იუნისეფის რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ძირითად საკვებ საშუალებაში, კერძოდ, პურში უნდა შეიტანოს დანამატები, რადგან სხვაგვარად ქართველი ბავშვები ვერ ღებულობენ მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ვიტამინებს.
რამდენად გამოასწორებს საქმეს პურში დანამატების შეტანა და მიიღებენ თუ არა ამით ჩვენი ბავშვები აუცილებელ ვიტამინებს?
დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე ეთანხმება „იუნისეფს“ და ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პურში დანამატების შეტანა აუცილებელია. იგი 90-იან წლებსაც იხსენებს, როცა ერთ-ერთმა ქართველმა პედიატრმა, პროფესორმა ლიმონათის მაგვარი სასარგებლო სითხე შეიმუშავა, რომელიც უნდა მიეცათ ბავშვებისთვის. სამწუხაროდ, ამ პროფესორის ინიციატივა არ დაინერგა საქართველოში, რადგან კონკურენციის პირობებში ეს ყველაფერი დაიკარგა.
რაც შეეხება დანამატებიან პურს, ავთანდილ სულაბერიძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ვიტამინიანი პური ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებს უფასოდ მიაწოდოს.
„სახელმწიფომ პურის ქარხნებს უნდა დაუდოს სპეციალური ხელშეკრულება, გადაურიცხოს თანხები და დანამატებიანი პური დაურიგოს ბავშვებს. განა რამდენი ბავშვი იქნება? შობადობა ისედაც შემცირებულია ჩვენთან, დაახლოებით 55-57 ათასი ბავშვი იბადება. თანაც, თუ სოციალურად დაუცველთა აღრიცხვას გააკეთებენ, მათი რიცხვი ნაკლები იქნება. სამწუხროდ, საქართველოში ყოველ 1000 დაბადებულზე 10-11 ბავშვი იღუპება, ადრე უფრო მეტი, 22 ბავშვი იღუპებოდა. კარგია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდა და გაუმჯობესდა პედიატრიული და გინეკოლოგიური სამსახური. თუმცა ბავშვის დაბადება ერთი საქმეა, მეორე ეტაპი კი მისი სოციალური უზრუნველყოფა, სოციალური დაზღვევაა, რათა ბავშვმა იცოცხლოს. 55 ათასი ბავშვიდან ყველას არ სჭირდება დახმარება, სოციალურად დაუცველი ბავშვები გამგეობებმა უნდა აიყვანონ აღრიცხვაზე“,-აცხადებს ავთანდილ სულაბერიძე.
პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დიქტორი მალხაზ დოლიძე პურში დანამატების შეტანის კატეგორიული წინააღმდეგია. მისი თქმით, არავითარი ეფექტი ამას არ ექნება, რადგან პური 200-დან 230 გრადუსამდე ცხვება, ამ გრადუსზე კი ყველა მიკრობი მკვდარია, აქროლადი ნივთიერებები შიგნით აქროლდება და ტყუილი შრომა იქნება.
მალხაზ დოლიძის განმარტებით, თავის დროზე ყაზახეთისა და ასეთი ჩამორჩენილი ქვეყნებისთვის იყო განსაზღვრული დანამატების შეტანა. თუმცა, თუ ვინმეს ქიმია, ბიოლოგია ნასწავლი აქვს, ვერავინ იტყვის, რომ მსოფლიოში ამ პრაქტიკამ გაამართლა. 1920 წელს ამას აკეთებდნენ ამერიკაში და მიხვდნენ, რომ ეს მცდარი ნაბიჯი იყო. ჩვენები კი რატომღაც ახლა იღვიძებენ.
„დიახ, პური არის სახალხო პროდუქტი, მაგრამ ბავშვებისთვის სიკეთის კეთება თუ უნდათ, აგერ, რუსეთმა შემოიღო და მე-4 თუ მე-5 კლასამდე სკოლებში ყველა ბავშვს აჭმევენ საჭმელს. საქართველოშიც შემოიღონ ეს წესი, ამაზე დახარჯონ ფული და არა იმაზე, პურში დანამატები შეიტანონ თუ არა. ვიღაც აფერისტები მერე დაიწყებენ იმაზე ლაპარაკს, თითქოს პურში დანამატები შეაქვთ, სინამდვილეში, პურში რა დანამატი უნდა შეიტანონ? მეცნიერულად რომ შევხედოთ, ეს არაფრის მომცემია. პური საერთოდ რისკ-ჯგუფადაც არ ითვლება, რადგან 230 გრადუსზე კვდება შიგნით ყველაფერი, რა უნდა შეიტანოთ შიგნით ისეთი, რომ ის დანამატი გადარჩეს და მივიდეს ადამიანამდე? ჯერ ამბობდნენ, პურში ფოლიუმის მჟავა შევიტანოთ ფეხმძიმე ქალებისთვისო, შემდეგ - ჩიყვისთვის იოდიზირებული მარილი შევიტანოთო, მერე ამას მოჰყვა ლაბორატორიული რკინა შევიტანოთო, ვითომც ცილების გაზრდის მიზნით, რადგან ხორცპროდუქტების ნაკლებობააო. სინამდვილეში, ფოლიუმის მჟავა არის ყველაფერ მწვანეში, თუ ვინმეს ეს სჭირდება, ტაბლეტებითაც შეუძლია მიიღოს. პური გახადეს საცდელი ობიექტი. მესმის, პური არის ძირითადი საკვები პროდუქტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, პურის მეშვეობით პრობლემები გადაჭრან, მაგას აჯობებს, ცხელი სადილი აჭამონ ბავშვებს სკოლებში და მოაწყონ სასადილოები. თუ არ ვცდები, ამას ეძახდნენ ბილ გეითსის პროგრამას და ეს პროგრამა გამიზნული იყო განვითარებადი ქვეყნებისთვის. განვითარებად ქვეყნებში არავინ იცის, რა ვიტანიმინია საჭირო და რა ოდენობით, ამიტომ პურის მეშვეობით თითქოს ამ დანამატებს აწვდიდნენ, მაგრამ ეს არაეფექტური იყო“,-აცხადებს მალხაზ დოლიძე For.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, დანამატების თემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია, ჭვავის დანამატი არსებობს, გემოს დანამატი არსებობს, ნივრის დანამატებიც არსებობს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ ამით პურს შეიძლება ჰქონდეს გემოვნური თვისებები, მაგრამ არა-კვებითი ეფექტები. არის დანამატები, რათა პური არ გახმეს და დიდხანს შეინარჩუნოს სირბილე, მაგრამ, როცა საუბარია აქროლად ვიტამინებზე, ეფექტურ დანამატებზე, ეს შედეგს ვერ მოიტანს პურის ცხობისთვის საჭირო მაღალი ტემპერატურის გამო.
„თუ უნდათ, პურმა გაძღომის, დანაყრების ეფექტი გამოიწვევს, მაშინ ფუნთუშა მისცენ ბავშვებს ყოველ შესვენებაზე, ცხიმიანი საკვები მისცენ. კომუნისტების დროს გეგმაც იყო, რომ უნდა გაყიდულიყო ნაყინი, რადგან ბავშვები ამით კალორიებს მიიღებდნენ. პურში არაეფექტური დანამატების შეტანა კი „ჟულიკების“ პროგრამად მიმაჩნია“.