ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. ექსპორტი სტაბილურად იზრდება, თუმცა ეს იაფასიანი ნაწარმის ხარჯზე ხდება. გამოიკვეთა კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია, რომელიც ღვინის ადგილობრივ ბაზარს ეხება. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარება წლიდან წლამდე მცირდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო გაიყიდა.
მართალია ქართული ღვინის ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება, მაგრამ მატულობს გამოწვევებიც და რისკიც. ბიზნესმენები სექტორის ყველაზე დიდი პრობლემაზე საუბრობენ და ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი არსებობს.
კომპანია „თბილღვინოს“ დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა, რათა ქართული წარმოება არ გადავიდეს იაფფასიანი ღვინის მწარმოებელი ქვეყნების რიგებში.
„ამის საშიშროება რეალურად არის, რადგან ღვინის დიდი წილი იაფფასიან სეგმენტშია ექსპორტირებული. ამიტომ ჩვენი ისტორიული სინამდვილე, რომ ვართ ღვინის სამშობლო, ის ჩვენი ღვინის ჯიშები და დღევანდელი მაღალხარისხოვანი მემკვიდრეობა უნდა შენარჩუნდეს.
ღვინის 60%-ზე მეტი არის ექსპორტირებული რუსეთში. როდესაც ქვეყნის ინდუსტრია დამოკიდებულია ერთ ბაზარზე, თავისთავად უზარმაზარი რისკია, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ რუსეთში გაყიდვებზე, რუსეთი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენი სწრაფვა უნდა იყოს ისეთ ქვეყნებში ექსპორტის ზრდაზე, სადაც ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა არის ძალიან მყარი. იქ ჩვენ არ გვექნება ისეთი სწრაფი ზრდის ტემპი, როგორც რუსეთში, მაგრამ ასეთ ბაზრებზე ნებისმიერი ზრდა არის ბევრად უფრო პროგნოზირებადი“, - განუცხადა ჟურნალისტებს მარგველაშვილმა.
„თბილღვინოს“ დამფუძნებლის შეფასებით, სახელმწიფოს პოზიცია ხელი შეუწყონ კომპანიებს ბაზრების დივერსიფიცირებაში მნიშვნელოვანია, თუმცა კერძო სექტორი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს და შესაბამისად მათი ინტერესიდან უნდა გამომდინარეობდეს სტაბილურ ბაზრებზე შესვლა.
„სახელმწიფო რასაც აკეთებს დივერსიფიკაციისა და კომპანიების ხელშეწყობის კუთხით, ამის გაზრდა სასურველია, მაგრამ ძირითადად ეს არის კომპანიებში მიღებული გადაწყვეტილებები. რუსეთში გაყიდვა არის იოლი, იმიტომ, რომ ცნობადობა არის მაღალი და ცდუნება - უზარმაზარი. თუმცა ექსპორტის მოცულობის ზრდა მიიღწევა, ძირითადად, დაბალი ფასებით. საჭიროა მომავალში რუსეთისკენ ექსპორტი შემცირდეს და გადანაწილდეს ეკონომიკურად სტაბილურ ქვეყნებზე“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
გამოიკვეთა კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია, რომელიც ღვინის ადგილობრივ ბაზარს ეხება. „თიბისი კაპიტალის“ მიერ ღვინის სექტორის კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარება მცირდება. ასეთი ტენდენციას უკვე ბოლო 10 წელია. 2010 წლის შემდეგ ღვინის მოხმარება სტაბილურად იკლებს. იმ პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების მოცულობა 29 ლიტრს შეადგენდა, 2019 წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 20 ლიტრს ჩამოსცდება.
„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ერთი ქართველი ადამიანი 2016 წელს 24,6 ლიტრ ღვინოს მოიხმარდა“, - აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, დოკუმენტის მიხედვით, მოხმარების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ჩინეთში. ასევე ღვინოზე მოთხოვნა იზრდება დიდ ბრიტანეთში, იაპონიასა და ჩეხეთში. აშშ-სა და გერმანიაში კი მოხმარების დონე არ შეცვლილა.