"თავიდანვე გავმიჯნოთ ერთმანეთისგან შემდეგი ორი საკითხი _ ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია და კანონის უზენაესობა და სამართლიანობა, რომლის განხორციელებასაც დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს ხელისუფლებაში მოსვლამდე და რომლის აღსრულებასაც ნელ-ნელა ვიწყებთ. არ მინდა, ვინმეს ადვოკატი ან ბრალმდებელი ვიყო, მაგრამ ის, რომ კანონის უზენაესობა არის მნიშვნელოვანი და საზოგადოებამ არაერთ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე უნდა მიიღოს პასუხი, ვფიქრობ, არავის აეჭვებს", - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "რაც ეშტონმა და რასმუსენმა თქვეს, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უპირველესად ჩვენი მოსახლეობის წინაშე ვართ პასუხისმგებელნი" / "ბიძინა ივანიშვილი ამერიკაში, სავარაუდოდ, თებერვლის პირველ ნახევარში გაემგზავრება".
"ნამდვილად არ მსიამოვნებს, ვიღაცას ბორკილით რომ ვხედავ, მაგრამ სახელმწიფოებრივი მიდგომა ისეთ საკითხებთან, როგორიც ბაჩო ახალაიასა და სხვათა დაპატიმრება იყო, ამას მოითხოვს. რა დანაშაული ჩაიდინეს მათ სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ, მათ დანაშაულზე მე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩვენ რომ ეს საქმეები არ გამოვიძიოთ, ეს, უპირველესად, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის იქნება ცუდი. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, არავის უნდა გაუჩნდეს იმის განცდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებივით მოიქცევა, დააშავებს, მაგრამ დანაშაული შერჩება. ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავება ჩვენი საშინაო დავალებაა, ეს არ არის იოლი გზა, ბევრი რამ გვაქვს მოსაგვარებელი, სავიზო თუ სავაჭრო ურთიერთობები, რომელზეც მიზანმიმართულად უნდა ვიმუშაოთ. გვაქვს ასევე ვალდებულებები, რომელთა შესრულებაზეც უნდა ვიზრუნოთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიქტორ დოლიძე.
"ქალბატონ ეშტონამდე, გაცილებით კრიტიკული განცხადებები მოვისმინეთ ნატოს გენერალური მდივნისგან. ვაღიარებ, ეს არ იყო სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მათი აზრის გაზიარებას. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიქტორ დოლიძე იქნებოდა, ირაკლი სესიაშვილი თუ ვინმე სხვა, მაინც გაძნელდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევასთან დაპირისპირება. სააკაშვილის ხელისუფლება წლების განმავლობაში და ახლაც დიდძალ თანხებს ხარჯავდა და ხარჯავს საკუთარი ინტერესების სანაცვლოდ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის შესალახავად. ამისთვის კვლავაც არაერთი ლობისტური კომპანია მუშაობს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"გაათმაგებული ძალისხმევით უნდა ვიმუშაოთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი. შეუძლებელია ბაჩო ახალაიას პოლიტიკურ დევნაზე ვინმე ლაპარაკობდეს, თუმცა საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის. `ნაციონალური მოძრაობის~ წარმომადგენელთა მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკი სასაცილოა, მით უფრო, როდესაც ხედავ, რომ პარლამენტში სხედან: ლევან ბეჟაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა კოტეს ძე გაბაშვილი და ა.შ. ჩვენ ავიღეთ სამართლიანობის აღდგენის ვალდებულება და ასეც იქნება", მიიჩნევს რესპონდენტი.
"როგორ შეიძლება გარანტია ჰქონდეს იმას, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი? საააკაშვილს წლების განმავლობაში უზურპირებული ჰქონდა ძალაუფლება და ადამიანებისთვის განაჩენი ლამის საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოჰქონდა. დღეს ამას დამოუკიდებელი სასამართლო აღასრულებს. მივცეთ დრო სამართალდამცველ ორგანოებს, გაერკვნენ ყველაფერში, ყველაფერს ერთბაშად ვერ გამოიძიებენ. აბა, დაელაპარაკოს ვინმე გირგვლიანის მამას, ვაზაგაშვილის, რობაქიძისა თუ სერგო თეთრაძის ოჯახებს, აბა, იმათ ჰკითხეთ, სამართლიანობა უნდა აღდგეს თუ არა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რაც ეშტონმა და რასმუსენმა თქვეს, მაგრამ ჩვენ, უპირველესად, ჩვენი მოსახლეობის წინაშე ვართ პასუხისმგებელნი", დასძენს ციქტორ დოლიძე და შეკითხვას - "ბიძინა ივანიშვილის აშშ-ში ვიზიტი უკვე მეორედ გადაიდო, ჯერ ამერიკაში წასვლას ევროპა არჩია, მერე კი თქვა, რომ საქართველოში აქვს საქმეები დასალაგებელი... ამგვარი დამოკიდებულება ქვეყნის ინტერესს ხომ არ დააზიანებს?" - პასუხობს:
"არავითარ შემთხვევაში. ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი ბრიუსელში ნადვილად უმნიშვნელოვანესი იყო და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები. ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც ჰილარი კლინტონს შეხვდება და ივანიშვილის მომავალი ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაოც დაიწყება. ნებისმიერი უმაღლესი დონის ვიზიტს სერიოზული მომზადება სჭირდება. რაც შეეხება ვიზიტის გადადებას, არაფერი არ გადადებულა, რადგან ვიზიტის დრო არც ყოფილა დანიშნული. ბიძინა ივანიშვილი ამერიკაში, სავარაუდოდ, თებერვლის პირველ ნახევარში გაემგზავრება".