაში გვექნება, მომავალ წელს უფრო მომზადებული შევხვდებით გრიპის სეზონს, რესპირაციული ვირუსების აქტიურ სეზონს და ასე შემდეგ, რაც საბოლოოდ, უზარმაზარი პრევენციული ღონისძიებაა სხვადასხვა ინფექციების გავრცელების პროფილაქტიკის მიმართულებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

„ლიბერთი ბანკმა“ მართლაც განახორციელა მომხმარებლებსთვის პრევენციული სამუშაოები. ბანკის სერვის ცენტრები, რომლებიც მდებარეობს ისეთ კრიტიკულ ზონებში, როგორებიცაა სასაზღვრე გამშვები პუნქტები და აეროპორტები, უკვე მომარაგდა სპეციალური აღჭურვილობით: პირბადეები, ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანები ფულთან ურთიერთობისას გამოსაყენებლად და ხელის სადეზინფექციო სპეციალური სითხეები.

„უახლოეს დღეებში, სადეზინფექციო ხსნარის შემცველი დისპენსერები დარიგდება და დამონტაჟდება აეროპორტებთან და პორტებთან მდებარე თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 60-ზე მეტ სერვის ცენტრში. დისპენსერების გამოყენებას შეძლებენ როგორც ლიბერთის თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები. ზემოთ ჩამოთვლილი კრიტიკული ლოკაციები ასევე მიიღებენ სადეზინფექციო, ჰიგიენური საშუალებებით, ხელთათმანებისა და პირბადეების მარაგს“, - აცხადებენ „ლიბერთი ბანკში“.

„თიბისიმ“ კი თავის კლიენტებს ურჩია უნაღდო გადახდების საშუალებები, რათა თავიდან აიცილონ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები. გარდა ამისა, ბანკმა მომხმარებელებს შესათავაზა დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ საბანკო მომსახურებები, ხოლო სურვილის შემთხვევაში, ეწვიონ „თიბისის“ ნებისმიერ ფილიალს, სადაც რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

ზოგადად ქართველებს უნაღდო ანგარიშსწორების ხიბლი ისე გამჯდარი აქვთ, რომ მაინცდამაინც არ სჭირდებათ დამატებითი რეკომენდაციები. საქმე ისაა, რომ დღეს საქართველო ციფრულ გადახდებში, უკვე მესამე ადგილზეა ევროპის მასშტაბით.

დისტანციური საბანკო მომსახურებები ქვეყანაში სწრაფად ვითარდება, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საბანკო ოპერაციები დიდწილად ელექტრონულად განახორციელონ. „მასტერქარდის“ რეგიონული დირექტორი, იგორ სტეპანოვი აღნიშნავს, რომ მოხარულია უნაღდო ანგარიშსწორების რაოდენობის ზრდით საქართველოში.

„ის, რომ დღეს საქართველო, ციფრულ გადახდებში, უკვე მესამე ადგილზეა ევროპის მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. ჩვენ ვცდილობთ შემოვიტანოთ ინოვაციური ციფრული პროდუქტები და მომხმარებლებისთვის უნაღდო ანგარიშსწორება მეტად კომფორტული და ხელმისაწვდომი გავხადოთ“, - განაცხადა სტეპანოვმა.