საქართველოს ახალი ხელისუფლების მომრავლებული შეცდომები

საქართველოს ახალი ხელისუფლების მომრავლებული შეცდომები

ოპონენტები პრორუსული ორიენტაციის მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პოლიტიკურ ოპონენტებზე, "კუდიანებზე ნადირობის" გაჩაღებაში სდებენ ბრალს, - ამის შესახებ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, რომლის სათაურია:"საქართველოს ახალი ხელისუფლების მომრავლებული შეცდომები".

სტატიის ავტორი იზაბელ ლასერი აღნიშნავს, რომ 21 პოლიტიკოსი უკვე ციხეშია და გამორიცხული არ არის, მათ სხვებიც მიჰყვნენ.

"ათი წლის განმავლობაში, ყოფილი რკინის ფარდის მიღმა, მშვიდობისა და დემოკრატიის მომხრეებს თვალი ეჭირათ საქართველოზე. რეფორმისტებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეთა მიერ მართული ეს პატარა კავკასიური ქვეყანა მისაბაძი მოდელი გახდა რეგიონის იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევა სურდათ. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რაც 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ახლა კი "საქართველოს მაგალითი" საფრთხის ქვეშ დგას. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ", მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ოპონენტების წინააღმდეგ "კუდიანებზე ნადირობა" გააჩაღა. ხელისუფლების გადაცემისთანავე დაწყებული დაპატიმრებების ტალღა პრეზიდენტ ახლო წრის წინააღმდეგ დღესაც გრძელდება", - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის მეორე ნაწილში, რომლის ქვესათაურია - "ქართული ოცნების" ქმედებები ნიურბერგის პროცესისთვის მზადებას მოგვაგონებენ", საუბარია ახალი მთავრობის სხვა ქმედებებზე.
"მათი ქმედებები მარტო დაპატიმრებებით არ შემოიფარგლება. ისინი მიმართულია ასევე პრეზიდენტზე დამოკიდებული რამდენიმე მედიასაშუალებისა და ინტიტუციის წინააღმდეგ. ოპოზიციაზე ხდება პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა, რათა ახალმა მთავრობამ კონსტიტუციური უმრავლესობის შეკოწიწება შეძლოს, რაც თავის მხრივ, შესაძლებელს გახდიდა პრეზიდენტის იმპიჩმენტს. ოპოზიციის 7 წევრი მათ უკვე დანებდა. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრს არ სურს, საკუთარ თავს პრეზიდენტთან თანაცხოვრება აიძულოს", - წერს ავტორი.

სტატიაში მოყვანილია ბიძინა ივანიშვილის ციტატაც, რომლის თანახმადაც პრემიერი საუკეთესო გამოსავლად პრეზიდენტის გადადგომას მიიჩნევს.

პუბლიკაციაში გამოყოფილია კიდევ ერთი ნაწილი, რომლის ქვესათაურია - "გვიჭირს ვაღიაროთ, რომ ყველა მოქალაქე თანასწორია".

სტატიის ამ მონაკვეთში ავტორი ახალი და ძველი ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკურ ორიენტირებს ადარებს.

"მაინც რატომ მიუთითებს ახალი ხელისუფლება ძველისკენ?! უდავოა, რომ მათ რეფორმები საზოგადოებას ერთგვარად თავს მოახვიეს. როგორც ყოფილი კომუნისტური სამყაროს ყველა სხვა ქვეყანაში, გარდამავალი პერიოდი სხვა ვარიანტებს გამორიცხავდა, მაგრამ დაჩქარებული ტემპებით მიმდინარე მოლაპარაკებები ნატო-სა და ევროკავშირთან, რამაც მოსკოვთან ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია, ახალი პრემიერ-მინისტრისთვის პრიორიტეტს უკვე აღარ წარმოადგენს. მილიარდერს, რომელმაც მთელი თავისი ქონება მოსკოვში იშოვა, თანაც, როგორც ამბობენ, კრემლის დახმარებით, სურს ჯერ ურთიერთობები რუსეთთან გააუმჯობესოს, რუსეთთან, რომელსაც ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. განსაკუთრებით მიუღებელი ახალი ხელისუფლებისათვის სააკაშვილის მულტიკულტურული პოლიტიკა და მისი გადაწყვეტილებაა - საქართველოში ყველა რელიგიის თანასწორუფლებიანად გამოცხადების შესახებ. ახალი პრემიერ-მინისტრის გარემოცვაში ამ საკითხთან დაკავშირებით ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლის ფონზეც ფრანგი ლე პენი მემარცხენედ მოგეჩვენება კაცს", - ნათქვამია სტატიაში.

ავტორს იქვე მოჰყავს ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ციტატა, რომელიც ამბობს, რომ ყველა მოქალაქის თანასწორობა მათთვის ძნელი მისაღებია.

"წინა მთავრობა მიიჩნევდა, რომ უმცირესობების დაცვა, მათ შორის სექსუალური უმცირესობებისა, დემოკრატიის თანმდევი და დამახასიათებელი ნიშანია. ევროპის ქვეყნებში ყველა მოქალაქე თანასწორია. ჩვენთვის ძნელია ამის მიღება, რამდენადაც ეს წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ ეთიკასთან", - მოჰყავს გაზეთს მანანა კობახიძის ციტატა.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, კობახიძის კოლეგა მურმან დუმბაძე კი, ჰომოსექსუალებს "ავადმყოფებად მიიჩნევს, რომელთაც მკურნალობა სჭირდებათ."

"ამ "შემაშფოთებელი სიგნალების" ფონზე, პრეზიდენტის გარემოცვამ განგაშის ზარებს შემოჰკრა. "თუ დემოკრატიული არჩევნების შედეგად ახალი ავტორიტარული რეჟიმი შეიქმნება, რომელიც თავის ოპონენტებს ციხეში უკრავს თავს, ეს კატასტროფა იქნება, როგორც საქართველოსათვის, ასევე მთელი ყოფილი საბჭოთა სივრცისთვის", - გვაფრთხილებს პრეზიდენტის მრჩეველი რაფაელ გლუკსმანი. ამ ყველაფრის შემხედვარე ვლადიმერ პუტინი კი ალბათ, გვარიანად სეირობს", - აღნიშნულია სტატიაში.