“მთავარმა არხმა” და მოსასპობმა გვარამიამ ჩხრიკეს, ჩხრიკეს და მამაძაღლი არქიფო სააკაშვილის დასაკლავი დანა გამოჩხრიკეს: სააკაშვილმა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია – 40 ჰექტარი ყაზბეგის გამზირზე – “ავერსს” 17 მილიონად მიჰყიდა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ერთადერთი ცენტრი იმავე შენობებში მდგმურად გადააქცია! ვფიქრობ, სამართალდამცავმა ორგანოებმა კარგად უნდა მოიძიონ, რა პირობით გადაეცა ეს უზარმაზარი ტერიტორია “ავერსს” და რა გარიგება დაიდო სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და “ავერსის” მფლობელ კურტანიძეს შორის… ნაცსექტანტები, იმის ნაცვლად, რომ გაარკვიონ, რატომ და რა პირობით გადასცა უიმედო პაციენტმა სააკაშვილმა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია – 40 ჰექტარი ყაზბეგის გამზირზე – “ავერსს”, ცდილობენ საავადმყოფოს ადმინისტრაციას დააბრალონ პაციენტების მიმართ გულგრილობა! არადა, საავადმყოფოს ადმინისტრაცია უკვე წლებია, ქირას უხდის “ავერსს” და მისგან შენობების გარემონტების უფლებას ითხოვს.
ამ უფლებას “ავერსი” არ აძლევს მდგმურ სახელმწიფოს და არც თვითონ არემონტებს!.. ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს, სააკაშვილმა რა პირობით გადასცა “ავერსს” ინფექციური საავადმყოფო და დღემდე რატომ არის მდგმურად ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კლინიკა. ბოლო დღეებმა დაადასტურა, რომ ინფექციურ საავადმყოფოს და მის სამედიცინო პერსონალს უდიდესი მისია დაეკისრა: ისინი არამხოლოდ ლოკალურ და ყოველდღიურ, არამედ გლობალურ პრობლემას შეეჭიდნენ.
ამიტომაც ყოველმხრივ მხარდაჭერა სჭირდებათ! აუცილებელია მთლიანად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, “ავერსი” კი არც თვითონ არემონტებს და არც “მდგმურებს” აძლევს გარემონტების უფლებას! ეს რა არის?! ჩვენ სახელმწიფო ვართ თუ ბარნაბას დუქანი?! ” – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი “მთავარი არხის” სიუჟეტს, რომელსაც სამედიცინო პერსონალმა ცრუ უწოდა და ექიმმა მარინა ეზუგბაიამ “მთავარი არხის” ჟურნალისტის თანდასწრებით მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი არ გააკეთა, რამაც საზოგადოების ერთი ნაწილი, ძირითადად წინა ხელისუფლების მომხრეთა აღშფოთება გამოიწვია – თურმე ექიმს, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს, უფლება არ ჰქონდა ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო პროტესტი გამოეხატა.
“მეგობრებო! კოლეგებო! ქალბატონი მარინა ეზუგბაია ერთ-ერთი საუკეთესო ექიმია!
გადაუჭარბებლად ვიტყვი: მსოფლიო დონის სპეციალისტია ინფექციურ სნეულებებში! ჰოდა, მას შემდეგ, რაც კორონა ვირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოვლინდა, ქალბატონი მარინა დღე და ღამე ინფექციურ საავადმყოფოშია! გესმით?! დღე და ღამე! სულ! როგორ შეგიძლიათ ასეთი ადამიანის ლანძღვა, სულ არაფრის გრცხვენიათ?! ღმერთმა დაგიფაროთ და, თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს თუ ახლობელს ვირუსი რომ შეგეყაროთ, სწორედ ქალბატონმა მარინამ და მისმა კოლეგებმა უნდა გადაგარჩინოთ! მეტი დაფიქრება გმართებთ, სანამ ასეთ ადამიანებზე აუგს იტყვით! ახლა ექიმებს ჩვენგან ხელშეწყობა სჭირდებათ და არა კრიტიკა!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.
ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი არქივის იმ მასალებსაც აქვეყნებს, სადაც ექიმი მარინა ეზუგბაია პრობლემებზე საუბრობს:
მარინა ეზუგბაია (2017 წელი):
“მომისმინეთ ყველამ, ვისაც გეხებათ!
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის საყრდენი ბაზა გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა და განვითარდა წარსულში ჩვენი დარგის საამაყო წარმომადგენლების მიერ და დღემდე მოიტანეს არა მარტო პროფესიაში, არამედ საზოგადო საქმიანობაშიც მოამაგე წარმატებულმა მეცნიერებმა – ე. ბოცვაძემ და ვ. ბოჭორიშვილმა.
ამ ცენტრის ბაზაზე ხანგრძლივი, დაუზოგავი მუშაობის შედეგად აღორძინდა, როგორც ერთერთი, განსაკუთრებით წარმატებული დარგი. ინფექციური დაავადებების მართვის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად შეიქმნა ნეიროინფექციების, ვირუსული ჰეპატიტების სკოლები, რომელსაც მოგვიანებით შეემატა აივ-შიდსის სამსახური თ. ცერცვაძის ხელმძღვანებლობით, რომელიც თითქმის ორი ათეული წელია, წარმატებით ხელმძღვანებლობს უკვე ერთიან სამსახურს – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრს, რომელმაც ქვეყანას ააშორა აივ-შიდსის ეპიდემია და ქვეყანაში პერიოდულად სხვადასხვა ინფექციური დაავადებების ეპიდემიები მინიმალური ფიზიკური თუ მატერიალური დანაკლისებით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჩვენი ცენტრის, ვირუსული ჰეპატიტების სკოლის თავდაუზოგავი საქმიანობის შედეგი – მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოქცეული, საქართველოში განხორციელებული, წარმატებული პროექტი „C ჰეპატიტის ელიმინაცია”. ამ პროექტმა საქართველოს მოსახლეობის 6%-ს (200 000 ადამიანზე მეტს) დაუბრუნა მომავლის იმედი და ა. შ.
დაუსრულებლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ ჩვენი ცენტრის წარმატებულ საქმიანობაზე, რომელსაც 2009 წლიდან ვახორციელებთ უკვე „მდგმურების სტატუსით“ ავერსისთვის მიყიდულ ჩვენი ცენტრის ყოფილ ტერიტორიაზე, განადგურებული ინფრასტრუქტურის ბაზაზე, გაუსაძლის პირობებში. ეს ყველასთვის სამარცხვინოა.
ამდენი წლის შემდეგ, მთავრობის განკარგულებით ცენტრისთვის უნივერსიტეტის ქუჩაზე შენობის ასაშენებლად გამოყოფილი 5000კვ.მ ტერიტორია სადავო რომ ხდება, ეს უკვე დანაშაულია.
გთხოვთ, დროზე მოაგვაროთ წარმოქმნილი პრობლემები, თუ არა და მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ზომებს, როგორც პრევენციულ ღონისძიებებს სამსახურის გადასარჩენად, რომელიც პირველ რიგში ქვეყნისთვის გადაუდებელი საჭიროებაა.”
არქივიდან გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც ეხება იმ საპროტექტო აქციას, რომელიც ექიმებმა გამართეს:
“თბილისში, ინფექციური საავადმყოფოს ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტერიტორიის მესაკუთრე კომპანია „ავერსის“ მიერ კლინიკის სახურავის შეკეთების მიზნით ადმინისტრაციულ შენობასთან ჯებირების აღმართვას აპროტესტებენ. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი შოთა გოგიჩაიშვილი განმარტავს, ჯებირები შეუძლებელს ხდის პაციენტების მიღებასა და კლინიკის მუშაობის პროცესს აფერხებს.
ტერიტორია, სადაც ინფექციური საავადმყოფოს და შიდსის ცენტრის შენობაა განთავსებული, 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია „ავერსი ფარმამ“ შეიძინა. მას შემდეგ, ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა პაციენტების სამკურნალოდ და შენობების რეაბილიტაციასაც ვერ ახდენენ, რადგან ის კერძო საკუთრებაშია.
შენობის იჯარის ფართს სახელმწიფო ფარავდა. ამასთან ცენტრს ახალი შენობის აშენების პირობა მისცა. გასული წლის ნოემბერში, როდესაც „ავერსის“ მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი ნაგებობის დემონტაჟს კლინიკის პერსონალის პროტესტი მოჰყვა, „ავერსმა“ განაცხადა, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან კლინიკის პერსონალი ფართში უკანონოდ იმყოფება და არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად უცნობია კონკრეტული ვადა, თუ „როდის დაუბრუნებს კანონიერ მესაკუთრეს უკანონოდ დაკავებულ შენობებს“.
„მიმდინარეობს აღნიშნული ტერიტორიის გენერალური გეგმის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც სამომავლოდ განხორციელდება არაერთი ახალი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა, არსებული სერვისების გაფართოება, რომ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს ქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ მსოფლიო დონის სამედიცინო მომსახურება“, – აცხადებენ კომპანიაში”.
საინტერესოა კიდევ ერთი მასალა, რომელიც 2013 წელს გამოაქვეყნა “ლიბერალმა”, გთავაზობთ ამ მასალას:
“დღეიდან, თბილისის ყაზბეგის გამზირის N16-ში, სადაც ინფექციური, შიდსის და სეფსისის ცენტრები მდებარეობს, ავადმყოფები დაცვის სპეციალური შემოწმება-დაკითხვის გარეშე ვერ შევლენ.
ტრაფარეტი ჭიშკარზე: „1 ივლისიდან აკრძალულია ტერიტორიაზე შესვლა გარდა ბრძანებით გათვალისწინებული პირებისა“ „ავერსი–ფარმამ“ გააკრა და პაციენტებს თუ სხვა ვიზიტორებს მის იურიდიულ საკუთრებაში შესვლას უზღუდავს.
თენგიზ ცერცვაძე, სააქციო საზოგადოება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ტერიტორიის მფლობელის მიერ ამგვარი შეზღუდვა იქ მომუშავე მედიკოსებისთვის მიუღებელია.
თბილისში, ყაზბეგის გამზირის N16-ში მდებარე სამედიცინო დაწესებულებები ერთადერთი ადგილებია, სადაც შიდსის, წითელის, ჯილეხის თუ სხვა საშიში ვირუსის მატარებელი ადამიანები ირიცხებიან, სტაციონარში მკურნალობენ და პერიოდულ შემოწმებებზე დადიან.
ამიტომ, თენგიზ ცერცვაძის თქმით, არაეთიკურია, რომ სხვადასხვა ვირუსების მატარებელ პაციენტებს მოვთხოვოთ, ჭიშკართან მდგომ დაცვას მოუყვეს, რა სჭირს, რომელ ექიმთან მიდის, რამდენი ხნით დარჩება კლინიკის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ.
ცერცვაძის თქმით, შეზღუდვა ორივე ტიპის პაციენტებზე მოდის: მათზე, ვინც აღრიცხულები არიან და მათზეც, ვინც პირველად მივიდა.
„ჩვენთან ორი ტიპის ავადმყოფი მოდის: ისინი, ვინც ჩვენთან დიდი ხანია აღრიცხვაზეა, დაბარებულია და მოდის. მეორე ტიპის, ვინც არაა დაბარებული, ანუ რისკის ჯგუფის პირია, რომელსაც შესაძლოა, სხვაგან დაუდგინდა რამე ინფექციური დაავადება, მათ შორის, შიდსის ვირუსი და პირველად მოდის ჩვენთან ინფორმაციის გადასამოწმებლად“.
„შესაბამისად, ავადმყოფი, ვინც თვითდინებით მიდის და ექიმმა არ იცის, რომ ის მოდის, მაინც უნდა თქვას დაცვასთან, ვისთან მიდის, რატომ მიდის, რამდენი ხნით მიდის, ექიმმა კი დაცვას უნდა დაუდასტუროს ელფოსტით, რომ ის მზადაა დაუბარებელი ავადმყოფი მიიღოს“.
„ეს პრაქტიკულად მიუღებელია: ძალიან მკაცრი შეზღუდვაა. მით უმეტეს, ავადმყოფები არ იტყვიან, რატომ მიდიან, ვისთან მიდიან, განსაკუთრებით ადამიანი, რომელსაც შიდსის ვირუსი აქვს, ამას არ გააცხადებს. დიდი ალბათობით, ასეთი ავადმყოფები უკან გაბრუნდებიან. ძალიან ბევრ პაციენტს უხარია, როცა შემოსასვლელთან რამე ბარიერს ხედავს – წავა. ბევრს არ ესმის ავადმყოფობის საფრთხე.
ავადმყოფების კონფიდენციალურობას კი იცავს როგორც საერთაშორისო კონვენცია, ასევე ქართული კანონმდებლობა,“ – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
იგივე შეზღუდვები აქვს ყაზბეგის გამზირის N16-ში მდებარე მეორე კლინიკას, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრსაც. ამას ადასტურებს კლინიკის დირექტორი, ომარ ქუტიძე.
„ჩვენ თვითონ პაციენტების შესვლას არ ვკრძალავთ “, – ამბობს ლალი ბრეგვაძე, „ავერსი–ფარმას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. – „რაც შეეხება ავადმყოფობის სახელების და გვარების და ავადმყოფობის მიზეზების გამოკითხვას – ჩემთვის მსგავის რამ უცნობია. არა მგონია, ასეთი რამ ხდებოდეს. რაც შეეხება პაციენტების მნახველებს: დღეს გავაკრავთ ზუსტ დროს, როდის იქნება შესაძლებელი მათი შესვლა ტერიტორიაზე.“
შპს „ავერსი–ფარმამ“ ტერიტორია, სადაც დღეს თბილისის ორი დიდი კლინიკა: სააქციო საზოგადოება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი და შპს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრები ფუნქციონირებენ, 2009 წლის 25 დეკემბერს, აუქციონზე, 12 250 000 აშშ დოლარად შეიძინა.
უფრო ზუსტად, ამ აუქციონზე „ავერსი–ფარმამ“ 58 175 კვადრადული მეტრი მიწის ნაკვეთი და 18 შენობა-ნაგებობა (მათ შორის, ინფექციურის, შიდსის და სეფსისი ცენტრის შენობები) იყიდა. თვითონ კლინიკები, როგორც იურიდიული პირები, მას არ შეუძენია და ისინი ჯერ კიდევ სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება.
კლინიკების პროფილის დროებით შენარჩუნების მიზნით, აუქციონის ოქმის თანახმად, „ავერსს“ დაევალა, რომ ორი წელი კლინიკებს პროფილურ მუშაობაში ხელს არ შეუშლიდა.
სამი წლის გასვლის შემდეგ, „ავერსმა“ კლინიკის დირექტორებს არაერთი ოფიციალური წერილი გაუგზავნა და საკუთარი ტერიტორიების დაცლა სთხოვა. ალტერნატიული ფართის უქონლობის გამო კლიკინებმა სხვაგან გადასვლა ჯერ ვერ მოახერხეს.
1 ივლისიდან ავერსმა ავადმყოფების და მნახველებზე შემოსვლის შეზდუდვა დაიწყო.
მანამდე კი, დაახლოებით ორი თვის წინ, კლინიკის ყველა ტოპ-მენეჯერს და სხვა თანამშრომლებს ეზოში მანქანის საშვის გარეშე შესვლა აეკრძალა.
„თუ ვინმე მანქანით შემოვა, მანქანას გარეთ ატოვებინებენ“, – ამბობს სეფსისის ცენტრის დირექტორი ომარ ქუტიძე.
„ავერსი ულტიმატუმის ენით გველაპარაკება: გვითხრა, 1 ივლისამდე შენობას თუ არ დაცლით, სახურავს ავხდითო“, – ამბობს მანანა ლომიძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მე–5 განყოფილების გამგე.
შიდსის ცენტში ამჟამად დაახლოებით 60 პაციენტი მკურნალობს სტაციონარულად, სეფსისის ცენტრში კი – 18. გარდა ამისა, კლინიკის ტერიტორიაზე შედის არაერთი არაგეგმური, დაუბარებელი პაციენტი და მათი მნახველები”.
ინფექციური საავადმყოფო 2009 წელს 12 მილიონ 250 ათას დოლარად გაიყიდა. ჩატარებული აუქციონის გამარჯვებული კომპანია “ავერსი-ფარმა” გახდა. ობიექტის საწყისი ფასი 12 მილიონი დოლარი იყო. აუქციონზე განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ ერთმა კომპანიამ – “ავერსი-ფარმამ”, რომელმაც ქონება შეიძინა. აუქციონის პირობებით, ქონების პრივატიზაციის შემდგომ ინფექციურში განთავსებული სამედიცინო დაწესებულებები ჩვეულებრივ გააგრძელებენ პროფილით ფუნქციონირებას და უფლება ექნებათ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ ისარგებლონ პრივატიზებული შენობების ფართით. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, დღევანდელი აუქციონიდან შემოსული თანხით თბილისში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფექციური ცენტრი აშენდება. ახალი საავადმყოფოს აშენებამდე კი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი და სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი ძველ მისამართზე, ყაზბეგის 16-ში გააგრძელებენ ფუნქციონირებას.