კორონავირუსის გამო საერთაშორისო ბაზრები კრიზისის ზღვარზეა. საფონდო ინდექსები დაეცა, ხოლო ნავთობი შეუჩერებლად იაფდება. უკვე ნათელია, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა შემცირდება და შესაძლოა, მინიმუმამდე დავიდეს.
კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისი გამო „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 50 დოლარს ჩამოსცდა. ასეთი ფასი, „შავ ოქროზე“ ბოლოს 2017 წლის ივლისის ბოლოს დაფიქსირდა. ბირჟის ანალიტიკოსები „შავი ოქროს“ გაუფასურებას ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნილების შემცირებას უკავშირებენ.
„ბლუმბერგის“ მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების გამო ნავთობზე მოთხოვნა ჩინეთში დღე-ღამეში 3 მილიონ ბარელამდე შემცირდა. 25 თებერვალს კორონავირუსის საფრთხის შედეგად მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღეში 139 მილიარდი დოლარი დაკარგა.
მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიის ზრდასთან ერთად იზრდება კრიზისი საფინანსო ბაზრებზეც. ხუთშაბათს „უოლ სტრიტმა“ უზარმაზარი დანაკარგი განიცადა. „დოუ ჯონსი“ 1200 პუნქტით, ანუ 4,4%-ით დაეცა, რაც ამ საფინანსო ინდექსის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ვარდნაა ერთი დღის განმავლობაში. „ნასდაქი“ კი 4.6%-ით შემცირდა.
მანამდე სერიოზული ვარდნა შეინიშნებოდა ევროპისა და აზიის საფინანსო ბაზრებზე. მსოფლიო მასშტაბით საფინანსო ბაზრებმა კრიზისის განმავლობაში ექვს დღეში 3,6 ტრილიონი დოლარის დანაკარგი განიცადა.
სპეციალისტები გამოთქვამენ შიშს, რომ კორონავირუსის გავრცელებით მიყენებულმა ზარალმა შეიძლება 2008 წლის საფინანსო კრიზისის მასშტაბები მიიღოს.
დღეისთვის კორონავირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 59 ქვეყანაშია დაფიქსირებული, აღრიცხულია დაავადების 4200 შემთხვევა, გარდაიცვალა 70 ადამიანი.
ჯერჯერობით მსოფლიო ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი დაკავშირებულია არა ეპიდემიასთან, არამედ მასთან ბრძოლის მეთოდებთან. აშკარაა, რომ ჩინეთის ეკონომიკა დაზარლდება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე აღიარეს, რომ წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, 5%-ზე დაბალი იქნება. კონკრეტულად რამდენით ნაკლები იქნება, ეპიდემიის სიმძიმესა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.
ჩინეთის ხელისუფლება მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად შესაბამისი ზომების მიღებას ცდილობს. საახალწლო არდადეგები მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 თებერვლამდე, დიდ ქალაქებში კი 9 თებერვლამდე გაგრძელდა (როგორც წესი, ეს პერიოდი 31 იანვარს სრულდება). შესაძლოა, ვადის გახანგრძლივება კიდევ გახდეს საჭირო, რაც ეპიდემიის გავრცელების ტემპსა და შედეგებზეა დამოკიდებული.
ამით დაზარალდება არა მხოლოდ ჩინეთის ეკონომიკა, არამედ ყველა ის ქვეყანა, რომლებსაც მასთან საწარმოო და სავაჭრო ურთიერთობა აქვს. მაგალითად, ჩინურმა კომპანიებმა სმარტფონების წარმოება გადაავადეს. ეს ეხება როგორც ადგილობრივ პროდუქციას, ისე იმ მოდელებს, რომლებსაც ჩინურ ქარხნებში აწყობენ. თუ ეპიდემია გაჭიანურდება, საერთაშორისო კომპანიებს მოუწევთ ახალი საწარმოო ქსელების შექმნა, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ზარალი ელოდება სატრანსპორტო და ტურისტულ კომპანიებსაც. ეს ეხება არა მხოლოდ ჩინეთის სეგმენტს, რადგან ადამიანების გადაადგილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემცირდება.
ეკონომისტები მთავარ საფრთხედ მაინც ჩინეთის სამომხმარებლო ბაზრის შემცირებას მიიჩნევენ. ეს შეიძლება გლობალური ფინანსური კრიზისის ერთგვარი ბიძგიც კი აღმოჩნდეს.
ახლა, მე და ბიძინამ რომ გავაკეთოთ ერთი და იგივე განცხადება - მხოლოდ 1 მილიონი დოლარი დამრჩაო... ჩემზე იტყვიან, - ვაჰ, საიდან იშოვა ამხელა ფულიო? და ბიძინაზე - უი, რა უბედურება დამართნიაო! :))