ასეთი ირონიული ფრაზით გამოხატა სამეგრელოს მოსახლეობამ ზაზა გოროზიას ხელახალი გამოჩენა რეგიონში გუბერნატორის რანგში. ის 2005 წლის ივლისში დაინიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულად, 2011 წლის ოქტომბერში გადაყვანილ იქნა სოფლის მეურნეობის მინისტრად, ხოლო 2012 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა ისევ მოუვლინა სამეგრელოს.
რა დამსახურებისთვის? - ამ კითხვას სამართლიანად სვამს მოსახლეობა, რომელსაც ზაზა გოროზიამ თავი დაამახსოვრა, როგორც გაიძვერა და თაღლითმა ადამიანმა, ამიტომაც მის გამოჩენას ხალხი გულისწყრომითა და აღშფოთებით შეხვდა.
„ვაპროტესტებ გოროზიას გუბერნატორად დანიშვნას და არ მინდა იმ ქალაქში ცხოვრება, რომელშიც ის იმუშავებს. ვითხოვ თავშესაფარს თბილისში. გოროზია არის კორუმპირებული ბანდიტი. მე მეშინია მისი. მე ორჯერ დამეჯახა მანქანა. თუ მოვკვდი, ეს არ იქნება უბედური შემთხვევა, ეს იქნება ზაზა გოროზიას მიერ ჩადენილი დანაშაული“, - აცხადებს 80 წელს გადაცილებული ქალბატონი, მეფრინველეობის ფაბრიკის ყოფილი მფლობელი ეთერ ცხადაია. ის, მეოთხე წელია, ფაბრიკის ჩამორთმევის გამო გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, ფაბრიკის ჩამორთმევა ზაზა გოროზიას სახელს უკავშირდება და ის ამას არც აქამდე მალავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზაზა გოროზიაზე გადამტერებული იყო ყოფილი საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია, რადგან რეგიონში ერთმანეთს პირველობაში ეცილებოდნენ, ორივენი მრავალი წელი წოვდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთს სისხლს და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის ზრუნავდნენ. ახალაიას - პრეზიდენტი, ხოლო გოროზიას ადეიშვილი მფარველობდა. ახალაიებმა შეძლეს და ზაზა გოროზია მოაშორეს სამეგრელოს, რასაც მოჰყვა მისი სოფლის მეურნეობის მინისტრად გადაყვანა. ახლა, როცა ახალაიების კლანი აღარ არსებობს, პრეზიდენტმა ის ისევ გამოუშვა სამეგრელოში, თუმცა ის ყოველთვის აქ იყო, რადგან გურამ მისაბიშვილი რეგიონის გუბერნატორი მხოლოდ ფორმალურად იყო და ყველაფერს ისევ მინისტრი ზაზა გოროზია განაგებდა, რაზეც ხშირად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ადგილობრივი გამგეობებისა და საკრებულოების წარმომადგენლები, კულუარებში, რა თქმა უნდა. სოფლის მეურნეობის მინისტრობის პერიოდში ის სულ დაჰყვებოდა პრეზიდენტს ზუგდიდში და ყოფილი ყინულის სასახლის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებით იყო დაინტერესებული.
როგორც ცნობილი გახდა, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ზუგდიდში თხილის ქარხანა „არგონათსის“ სარდაფში არჩევნების გამყალბებელთა შტაბი ფუნქციონირებდა. „ნაცმოძრაობის“ ამ საიდუმლო შტაბის ერთ-ერთმა წევრმა, პრობაციონერმა ხვიჩა ჟორდანიამ არჩევნების გამყალბებელთა შორის ზაზა გოროზიაც მოიხსენია, უფრო მეტიც, ამ შტაბს თვით ზაზა გოროზია ხელმძღვანელობდაო. აი, ამით იყო დაკავებული სოფლის მეურნეობის მინისტრი და ახლა ისევ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი.
საჯარო მოხელეებიდან ზაზა გოროზია მაღალი პრემიებითაც გამოირჩეოდა. 2011 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში პრემიის სახით მან აიღო 22125 ლარი, ხოლო 2010 წელს კი ხელფასების, პრემიებისა და მივლინების სახით ბიუჯეტიდან 120 ათასამდე ლარი მიითვისა.
მან ასევე დიდი მოგება ნახა სამეგრელო-ზემო სვანეთის მიწების მისაკუთრებითა და მერე ასმაგად ამ მიწების ინვესტორებისთვის მიყიდვით. ამის ნათელი დადასტურებაა იტალიურ ფირმა „ფერეროსთან“ დაკავშირებული გახმაურებული ამბავი. „ფერეროს“, რომელიც ასიათასობით ჰექტარ მიწას ფლობს სამეგრელოში, კომერციულმა დირექტორმა ნიკა დალაქიშვილმა ამ წელიწად-ნახევრის წინ სასამართლო პროცესზე ღიად განაცხადა, თუ როგორ მისცა მან სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა დროს დიდი რაოდენობის თანხა ქრთამის სახით ზაზა გოროზიას მიწის გადაცემის სანაცვლოდ. ამ აღიარებითი ჩვენების გამო ნიკა დალაქიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ზაზა გოროზია კი დაკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ.
ეს მცირე ჩამონათვალია ზაზა გოროზიას „საქმენი საგმირონიადან“, რომელიც მას თავისი 7-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე გაუკეთებია, ამიტომაც სამეგრელოს მოსახლეობის სურვილია, როლანდ ახალაიაც და ზაზა გოროზიაც მოაცილონ სამეგრელოს.