ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის, ისევ მიმდინარეობს ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალ წესებზე მუშაობა, ამიტომ, ჯერჯერობით, უცნობია, როდიდან შეძლებს ეროვნული ბანკი დადებული პირობის შესრულებას. მარტის დასაწყისისთვის დაანონსებული საბანკო რეგულაციების
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ გარკვეულ საკითხებზე საბოლოო პასუხები არ არსებობს, რის გამოც მოხდა გადავადება.
„რეგულაციების საკითხი მოლაპარაკების ეტაპზეა. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხები არ გვაქვს. პირველადი დრაფტი არის ცნობილი, მაგრამ არის გარკვეული კითხვები და ტექნიკური საკითხები, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა. იმედი გვაქვს, რომ მარტში ამოქმედდება, მაგრამ პირველი მარტიდან სავარაუდოდ, ვეღარ ამოქმედდება, რადგან გარკვეული პერიოდი ბანკებისთვისაც აუცილებელია, რომ აღნიშნული ცვლილებების ასახონ“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
2019 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესში ცვლილებების შეტანაზე და მის გამარტივებაზე მუშაობდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ამ ცვლილებების ამოქმედება 2020 წლის მარტიდან იგეგმებოდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ადასტურებს, რომ ფიზიკური პირებისთვის საბანკო რეგულაციების გამარტივება მარტიდან იგეგმება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს. საუბარია გამარტივებაზე, რომელიც ძირითადად ბიუროკრატიული ტვირთის მოხსნას ეხება, ხოლო რეგულაციების ფუნდამენტურ შერბილებაზე საუბარი არ არის.
„ცვლილებების მიზანი ნამდვილად არაა, რომ რაღაც მასშტაბური მაკროეკონომიკური ეფექტი ჰქონდეს და დაკრედიტება საგრძნობლად გაიზარდოს. 2019 წელს ჯამურად, ამ რეგულაციების ეფექტის მიუხედავად, საკმაოდ კარგი ზრდა გვქონდა, მათ შორის რითეილის და განსაკუთრებით იპოთეკური სესხების მიმართულებით. ამიტომ, რაღაც ფუნდამენტურ შერბილებაზე საუბარი არაა.
გეგმა კვლავ არის, რომ მარტში მოხდეს ამის დაანონსება. გარკვეული დრო, ალბათ, ბანკებსაც დასჭირდებათ, რომ ახალ წესებზე გადაეწყონ. კონკრეტულ თარიღზე ბანკებთან ერთად ჩამოვყალიბდებით, თუმცა ძალიან ახლოს ვართ, თითქმის ბოლოში ვართ გასული“, - განუცხადა „აიპიენს“ ლეჟავამ.
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებში“ კი იმედოვნებენ, რომ რეგულაციების დაპირებული შერბილება დიდხანს არ გადავადდება და სწრაფად ამოქმედდება. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ საბანკო რეგულაციების შერბილება მნიშვნელოვანია, რადგან ცვლილებების გამარტივება მომხმარებლისთვის ხელისშემწყობი იქნება.
„პირველ რიგში, უნდა ითქვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი რეგულაციის მოხსა იქნება თუ რაიმე ცვლილება, ისეთ უდიდეს სექტორში, როგორიცაა საბანკო სფერო, უნდა იყოს განჭვრეტადი და პროგნოზირებადი. ამ სექტორის წარმომადგენლებმა და მათმა მილიონობით მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რა პირობებია, როდიდან, როგორ და რა მოხდება. ეს არ უნდა ხდებოდეს ფორსმაჟორის პირობებში და სწრაფ ტემპში.
რამდენადაც ვიცი, მარტი ისევ ძალაშია და იმედია, რომ დროულად ამოქმედდება შერბილებული რეგულაციები, რომელიც ძალიან ბევრ მომხმარებელს მისცემს საშუალებას, რომ აიღოს სესხი და უფრო მეტი თანხა ისესხოს თუ მას სჭირდება. მაგრამ, ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ხალხმა თანხა, უბრალოდ, უნდა ისესხოს. კრედიტის აღების აუცილებლობა თუ არ არსებობს, სჯობს, საერთოდ არ ისესხონ თანხა“, - განაცხადა კეპულაძემ.