ნათელა მოდებაძე -

ნათელა მოდებაძე - "მე დავინახე ორი გვამი... ერთი შეიტანეს, ხოლო მეორე - შეიყვანეს"

"ქრონიკის წინა ნომერში გამოქვეყნებულმა მამა ელიზბარის ინტერვიუმ, სადაც პირველად გახმაურდა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის შემთხვევითი მოწმის- ქალბატონ ნათელა მოდებაძის სახელი და გვარი საზოგადოების უპრეცედენტო ინტერესი გამოიწვია. ე.წ. სკაიპის საშუალებით მოვახერხეთ ნათელა მოდებაძესთან დაკავშირება და ინტერვიუს ჩაწერა. იგი ირლანდიაში, დუბლინში ცხოვრობს და ელოდება იმ დროს, როცა საქართველოში ჩამოვა და უსაფრთხოდ და მშვიდად იგრძნობს თავს. ახლა ის დაუცველია და ნაძირალა მიხეილ სააკაშვილის ფარული თუ ხილული აგენტები მას ემუქრებიან. მეტიც, შარშან 2011 წლის 19 აგვისტოს ნათელა მოდებაძე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა - დუბლინში მას ჯერ მსუბუქი ავტომანქანა "გოლფი" დააჯახეს და მერე ჯიპმა გადაუარა, მაგრამ თანამედროვე მედიცინისა და კეთილი ადამიანების წყალობით, გადარჩა" - წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურითზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის შემთხვევითი მოწმე "ქრონიკას" სკანდალურ დეტალებს უმხელს!

"მართალია, ძალიან მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან საქართველოში არიან ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, ჩემი ვაჟი, ჩემი ოჯახის წევრები და ძალიან ვშიშობ, ვაითუ ამ ჩემი ინტერვიუთი მათ რამე დაუშავდეთ, მაგრამ თქვენ უარი ვერ გითხარით. თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ამ საქმეში, რასაც მე შევესწარი, რაღაც-რაღაცებს მაინც ჩემთვის დავიტოვებ, მაგრამ საჭირო დროს, როცა ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება თავიდან ბოლომდე დაცული იქნება, რა თქმა უნდა, ყველაფერს ბოლომდე ვიტყვი!", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნათელა მოდებაძე.

"ღამის პირველი საათი, შეიძლება მეტიც იყო... ერთი სიტყვით, ფულის გადახურდავება გვინდოდა და მე და ჩემი მეგობრის ბავშვი, (რომელიც, როგორც მოგახსენეთ გარდაცვლილია), იქვე ბენზინგასამართ სადგურზე წავედით ფულის გადასახურდავებლად, რადგან რაღაც-რაღაცები უნდა გვეყიდა. თქვენ თუ გაქვთ ნანახი საბურთალოს ქუჩის N53 სახლი, ერთი ცენტრალური ქუჩაა და მეორე - კუთხეში შემოსასვლელია. ჩვენ სწორედ ამ კუთხის შემოსასვლელიდან შემოვედით და სწორედ იქ დაგვხვდა შავი, დიდი ჯიპი, რომელიც შუქებჩამქრალი იდგა, ხოლო იმ სახლში, რომელიც ვასიკო მაღლაფერიძეს ჰქონდა ნაქირავები, შუქი ანთებული იყო. მე და ჩემი მეგობრის ქალიშვილმა ერთმანეთში ჩუმი, უხმაურო სიცილით, ისე რომ სხვათა ყურადღება არ მიგვეპყრო, წავიჭორავეთ - ალბათ ვასიკო მაღლაფერიძეს ვინმეები თუ ჰყავს მოყვანილი-მეთქი!" - განაგრძობს რესპონდენტი.

"დავინახე ორი გვამი. მათი სახეები არ დამინახავს, ეს გამორიცხულია, მაგრამ მე გარკვევით, ძალიან ახლოდან დავინახე ორი გვამი. მეორე დილით რომ გამოაცხადა ვანო მერაბიშვილმა - ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი გაზმა გაგუდა ამა და ამ სახლშიო, აი, მაშინ ვიკივლე და მეგობარს ვუთხარი - სწორედ ჟვანიასა და იმ საცოდავი ბიჭის გვამები შეასვენეს მაგ სახლში წუხელ-მეთქი! იცით როგორ იყო, ერთი შეიტანეს, ხოლო მეორე შეიყვანეს - იცით, რისი თქმა მინდა, უფრო დიდი გვამი, რომელიც სავარაუდოდ, ბატონი ზურაბ ჟვანიას ცხედარი უნდა ყოფილიყო, რამდნიმე კაცმა სახლში შეიტანა, ხოლო შედარებით ახალგაზრდა და მსუბუქი რომელიც იყო, მთვრალ კაცს რომ შეუდგებიან აქეთ-იქიდან და წაიყვანენ, აი, ასე შეიტანეს სახლში - ეს მე გარკვევით დავინახე", - ამბობს ნათელა მოდებაძე. 

"იმ შავმა ჯიპმა, პირველ რიგში იმიტომ მიიპყრო ჩემი ყურადღება, რომ მანქანას ფარები ჩამქრალი ჰქონდა. გამომრჩა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ფანჯარასთან კაცი იყო ასული. დამრჩა შთაბეჭდილება და გავიფიქრე - ალბათ, გასაღები დარჩათ და კარს ვერ აღებენ-მეთქი! გახსოვთ, ალბათ მეორე დღეს რომ აჩვენეს გადმოწეული გისოსები... გამორიცხულია იქ, იმ გისოსებში ვერავინ ვერ შევიდოდა, ვერც ძაძამია და ვერც ვერავინ. ეს დასჭირდათ კვალის ასარევად, თუმცა ყველაფერი უნიჭოდ გააკეთეს. მე დამინახეს თუ არა, არ ვიცი. იცით, ჩემით როდიდან დაინტერესდნენ? მეორე დღიდან, როცა მე ვლაპარაკობდი - აი, ეს მოხდა და ეს დავინახე-მეთქი, შევამჩნიე, რომ წამოვიდა ასეთი კითხვები: "მაინც რა დაინახეთ? კიდევ რა იცით?" ამის შემდეგ იყო, რომ სახლში შემოუვარდნენ ჩემს მეუღლეს და ძალიან ცუდი სიტყვები უთხრეს - შუბლს გაგიხვრეტთო და ა.შ... კიდევ ერთი დაზუსტება - როცა 2006 წლის 3 თებერვლის რამეს მე ის ყველაფერი ვნახე, მაშინ ჩემი მეუღლე ჩემთან ერთად არ ყოფილა, მოსკოვში იყო", - იხსენებს ნათელა მოდებაძე. 

"ირლანდიაში, დუბლინში რომ ჩავედი, იქ მე გასაუბრების დროს ყველაფერი მოვყევი და არაფერი დამიმალავს. თარჯიმნობას მიწევდა ერთი ახალგაზრდა ქართველი გოგონა ნათია კალანდია. თუ არ ვცდები არის გიორგი კალანდიას ნახევარდა და დუბლინში საქართველოს საკონსულოში მუშაობს. კონსული გახლავთ ირაკლი კოპლატაძე (სხვათა შორის, როცა მე მანქანა დამაჯახეს, მთელი ორი კვირის განმავლობაში ატრიალებდა ამ ამბავს აქაური პრესა და ტელევიზია და ჩემი ამბით ერთხელაც არ დაინტერესებულა). რაც შეეხება ნათია კალანდაძეს, თურმე ყველაფერი ჩაიკაკლავს თავისი უფროსებისთვის. ცოტა ხანში მირეკავს ჩემი ვაჟი და მეუბნება - შენი "აიდის" მონაცემები და შენი მისამართი გამომიგზავნე სასწრაფოდო - მე ვკითხე, რა გინდა-მეთქი, მთხოვენ და სასწრაფოდ გამომიგზავნეო. არ გავუგზავნე. ამის შემდეგ მირეკავს რძალი - სამი დღეა ზურა დაკავებული ჰყავთ, არ უშვებენ და იქნებ "აიდის" მონაცემები და მისამართი გამოგვიგზავნოთო" - მერე, რა თქმა უნდა, გავუგზავნე", - დასძენს რესპონდენტი.

"2011 წლია 26 მაისის საშინელება რომ მოხდა, 2000 ბუკლეტი დავამზადე, მქონდა ფოტოები და აბსოლუტურად ყველა საკონსულოში დავარიგე ეს ბუკლეტები ინგლისური წარწერით - "სააკაშვილი არის მკვლელი!" ამ ფოტოებს ვარიგებდი ქუჩებში, მაღაზიებში, ავტობუსებში. მე და ჩემი მეუღლე, ძირითადად ამით ვიყავით დაკავებულები. ვთხოვდი ქართველებს, მოგვეწყო აქცია დუბლინის ცენტრში, მაგრამ არც ერთი არ გამომყვა, სამაგიეროდ, კონცერტი გამართეს. 2011 წლის 4 სექტემბერს დავგეგმე პრესკონფერენცია, ჟურნალისტებისთვის ყველაფერი უნდა მომეთხრო ზურაბ ჟვანიას მკვლელობის, 26 მაისის შესახებ, მაგრამ 19 აგვისტოს, მაშინ როცა ამერიკის საკონსულოდან გამოვდიოდი აბსოლუტურად მყუდრო და უხმაურო ქუჩაზე მოულოდნელად გამოვარდა მანქანა გოლფი დამეჯახა და წავიდა. უკან მოჰყვებოდა ჯიპი და იმანაც გადამიარა. აბსოლუტურად ყველაფერი დაზიანებული მქონდა, სასწაულით გადავრჩი!", - დასძენს ნათელა მოდებაძე.

"ხერხემალი მთლიანად გადატეხილი მქონდა, მენჯში გადახსნილი, აბსოლუტურად ყველა ნეკნი გატეხილი მქონდა, მთლიანად გაბრტყელებული ვიყავი - გული, ღვიძლი ფილტვი, თირკმელი ყველაფერი საშინელ დღეში იყო, მაგრამ რამოდენა ძალა აქვს უფალს! სიკვდილს ვებრძოდი, 8 ოპერაცია გამიკეთეს, მალები ჩამისვეს და ახლა ეტლის საშუალებით შემიძლია მოძრაობა. მხოლოდ ერთხელ იყო პოლიცია მოსული, ისიც მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გამომწერეს, თორემ მეტი მე არაფერი ვიცი, არც არავინ დაუკავებიათ, არც არავინ დაუკითხავთ. აქაური ახლობლებისგან ვიცი, რომ თურმე ირლანდიის იუსტიციის მინისტრსა და სააკაშვილს ერთობლივი ბიზნესი ჰქონიათ, პარტნიორები ყოფილან და სწორედ ამის გამოა, რომ აქ პრობლემებს მიქმნიან და ამ ორი კვირის წინათ მითხრეს - შეიძლება დეპორტაცია გაგიკეთონ, რადგან სასამართლომ თქვენი არ დაიჯერაო. სხვათა შორის, ნიკა გილაურიც აქ სწავლობდა და ამდენად, მე არაფერს გამოვრიცხავ", - აცხადებს ნათელა მოდებაძე და შეკითხვას - "რა ბიზნესი აქვთ სააკაშვილსა და ირლანდიის იუსტიციის მინისტრსო?", - პასუხობს:

"ვერ დამიკონკრეტეს. მაგრამ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტსა და სააკაშვილს რომ ერთობლივი ბიზნესი აქვთ, ეს უკვე ცნობილი ამბავია... აქ საქართველოს საკონსულოს მაფია აქვს ჩამოყალიბებული, ქართველი მღვდელი არ გაიკარეს და ვიღაც მღვდელი ჰყავთ, რომელიც ამათ ემორჩილება. აი, ესეც ვამხილე და ყველაფერთან ერთად, ამიტომაც არ უნდოდათ ჩემი დანახვა. როდესაც ჩემთან ზარები შემოდიოდა და მემუქრებოდნენ - ქართველები მირეკავდნენ დაფარული ნომრებიდან - მე მივედი აქაურ პოლიციაში და განვაცხადე, მემუქრებიან-მეთქი. არავითარი რეაქცია! სწორედ ამის შემდეგ დამაჯახეს მანქანა... მომიტევეთ, რაღაცებს სასამართლოსთვისაც შემოვინახავ და თუ ღმერთმა ინება და სასამართლომდე მივედი. ბევრ რამეს ვიტყვი, მე ყველაფერს ვიტყვი!"