ჯანსუღ ჩარკვიანს სააკაშვილმა ინდაური აჩუქა

ჯანსუღ ჩარკვიანს სააკაშვილმა ინდაური აჩუქა

პოეტი, რომელიც ერთ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო - ჯანსუღ ჩარკვიანი - ხელისუფლებას ხალხის სარკედ თვლის. სხვას ნურაფერს ვაბრალებთო, ამბობს. ბატონ ჯანსუღს დიდი იმედები ევროპასა და ამერიკასთან დაკავშირებით არ აწუხებს. რაც შეეხება გადარჩენის გზას, მისი შეხედულება რაღაცით ბარონ მიუნჰაუზენის ამბავს მოგაგონებთ, როცა ჭაობში ჩავარდნილმა საკუთარ თავს ქეჩოში მოჰკიდა ხელი, ამოსწია და თავი ცხენიანად გადაირჩინა. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სახუმარო კომენტარი იყო, სერიოზულად კი, ბატონი ჯანსუღის სიტყვებზე - თავი ჩვენ თვითონ უნდა გადავირჩინოთ იმით, რომ ჯერ თავად უნდა შევიცვალოთ, მერე კი ახალი ქვეყნის შენება დავიწყოთო - დაფიქრება ღირს.


ჯანსუღ ჩარკვიანი:


- ხელისუფლება ხალხის სარკეა, ჩაიხედე და მიხვდები - ან მოგეწონება, ან - არა. სხვას ნურავის ნურაფერს დავაბრალებთ. ჩვენი ხელისუფლება სათავისოდაა განწყობილი. მესმის, რომ მდიდარი კაცი არ ყვირის, ამის ვაჟკაცობა არ აქვს. მაგრამ ღარიბი რომ დუმს, ეს ვერ გამიგია. როცა გჩაგრავენ და ხმას არ იღებ, არ გამიკვირდება, რომ მტერმა მიწა, თავისუფლება წაგართვას. 77 წლის კაცი ვარ და ასეთი რამ არ შემხვედრია. ერთხელ ერთ ოქროყანელს ვეკითხები, ბიჭო, ვისზე ყიდი მიწას, ვინაა, რა ერის კაცია–მეთქი. არაბიაო, მიპასუხა. ბიჭო, შენ არ გაბია, თორემ მაგას როგორ არ აბია, ქართულ მიწას გვართმევს–მეთქი. შეიძლება, ქართველი იმ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ არაბს მიწა მიჰყიდოს?! მე ამას მარტო იმ ღარიბ ხალხზე არ ვამბობ, ინტელიგენციაზეც ვამბობ, მწერლებზეც, ყველაზე, ვისაც ხმა ამოეღება და არ იღებს. ეს უბედურებაა!


თქვენი აზრით, მიზეზი რა არის, რომ ხმას არ იღებენ?


- არ ვიცი. მაგალითად, ჭაბუა ამირეჯიბი საერთოდ ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის, მაგრამ არ იღებს ხმას?! დამიჯერეთ, მე მოძულე კაცი არ ვარ, სიკეთეს რომ გააკეთებ, გამიხარდება. კი მიხარია, რომ თავისუფლების მოედანზე საოცარი ნაძვი დგას, თუმცა თეთრი. მე თეთრი ნაძვი არ მინახავს. ნაძვი ნაძვისფერი უნდა იყოს. თან თეთრ ნაძვს ცხენიანად შემჯდარია წმინდა გიორგი. ამას შევეშვათ. მთავარია, რომ ძალიან ლამაზია, მაგრამ ამას რომ მშიერი და ღატაკი კაცი შეხედავს, მოეწონება? რა თქმა უნდა, არა, ასეთი კი დღეს საქართველოში მოსახლეობის 70 პროცენტია. აი, რა ხდება პირველად საქართველოში. არადა აუტაციათ ლოზუნგი "პირველად საქართველოში". ახლა ისეთ რამეს გეტყვით, რაც ბევრმა არ იცის.


ამასწინათ კულტურის ყოფილ მინისტრთან, ვაშაძესთან, კაცურად შევთანხმდით, რომ მწერალთა კავშირი არ დაიშლებოდა და მწერლების სახლს განაგებდა მწერალთა კავშირი და კულტურის სამინისტრო. სწორი გადაწყვეტილება იყო და მომეწონა. ამის შემდეგ მოულოდნელად ავლაბრის სასახლეში მიგვიწვია პრეზიდენტმა და მე ველაპარაკე ჩვენს გადაწყვეტილებებზე მწერალთა სახლთან დაკავშირებით, მშიერი ხალხის პენსიებზე. ყველაფერზე თითქმის შევთანხმდით. მართალია, გაოგნებული კი დავრჩით, რისთვის ან რატომ გავახსენდით, მაგრამ რაკი დაგვიძახა, უნდა მივსულიყავით. რაც ამის შემდეგ მოხდა, მსგავსი არ მსმენია! ეს ორი საოცრება ნამდვილად იყო პირველად საქართველოში. პირველი ის, რომ საახალწლოდ პრეზიდენტმა ჯანსუღ ჩარკვიანს აჩუქა ინდაური, ხოლო მეორე ის, რომ ეკონომიკის სამინისტროს სასამართლოს სახელით საჩუქრად გადასცა მწერალთა სახლი.


ინდაური გაჩუქათ?!


- ხო, გამომიგზავნეს. ვიღაცამ მოიტანა პრეზიდენტის მოსალოცი წერილით ვეებერთელა კალათა, რომელშიც ინდაური და ტკბილეული იდო. გავაკეთე დასკვნა -  ჩვენ ვართ დაუნები და გვექცევიან ისე, როგორც დაუნებს.


ინდაური როცა გადმოგცეს, რა რეაქცია გქონდათ?


- მე არ ვიყავი სახლში და რომ მითხრეს, პრეზიდენტის მოსალოცი მივიღეთ თავისი კალათითო, ჩემს ცოლს ვუთხარი, მე არ მაქვს მობილური და იქნებ ედუარდს გადაურეკო და მადლობა უთხრა–მეთქი. იმან კი არა, ამ პრეზიდენტმა გამოაგზავნაო, მითხრა. გამიხარდება, რომ ახალ წელს მომილოცავ, მაგრამ ეს ორი რამ ერთდროულად როგორ უნდა გააკეთო?!


იქნებ ეს ინდაური თქვენს გასაჩუმებლად იყო.


- პრინციპში ამისთვისაა გაკეთებული, მაგრამ ვაი, იმ ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ინდაურით კი არა, ოქროთი შეიძლება გაჩუმდეს! მე თუ რამე გამაჩუმებს, გამაჩუმებს ჩემი ხალხის სიკეთე. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ქვეყანა და როცა ამის პარალელურად გეუბნებიან, რომ თურმე ჩვენი ეკონომიკა წინ მიდის და მიღწევებია, თვითონ ხალხი არ უნდა იჯერებდეს.


გუშინ პრეზიდენტი გამოვიდა და ეკითხება მინისტრებს, ბოლო ლუკმა რამდენიაო. ზოგმა 105 ლარი თქვა, ზოგმა 104. არავინ იცოდა მინისტრებიდან, რამდენი იყო და ბოლოს ვიღაცამ უკარნახა, 157 ლარიაო. თუ 157 ლარი ბოლო ლუკმაა, როგორც ცხოვრობს ხალხი? იმაში წამალი ან ლიმონათი კი არ შედის, ჩაი რომ დალიო და პური და ყველი მიატანო, ამას ნიშნავს ბოლო ლუკმა.


ჟურნალისტიკა ავიღოთ. თუ სადმე რაიმე შოუ იყო პოლიტიკური, დაშალეს, ერთადერთი "კავკასიაა" დარჩენილი და თბილისიც ძლივს უყურებს. გამორიცხულია, ქვეყანამ, რომელსაც სიტყვის თავისუფლება არა აქვს, გაიმარჯვოს. არ ვიცი, როდემდე შეიძლება ვიყოთ ან იქ, ან აქ შემძვრალი. როგორ უნდა გვაჯობოს სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ბალტიის ქვეყნებმა?! უარვყოფთ ყველას, თუ ვინმე პროფესიონალია. ზურაბ აბაშიძეს რომ სამსახურიდან გაუშვებ და მის ადგილას ისეთს უშვებ, რომელსაც დიპლომატიასთან, წიგნიერებასთან კავშირი არა ჰქონია, გამართლებულია? ასე რომ ხდება, ამას უკვე ხელისუფლებას აღარ ვაბრალებ, ამაში დამნაშავე ხალხია.


დღევანდელ ოპოზიციაზე რას ფიქრობთ, თქვენც გული გაქვთ მასზე გატეხილი?


- როგორც კი გამოვლენ და ეტყვიან ხალხს, რომ ჩვენ ერთად ვართ და გვინდა, თქვენც ჩვენთან ერთად იყოთო, ყველაფერი რიგზე იქნება. სხვანაირად არაფერი გამოვა!


თვითონ მთავრობას უნდა ჰქონდეს იმის ვაჟკაცობა, რომ თქვას, თუ არ გინდივართ, წავედიო. წინა ხელისუფლებამ ეს გააკეთა. შევარდნაძეს უთხრეს, გამოვიყვანოთ 4 ტანკი და დაიშლებიანო. კი მაგრამ, თქვენ მითხარით, რომ იქ 2 ათასი ნარკომანი დგას, რომელიც ფულს იღებს და იმ ორი ათასიდან რამდენი შეუვარდება ტანკსო. უპასუხეს, სამი–ოთხიო. ხოდა, ქართველი კაცის სისხლში ჩემს ბიოგრაფიას ვერ ამოვსვრიო, ადგა და წავიდა.


იმის გამო წავიდა თუ სხვა რამის გამო, ამაზე სხვადასხვა ვერსიებია...


- კი, ამბობენ, ლანგრით მიართვაო, მაგრამ თუ მიართვა და მისი კაცი იყო სააკაშვილი, დღეში 20–ჯერ რატომ ლანძღავენ და დედას აგინებენ?! მაგრამ აქ სხვა რამეა, დედის გინება წარსულის უარყოფაა. ამათ არ უყვართ წარსული, მაგრამ არ იციან, რომ თუ წარსულის ფასი არ იცი, აწმყო არ გექნება. ამათ ჰგონიათ, რომ თვითონ დაიწყეს ყველაფერი. როგორ შეიძლება ჭაბუა ამირეჯიბს წაართვა ბინა? ვერ იქცევიან წესიერად, მაგრამ პატრონიც რომ არ ჰყავთ, რომ უთხრას, ასე – არა, ასე მოიქეციო.


რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ბოლოს დასკვნა მაინც ერთიახელისუფლება უნდა წავიდეს, მაგრამ როგორ?


- არჩევნებით. მხოლოდ ვაჟკაც კაცს შეუძლია, სისხლი არ დაღვაროს და რადგანაც ასეთები ამათში იშვიათად მეგულებიან, ამიტომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, მაგრამ ისე კი არა, რომ იგივე კანონი და საარჩევნო კომისია იყო. ან როგორ ვერ უნდა მონახო, სულ ცოტა, სამ მილიონ ქართველში ერთი ჯიგრიანი ქართველი პრეზიდენტად?1 უამრავი ნათელი და კარგი კაცია ოპოზიციაში.


თქვენ ვის აირჩევდით?


- არის 5 კაცი, რომელთაც სიამოვნებით დავასახელებდი, მაგრამ ახლა რომ ვთქვა, მერე სხვები გაგიჟდებიან.


თქვენი აზრით, საქართველოს მატარებელი საით მიდის, წინ რა გველის?


- საქართველოს უკვე არავითარი გზა არ აქვს – ჩაიკეტება და დედას გვიტირებს ეს რუსი მამაძაღლი. რუსეთთან ჩვენ გამო ამერიკა ჩხუბს არ დაიწყებს. ამერიკამ შეიძლება მოგხედოს, ფული გამოგიგზავნოს. არც ევროპა ამოიღებს ხმას და ვიქნებით მარტო. ამიტომ ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა, უარვყოთ ეს ქვეყანა და ვთქვათ, რომ ვიწყებთ ახალი ქვეყნის აშენებას, მაშინ რუსიც იქნება ჩვენ გვერდით, როგორც მეგობარი, ამერიკაც და ყველა სხვაც. ერეკლე იყო გენიოსი. ორი უბედურებიდან ნაკლები უბედურება აირჩია. იცოდა, რომ იმ ქვეყანას, რომელთანაც აპირებდა მიბრძანებას, ჰქონდა მამული, ენა და სარწმუნოება. ამერიკას არც ერთი აქვს და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. მოვიქცეთ ისე, როგორც ბალტიის ქვეყნები იქცევიან. არ ვიცი, როგორ, რადგან მე არ ვარ დიპლომატი, მაგრამ მინდა, რომ ჩემს ქვეყანას იმაზე მეტი უბედურება არ მოუვიდეს, რაც დღეს აქვს.


როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება 2009 წელი საქართველოსთვის?


- ჯერჯერობით ვერა ვარ კარგად განწყობილება, ამ ახალ წელს საერთოდ არ მექეიფება, ერთი ჭიქა ღვინის დალევაც არ მინდა. რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, ამას თუ გაითვალისწინებენ, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არა და, აბა, რა მოგახსენოთ.