მატროსივიდან სახლში, თუ პოლიტიკაში? - მერაბიშვილი სამომავლო გეგმებზე ხვალ ისაუბრებს

მატროსივიდან სახლში, თუ პოლიტიკაში? - მერაბიშვილი სამომავლო გეგმებზე ხვალ ისაუბრებს

ვანო მერაბიშვილი ე.წ.მატროსოვის ციხეს ხვალ, დილის 10: 00 საათზე დატოვებს. ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ყოფილ შს მინისტრს, 7-წლიანი პატიმრობის ვადა, სწორედ, ხვალ ეწურება. მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

კეთდება განცხადებები, რომ საპატიმროს დატოვების შემდეგ, მერაბიშვილი, სავარაუდოდ, პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა ვისთან და რა ფორმით, ჯერჯერობით გაურკვეველია. ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი სამომავლო გეგმებზე განცხადებას გათავისუფლების შემდეგ გააკეთებს.

„ჩვენ უკვე ხვალ, 10:00 საათზე შევიკრიბებით და დაველოდებით მეცხრე დაწესებულებასთან. დანარჩენს, თავის პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს გათავისუფლების შემდეგ. არის ძალიან კარგ ხასიათზე, არის გაუტეხავად, როგორც იყო ექვსი წლისა და ცხრა თვის განმავლობაში“, -განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

არსებული ინფორმაციით ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ საქმიანობას „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად გააგრძელებს, რასაც ადასტურებს ექს-პრეზიდენტის ბრალდებები მერაბიშვილის მიმართ. როგორც ოთარ კახიძე აცხადებს, სამომავლო გეგმებზე მერაბიშვილი გათავისუფლების შემდეგ თავადვე ისაუბრებს, რადგან არ იცის რას აპირებს მერაბიშვილი.

„ამ თემაზე ბოლო ხანებში ჩვენ არც გვისაუბრია, შესაბამისად თავის გეგმებზე, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებზე საზოგადოებას თავად აუხსნის და დეტალებს თავად მოგახსენებთ. ჩვენს პარტიაში ვანო მერაბიშვილს ჰყავს არაერთი მეგობარი ჩემი ჩათვლით, მაგრამ რაც შეეხება მის პოლიტიკურ პრეფერენციებს, რას გადაწყვეტს და როგორ იმოქმედებს, თავად ისაუბრებს. იმ საკითხზე, რომელიც არის მისი გადასაწყვეტი მე სპეკულაციებს ვერ დავიწყებ.

ვანო მერაბიშვილი არის მნიშნელოვანი პოლიტიკური ფიგურა და პოლიტიკაში დარჩება, ოღონდ რა ფორმით, როგორ ამას თავად ეტყვის საზოგადოებას“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

მერაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებზე ინფორმაცია არ აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუმცა დარწმუნებით იციან, რომ ყოფილი შს მინისტრის პოლიტიკურ გემოვნებაში უკვე არ ჯდება „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, სასიხარულოა, რომ ხვალ დააღწევს თავს ამ რეპრესიულ, უსამართლო სასჯელს, რადგან მერაბიშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი.

„ვანო მერაბიშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი, რაც დაამტკიცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ. ის შეიძლება ითქვას, იყო ივანიშვილის პირადი პატიმარი. მერაბიშვილი 7 წლის განმავლობაში უსამართლოდ იჯდა ციხეში. სასიხარულოა, რომ ხვალ დააღწევს თავს ამ რეპრესიულ, უსამართლო სასჯელს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ გეგმებს, ის თავად იტყვის ხვალ პირველი. ხვალ გვეცოდინება მისი პოზიცია და მისი მომავალი გეგმების შესახებ“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

მერაბიშვილის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი სრულიად ზედმეტად ეჩვენებათ მმართველ გუნდში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თუ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, მას შანსები არ ექნება.

„თუ ვინმემ მოიხადა სასჯელი და აღსრულდა სამართლიანობა, ითვლება, რომ დასრულდა ეს პროცესი. ადამიანის, რომელიც იყო მინისტრი და მხილებულ იქნა არაერთ მძიმე დანაშაულის ჩადენაში, მე ვფიქრობ, რომ სრულიად ზედმეტია რაიმე ტიპის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილისგან განსხვავებით, გია კრიაშვილის და, ლია კრიაშვილი არ ფიქრობს, რომ მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი და უნდა განთავისუფლდეს. როგორც კრიალაშვილი აცხადებს, მერაბიშვილი პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის საქმეზე არ გასამართლებულა და ციხიდან არ უნდა განთავისუფლდეს.

„ვანო მერაბიშვილი არ უნდა გამოვიდეს ციხიდან. ჩემი ძმის საქმე უკვე 7 წელია პროკურატურაში დევს და ამაზე მერაბიშვილი არ გასამართლებულა, ამიტომ მივიჩნევ, რომ მას ახალი ბრალი უნდა წარედგინოს. როდემდე შეიძლება საქმეების თაროზე შემოდება. მე პროკურატურასთან მაქვს პრეტენზია და ახლა დიდი იმედით ველოდები ირაკლი შოთაძის დანიშვნას, რომ იქნებ მან მაინც გადაწყვიტოს რაიმე. კაცი, რომელიც ორ გვამს ითხოვს და პრემიები დიდი იქნებაო იძახდა, ამ გაცემული პრემიების სიები პროკურატურაში დევს.

მიხეილ სააკაშვილი ითხოვდა, მიწიდან ამოიღეთო გია კრიალაშვილი, ეს პირდაპირი ბრძანება იყო ლიკვიდაციის, დღეს კი საქმე ისევ გაურკვეველია. პროკურატურა აცხადებს, რომ მტკიცებულებები არ აქვთ ამ საქმეზე. ბრძანება გაცემულია, კაცი მოკლულია, პრემიები გაცემულია და რა მტკიცებულებებს ელოდება პროკურატურა?“, - აცხადებს ლია კრიალაშვილი.

მისი განცხადებით, 2009 წლის მაისში ე.წ. ამბოხის სცენარი დაიდგა მაშინდელი ხელისუფლების მიერ, მაგრამ იქ რეალურად იყო დაუმორჩილებლობა.

„უბრძანეს, რომ აღლუმზე უნდა გამოსულიყვნენ და აქციების დარბევაც იყო ნაბრძანები, ამაზე ჯარი წინააღმდეგი წავიდა. ეს წარმოაჩინა მაშინდელმა ხელისუფლებამ ამბოხად. გიას მოშორება უნდოდათ, რომელსაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ჯარში. გიას ქერჩის ქუჩაზე გზა გადაუკეტეს და დაიწყეს სროლა. ერთი ტყვია გულში ჰქონდა მოხვედრილი. დანარჩენები დაიჭრნენ 19 ტყვიით.

კობა ოთანაძე ამბობს, რომ მერე თარგამაძემ ხელებში დამცხრილაო. მუხროვანში რომ მივიდნენ, ყველანი იქ იყვნენ, სხვათა შორის გიგი უგულავაც, „ნაცმოძრაობამ“ ახლა გმირად რომ გამოაცხადა, თარგამაძეც იქ ბრძანდებოდა, მერაბიშვილიც. კატეგორიულად ვითხოვ ამ საქმის გამოძიების დასრულებას“, - განაცხადა ლია კრიალაშვილმა.