კორონავირუსისგან მიღებული ეკონომიკური ზარალის დათვლა დაიწყო

კორონავირუსისგან მიღებული ეკონომიკური ზარალის დათვლა დაიწყო

რა ზარალს მიიღებს საქართელოს ეკონომიკა კორონავირუსის მასშტაბების გაზრდის შედეგად? ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა მასშტაბების დათვლა ჯერჯერობით შეუძლებელია. ერთი რამ კი შეიძლება ითქვას, მეტ-ნაკლებად იზარალებს ბიზნესის ყველა მიმართულება, რადგან ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ეკონომიკაზე გამოწვეული ეფექტის დაანგარიშებაზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, რა პოტენციური გავლენა შეიძლება მოახდინოს კორონავირუსის გავრცელებამ ქართულ ეკონომიკაზე.

„საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია არსებული ტენდენციების შესახებ. მოგეხსენებათ, ეკონომიკური ეფექტი უკვე თვალსაჩინოა მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ეს მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული თავად ვირუსის სეზონურობასა და გავრცელების არეალზე“, - განაცხადა მიქაბაძემ.

თუ კორონავირუსმა პანდემიის სახე მიიღო, ის საქართველოს ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება. საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტი“ აღნიშნავს, რომ გავლენის ზუსტი შეფასება ძნელია, თუმცა არის რამდენიმე მომენტი, რომელიც საყურადღეობა და გასათვალისწინებელია.

1) აიკრძალა ფრენები ჩინეთთან და ირანთან, მაგრამ საქართველოს ამ ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი საგარეო შემოსავლები არ აქვს და გავლენაც სუსტი იქნება;

2) თუ ვირუსმა გლობალური ეკონომიკის შემცირება გამოიწვია (რასაც ამ ეტაპზე ვარაუდობენ), მაშინ ეს ჩვენ ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება;

ვირუსის ხანგრძლივობის მიუხედავად ნეგატიური გავლენა ტურიზმზე მოსალოდნელია. საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენა ჩინეთთან და ირანთან. ამ ქვეყნების წილი მთლიან ვიზიტორებში და ტურიზმის შემოსავლებში მცირეა და ყოველთვიურად ფრენების აღდგენამდე მცირე შემოსავლები დაგვაკლდება. თუმცა, ვირუსთან დაკავშირებული პანიკის გამო, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნის ვიზიტორებიც შეიკავებენ თავს მოგზაურობისგან და შესაბამისად დანაკარგები გაიზრდება. თუმცა პოტენციური დანაკლისის პროგნოზირება წინასწარ ძნელია;

ტურიზმის შემცირებით მოსალოდნელია ნეგატიური გავლენა უძრავ ქონებაზე. გაყიდვების შენელება, მათ შორის უცხოელების მხრიდან. ეს აისახება ბინათმშენებლობაზეც, რასაც სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება დააკომპენსირებს.

ვირუსის გავლენით მსოფლიოში ნავთობის ფასები ეცემა, რაც საქართველოს როგორც ნავთობიმპორტიორი ქვეყნისთვის ხელსაყრელია. თუმცა, ნავთობის გაიაფებას უარყოფითი ეფექტიც აქვს, რადგან რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემცირდება ფულადი ნაკადები.

ტურიზმის შემოსავლების მოსალოდნელი შემცირება ლარზე უარყოფითად აისახება, თუმცა „გალგ ენდ თაგარტში“ ფიქრობენ, რომ ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები (რეზერვები, პოლიტიკის განაკვეთი, და სხვ.) რომ შეაკავოს ლარის ზედმეტი გაუფასურება, რომელიც საზიანო იქნება ეკონომიკისთვის.

იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის გახანგრძლივების შემთხვევაში მსოფლიო სასაქონლო ფასები შემცირდება, შესაბამისად საქართველოში ფასების მკვეთრ ზრდა მოსალოდნელი არ არის.

გარდა იმისა, რომ ტურიზმში უკვე არის დანაკარგი, პრობელმა ადგილობრივ წარმოებაშიც მოსალოდნელია, რაც ეხება როგორც სურსათის სფეროს, ასავე არასასურსათო სეგმენტსაც. ნეგატიური გავლენა განსაკუთრებით ეხება სამშენებლო დარგს, რომელიც დიდწილად უცხოურ ნედლეულზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ავტონაწილების იმპორტს, 80%-ით ჩინურია, შესაბამისად, ზარალი აქაც დიდია.

აკადემიკოს ავთო სილაგაძის ინფორმაციით, გაძვირდება იაფი ნედლეული, რომელსაც ადგილობრივი წარმოება იყენებს. დეფიციტის შემთხვევაში, ალტერნატიული გზა კი გამოინახება, მაგრამ საბოლოოდ ფასებს დააწვება და მომხმარებელს დააზარალებს.

„საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობა ბოლო დრომდე მაღალ დონეზე იყო. მარტო ადამიანების მიმოსვლის შეჩერება არ არის პრობლემა, ჩინური პროდუქციის იმპორტი მცირდება და კიდევ უფრო დაიკლებს. რა ხდება, ჯერ კიდევ არ ვიცით. ფაქტია, რომ სიფრთხილე გვმართებს, რამაც შეიძლება ქვეყანაში ბიზნესის კლებასაც შეუწყოს ხელი და სავაჭრო ბრუნვის მონაცემი კიდევ შემცირდეს. ანალოგიური პრობლემა იკვეთება ირანთან მიმართებაშიც, სადაც ასევე, კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება და ეს შემოდინებებს ამ მიმართულებითაც შეამცირებს“, - განაცხადა სილაგაძემ.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ განსაკუთრებით ჩინური პროდუქციის იმპორტის შეზღუდვა იქნება პრობლემური, რადგან ბაზარზე მათი ჩანაცვლების აუცილებლობა უკვე დადგა. ალტერნატიული ბაზარი კი აბსოლუტურად სხვა ხარჯს მოითხოვს, რაც საბოლოოდ წარმოებული პროდუქტის ფასზე აისახება.