"ჩემი აზრით ეს მაინც არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და დარწმუნებული ვარ, შინ თუ გარეთ ყველა ამას სწორედ ასე აღიქვამს და არა სხვაგვარად. ამიტომ როდესაც საქმე ოპოზიციის ლიდერებს ეხება, ყველა საქმე უნდა გადაიდოს და ეს საქმე სწრაფად უნდა დაამთავრო, ვიდრე მას პოლიტიკური შეფერილება არ მიეცემა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "ევროპული საქართველოს" ლიდერისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელისუფლება უფრო შორს არ წავა და სხვა ლიდერების დაპატიმრებასაც არ დაიწყებს, განსაკუთრებით ალბათ უკვე ლაპარაკია ხაზარაძე-ჯაფარიძეზე გამომდინარე იმ ინტენსივობიდან, რა ინტენსივობითაც ეს პროცესი მიდის.
„საინტერესოა, ხელისუფლებას ასეთი დაპატიმრებების რა მოტივი აქვს. ეს რთულ ანალიზს საჭიროებს, ოპოზიცია ალბათ იმ ვერსიებზე უნდა ჩამოყალიბდეს თუ ხელისუფლებას და კერძოდ ივანიშვილს ამით რა სურთ - არჩევნების მოგება თუ უფრო შორი პროცესებია გათვლილი.
„თუ დაჭერების პროცესი გაგრძელდა, ხელისუფლებისთვის აუცილებლად არასასურველ შედეგს გამოიღებს. ასევე შესაძლოა ამ პროცესების გაგრძელებამ, ქვეყანაში არსებული სტაბილური ვითარება საფრთხის ქვეშ დააყენოს, ამიტომაც ვსაუბრობ, რომ ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ დასაფიქრებელია და გასაანალიზებელი, რა მიმართულებით აპირებს ის ნაბიჯების გადადგმას.
„თუ ფიქრობენ, რომ ასეთი ნაბიჯებით არჩევნებში შედეგს მიიღებენ, მაშინ ეს დიდად სახიფათო არაა, მაგრამ თუ პროცესი რადიკალიზაციისკენ მიდის და ამას ხელისუფლება ხელს უწყობს, მაშინ ამ პროცესს შესაძლოა ძალიან ცუდი გაგრძელებები მოჰყვეს," - განაცხადა ძაბირაძემ.
მისივე აზრით, როდესაც ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივი პროცესები არჩევნების წინ აქტიურდება, საზოგადოება ამაში პოლიტიკურ მოტივს ხედავს.
„მთლიანად ხელისუფლება ერთხმად მაგას საუბრობს, რომ უგულავას დაჭერა არჩევნებთან კავშირში არაა, მაგრამ როდესაც პროცესი შვიდი წელი გრძელდება და არჩევნების წინ მისი განახლება და გაცოცხლება ხდება, საქმის სამართლებრივი მხარე როგორიც არ უნდა იყოს, ბუნებრივია, რომ ამ ქვეყანაში ასეთ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური მოტივი იკითხება.
„ჩემი აზრით ეს მაინც არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და დარწმუნებული ვარ შინ თუ გარეთ ყველა ამას სწორედ ასე აღიქვამს და არა სხვაგვარად, ამიტომ როდესაც საქმე ოპოზიციის ლიდერებს ეხებათ, ყველა საქმე უნდა გადაიდოს და ეს საქმე სწრაფად უნდა დაამთავრო, ვიდრე მას პოლიტიკური შეფერილება არ მიეცემამ" -განაცხადა ძაბირაძემ.
უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა, იგი ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.
საკასაციო სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო, ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გათვალისწინებით, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, მას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.