„ორიოდე სიტყვა დავუთმოთ საერთაშორისო პროექტებში ალტერნატიული მარშრუტების აუცილებლობას და ურთიერთშეთავსებას (და არა - ჩანაცვლებას). განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სანქციების გამო თითქოსდა შეჩერებული რუსული მაგისტრალების კვლავ ამოქმედება გიწევს ფორსმაჟორული ვითარების გამო . ეს ნიუანსები გასათვალისწინებელია, როდესაც აწყდები დისკუსიებს რომელიმე დერეფნის "ექსკლუზიურობის" თაობაზე“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, ყაზახეთმა დროებით უკან დააბრუნა ექსპორტის ნაწილი რუსეთის ინფრასტრუქტურაში აზერბაიჯანში წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემის გამო და ეს ხაზს უსვამს ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის სირთულეს.
„რამდენიმე დღის წინ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციას ყაზახეთი შეეჯახა: ნავთობი Azeri Light ქლორორგანული ნაერთებით დაბინძურდა, რის გამოც მისი ექსპორტი მილსადენით - ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი (BTC), შეჩერდა. ამან გამოიწვია ყაზახური ნავთობის დროებითი გადამისამართება რუსულ მარშრუტზე — კასპიის მილსადენის კონსორციუმში (КТК), რომელიც გადის რუსეთის სამხრეთით და ნოვოროსიისკის პორტს აღწევს.
მიუხედავად სტრატეგიული მცდელობისა, შეემცირებინა დამოკიდებულება რუსეთის ინფრასტრუქტურაზე, ყაზახეთი კვლავ იძულებული გახდა რუსულ მარშრუტზე გადართულიყო. ამ ინციდენტმა ცხადყო, რამდენად არამდგრადია რომელიმე პროექტი ალტერნატიული მარშრუტების გარეშე: ერთ ქვეყანაში (ამ შემთხვევაში — აზერბაიჯანში) წარმოქმნილი პრობლემები მყისიერად აისახება მთელ ტრანსკასპიურ მიწოდებით სისტემაზე.
ამ მაგალითს პირდაპირ პოლიტიკურ გადახრას ვერ დავარქმევთ, თუმცა, პრაქტიკულად, მნიშვნელოვნი შედეგი მივიღეთ — ყაზახეთი იძულებული აღმოჩნდა დროებით უკან დაებრუნებინა ექსპორტის ნაწილი რუსეთის ინფრასტრუქტურაში აზერბაიჯანში წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემის გამო. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის სირთულეს და პოტენციურ არასტაბილურობას, რასაც რეგიონის ექსპორტიორი ქვეყნები ახლაც და მომავალშიც წააწყდებიან“, - წერს დავით ქართველიშვილი.