„კაზინოზე ბევრად მეტი უბედურების მომტანია სლოტ–კლუბები, სადაც ძირითადად, ღარიბი მოსახლეობა თამაშობს“

„კაზინოზე ბევრად მეტი უბედურების მომტანია სლოტ–კლუბები, სადაც ძირითადად, ღარიბი მოსახლეობა თამაშობს“

2018 წელს აზარტული სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6 მილიარდი ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13 მილიარდ  800 მილიონი ლარი შეადგინა. როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს - ბოლო 10 წლის ოფიციალური მონაცემებით, თითქმის 200-ჯერ გაიზარდა.

უმრავლეს შემთხვევაში, აზარტული თამაშები იქცევა ძლიერი ემოციების ერთადერთ წყაროდ და ხშირად, ადამიანი მიჰყავს ისეთივე დეგრადაციამდე, როგორც ნარკომანიას და ალკოჰოლიზმს. ზემოთაღნიშნული ფსიქოლოგიური პრობლემები კიდევ უფრო მწვავდება მოთამაშის თანადათან გაუარესებული სოციალური მდგომარეობით, რაც თამაშს მოაქვს - სახეზეა გაყიდული ქონება, სახლები, დანგრეული ოჯახები. უკიდურეს შემთხვევაში „ლუდომანიით“ შეპყრობილი ადამიანი სხვადასხვა დანაშაულამდე ან თვითმკვლელობამდეც კი მიდის. ამ ყველაფერს ემატება ინტენსიური და შეუზღუდავი რეკლამირება. ქალაქები, სადაც აზარტული თამაშები ლეგალურია, დანაშაულის პროცენტი მაღალია და ასევე ხშირია მცირე ბიზნესის გაბანკროტება. 

2013 წელს დავწერე კანონპროექტი აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის შესახებ, რომელიც პარლამენტში კობა დავითაშვილმა გაიტანა. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა აზარტული თამაშების ბიზნესმა მოახდინა ზეგავლენა დეპუტატებზე და მეორე მოსმენაზე კანონპროექტი ჩააგდეს, დააკლდა 13 ხმა.

2019 წელს პარლამენტში კიდევ ერთხელ მოხდა აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის მცდელობა, ამჯერად ინიციატორი პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი იყო, თუმცა კანონპროექტს მხარი 42 დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა და პარლამენტმა საკითხი ამჯერადაც ჩააგდო.

პრობლემაა მასშტაბი და ხელმისაწვდომობა. საქართველოში სრული კომფორტია შექმნილი სახლიდან გაუსვლელად სათამაშოდ.

აზარტული თამაშების დამცველებისგან ხშირად გავიგონებთ არგუმენტს, რომ თუ ინტერნეტ თამაშებს ავკრძალავთ, მოთამაშეები უცხოურ საიტებზე ითამაშებენ. ამის მოგვარება ძალიან მარტივია ამერიკის მაგალითზე. 1961 წელს აშშ-ში 87 მოწვევის კონგრესმა კანონი „შტატთაშორისი საკომუნიკაციო აქტი“ მიიღო. კანონის მიხედვით აიკრძალა კომუნიკაციის  საშუალებით (ტელეფონით) ფსონების განხორციელება, რაც შემდგომში გავრცელდა დანარჩენ ფორმებზეც (ინტერნეტი). ბანკს არ აქვს უფლება ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს აზარტულ დაწესებულებებთან არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. კანონი ითვალისწინებს ფინანსურ ჯარიმას, ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთას. ასევე აზარტული თამაშების დამცველები ხშირად აცხადებენ, რომ თუ აზარტულ თამაშებს შევზღუდავთ, ბიუჯეტს სერიოზული თანხა მოაკლდება. ჯერ ერთი, სახელმწიფოს არ უნდა აწყობდეს ფული, რომელიც საკუთარი მოსახლეობის გაუბედურების ხარჯზე იღებს და მეორე, ის თანხა, რომელსაც მოთამაშე აზარტულ თამაშებში აღარ დაკარგავს, დახარჯავს რესტორანში, კინოთეატრში, მაღაზიაში და სხვა... შესაბამისად, ის თანხა ბიუჯეტში მაინც შევა, ოღონდ სხვა, გაცილებით უკეთესი გზებით.

აზარტული თამაშების სრული აკრძალვით პრობლემა არ მოგვარდება, აქაც, ისევე როგორც სხვა სფეროში, სახელმწიფოებრივი ინტერესებით უნდა ვიმოქმედოთ, მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ ხელმისაწვდომობა და შევამციროთ მასშტაბი! უნდა მოვძებნოთ ოქროს შუალედი, ერთი მხრივ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მეორე მხრივ უნდა ვეცადოთ ბიზნესმა იატაქვეშეთში არ გადაინაცვლოს. ამ პრობლემის მოგვარების ჩემეულ ვერსიას შემოგთავაზებთ:

უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამირება;

უნდა აიკრძალოს სლოტ–კლუბები;

უნდა აიკრძალოს ონლაინ (ინტერნეტ) თამაშები.

ტოტალიზატორი და კაზინო, ალბათ, უნდა დარჩეს, რადგან ტოტალიზატორში თამაშის დროს აზარტის დაკმაყოფილება მცირე თანხით, 1 ლარითაც შეიძლება, კავშირშია სპორტულ ერუდიციასთან და სპორტის მოყვარულთა მასშტაბის გათვალისწინებით, დიდია ალბათობა, რომ მისი აკრძალვით ბიზნესმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლოს. კაზინოს რაც შეეხება, მას ჰყავს თავისი კლიენტურა (შეძლებული), გარდა ამისა მოთამაშეთა  დიდი ნაწილი  უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. სულ საქართველოში 952 აზარტული დაწესებულებაა, თბილისში 571 აზარტული ობიექტიდან მხოლოდ 6 კაზინოა, დანარჩენი სლოტ–კლუბებია. ბათუმში კი 96–დან კი მხოლოდ 8 კაზინოა! ამ სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს, რომ კაზინოზე ბევრად მეტი უბედურების მომტანია სლოტ–კლუბები, სადაც ძირითადად, ღარიბი მოსახლეობა თამაშობს და კიდევ უფრო მეტად ღარიბდება!

იტალიის მაგალითი რომ ავიღოთ, ქვეყნის მაშტაბით ფუნქციონირებს მხოლოდ 4 კაზინო. ისინი განთავსებულია საფრანგეთის და შვეიცარიის საზღვართან, რათა ერთი მხრივ, დაიცვან თავისი ქვეყნის მოქალაქეები და მეორე მხრივ, არ მოხდეს ფულის ქვეყნიდან გადინება. იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რენატო ბალდუზიმ წამოაყენა წინადადება, ლუდომანია შეტანილი ყოფილიყო დაავადებათა სიაში, რათა შემდგომში მომხდარიყო აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა  რეაბილიტაცია- მკურნალობა. ხოლო იტალიის  საოჯახო საქმეთა მინისტრმა ანდრეა რეკარდიმ ფართომასშტაბიანი აქცია ჩაატარა პრესაში, აზარტული თამაშების აკრძალვის ან მკვეთრად შეზღუდვის მოთხოვნით, რადგან მიაჩნია, რომ აზარტული თამაშები უწევს პროვოცირებას ოჯახურ და პიროვნულ პრობლემებს, რაც საბოლოო ჯამში, მთავრდება ეკონომიკური კრახით.

დღეს საქართველო გადაქცეულია აზარტული თამაშების ოაზისად! სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია აზარტული თამაშების ხელშეწყობისა და წახალისებისკენ, შესაბამისად, მისი მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება!

 

 

Katana . "იტალიის მაგალითი: ქვეყნის მაშტაბით ფუნქციონირებს მხოლოდ 4 კაზინო. ისინი განთავსებულია საფრანგეთის და შვეიცარიის საზღვართან, რათა ერთი მხრივ, დაიცვან თავისი ქვეყნის მოქალაქეები და მეორე მხრივ, არ მოხდეს ფულის ქვეყნიდან გადინება."
:)
ჩვენ კი, სხვა ადგილებზე რომ არაფერი ვთქვთ, მხოლოდ ბათუმში გვქონია 8 კაზინო! - აი, ეგრე!.. ახლა, ვის უფრო ეკუთვნის ევროკავშირში ყოფნა, ჩვენ თუ მაგათ?!
*
"დღეს საქართველო გადაქცეულია აზარტული თამაშების ოაზისად! "
და არა მხოლოდ! - არალეგალური ბორდელების და სექს-მომსახურების ოაზისადაც!
*
ღვთისმშობელმა იცის, რომ პარლამენტის დადგენილებით(!), ჩვენ მისი წილხვედრი ქვეყანა ვართ?..
თუმცა, არ გვეტყობა, რო?!
4 თვის უკან