კორონავირუსმა აფხაზეთის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია

კორონავირუსმა აფხაზეთის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია

კორონავირუსის გამო, სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმებმა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაკეტეს. რეგიონში ვითარება გართულდა, რადგან პროდუქციის დეფიციტი გაჩნდა და ფასებმაც გაზრდა დაიწყო. ასეთი მდგომარეობაა ერთი კვირაა და მინიმუმ 1 თვე ვითარება არ შეიცვლება. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში არიან.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა 7 აპრილამდე შეზღუდა. ე.წ. მესაზღვრეებმა უკან დააბრუნეს ტურისტებიც, რომელთაც უთხრეს, რომ კორონავირუსის გამო კარანტინია და აფხაზეთში ვერ შეუშვებდნენ.

წინა კვირას აფხაზეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაეკეტა საზღვარი უცხოელებისათვის. ვითარება გაართულა იმან, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსით დაავადების შემთხვევები. კორონავირუსის გავრცელებისა და საზღვრის ჩაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულმა გალის რაიონის მცხოვრებლებმა, რომლებიც სისტემატურად გადადიან ზუგდიდის რაიონში, მასობრივად გადაწყვიტეს უკან დაბრუნება. შედეგად, ენგურის ხიდზე გაჩნდა უზარმაზარი რიგი, თუმცა, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ყველამ შეძლო აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვედრა.

ნაზი თოდუა 65 წლისაა. იგი ამბობს, რომ მსგავს ვითარებაში არაერთხელ ყოფილა აფხაზეთის მოსახლეობა და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო უჭირთ ამასთან გამკლავება.

„კორონავირუსის გამო ჩაკეტეს ე.წ. საზღვარი, არ გვაქვს შესაძლებლობა გადავიდეთ ზუგდიდში და ავიღოთ კუთვნილი პენსია. ზოგს დანაზოგიც გამოელია, რომ აქვე შეიძინოს საკვები პროდუქტები და მოიმარაგოს. ყველაფერი გაძვირებულია ადგილობრივ პატარა მაღაზიებში და ორმაგის გადახდა გვიწევს. არ ვიცით სამხედროები, როდის გახსნიან საზღვარს. ვართ უიმედო მდგომარეობაში და დახმარებასაც ვერავის ვთხოვთ. თუ ასე გაგრძელდა, საკვების დეფიციტიც იქნება. ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს, მას არაფერი უჭირს, თუმცა ბევრი სოფლის მეურნეობას არ მისდევს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მალე შიმშილის ზღვარზე აღმოვჩნდეთ, უწამლოდ ყოფნაზე აღარაფერს ვამბობ“, - განაცხადა ნაზი თოდუამ.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საზღვარებზე 24 საათი, ცვლებში მუშაობენ ექიმთა ბრიგადები. „აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს“ ინფორმაციით, რუსეთთან საზღვარზეც შექმნილია სანიტარულ-საკარანტინო პოსტი, რომელიც უახლოეს დროში აღიჭურვება თერმოგრაფიული კამერით.

„მინისტრმა“ აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იგეგმება კულტურულ - მასობრივი და სპორტული ღონისძიებების, ასევე სასკოლო ოლიმპიადების ჩატარების აკრძალვა.

მისივე თქმით, დღეიდან სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში კარანტინი გამოცხადდება. ამ ეტაპზე რესპუბლიკაში მწვავე რესპირატორული დაავადებების მეორე ტალღაა წამოსული, შესაბამისად, ზომები გამკაცრებულია, თუმცა ეს, რეგიონს, ფაქტობრივად, იზოლაციაში აქცევს, რასაც პირველადი მოხმარების პროდუქციაზე დეფიციტი და ფასების ზრდა მოჰყვება.