ინფლაციასთან ბრძოლა 2020 წელსაც უშედეგოდ დაიწყო

ინფლაციასთან ბრძოლა 2020 წელსაც უშედეგოდ დაიწყო

ინფლაცია უკვე იმდენად დიდ პრობლემად იქცა, რომ მასთან ბრძოლას ჯერჯერობით შედეგი ვერ მოაქვს. ეროვნული ბანკისა და მთავრობის ერთობლივმა მუშაობამ შედეგი ვერ გამოიღო, გაიაფება არაფერს ეტყობა. ის კი არადა, იანვარშიც ძალიან მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა. იანვარში ასეთი მაღალი ინფლაცია ბოლო რამდენიმე წელია არ ყოფილა. შარშან მთელი წლის განმავლობაში თვალშისაცემად გაძვირდა რძე, ყველი და კვერცხი - 15%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები - 14.2%-ით, პური და პურპროდუქტები კი - 5.1%-ით.

ეკონომისტ ლაშა გოცირიძის თქმით, 6,4%-იანი წლიური ინფლაცია, შესაძლოა, საგანგაშოდ არ ჟღერდეს, თუმცა თუ სტრუქტურაში ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ კვების პროდუქტების გაუფასურების მაჩვენებელი 11%-ზე მეტია.

„ინფლაციის აღქმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სტატისტიკის სამსახური ინფლაციას ითვლის საშუალო სტატისტიკური ოჯახის ხარჯებიდან გამომდინარე, როგორია ერთ საშუალო ოჯახზე კვების ხარჯები, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის, სამედიცინო საჭიროებისდა ა.შ. თუმცა, რეალურად ეს სტრუქტურა ყველა ოჯახში არის ინდივიდუალური და როგორც ცნობილია, დაბალშემოსავლიან ოჯახებში, ყველაზე მოწყვლად ჯგუფში, საკმაოდ მაღალია პირველადი მოხმარების საგნებზე ხარჯები, მაგალითად, ისეთზე, როგორიც არის კვება.

ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ 6,4%-ია წლიური ინფლაცია, ეს რიცხვი შეიძლება არ ჟღერდეს საგანგაშოდ, მაგრამ თუ შიგნით სტრუქტურაში ჩავეძიებით, ვნახავთ, რომ 11%-ზე მეტია კვების პროდუქტების გაუფასურება. 6% შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს ძალიან კრიტიკული, მაგრამ ამ ადამინებისთვის ძალიან სამძიმოა.

იმ ოჯახებში, სადაც ხანდაზმულები სჭარბობენ, შეიძლება სამედიცინო, თუ მედიკამენტების ხარჯები იყოს ძალიან დიდი, შესაბამისად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად გაიზარდა ფასები“, - განაცხადა ლაშა გოცირიძემ გადაცემაში „საქმე“.

ფასების ზრდის ნეგატიურ გავლენას ადასტურებს პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური მრჩეველი ბექა ლილუაშვილიც. მისი აზრით, ეკონომიკური ზრდის რეალური შედეგი მოსახლეობამ სწორედ მაღალი ინფლაციის გამო ვერ იგრძნო.

„ობიექტურად რომ შევაფასოთ, ეკონომიკის კონტექსტში მოკლევადიანი თვალსაზრისით, დღეს პრობლემას ფასების დონე წარმოადგენს. ეროვნულ ბანკს აქვს თავისი გეგმა, რომლითაც ის ამ გამოწვევას გაუმკლავდება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატომაც მოსახლეობამ ეკონომიკური ზრდა ვერ იგრძნო იმ ხარისხით, რაც რეალურად არის ქვეყანაში. მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის პირობებში, ბუნებრივია, ადამიანებს უჩნდებათ აღქმა, რომ ეკონომიკური ზრდა იმ ხარისხის არ არის, რაც რეალურად ფიქსირდება“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა და იქვე პროგნოზიც გააკეთა, რომ ინფლაცია დაახლოებით მარტის ბოლოსთვის დარეგულირდება.

ექსპერტების აზრით კი, ფასების ინდექსის გაზრდაში ერთობლივად არიან დამნაშავეები როგორც მთავრობა, ასევე ეროვნული ბანკი. ეკონომისტ სოსო სიმონიშვილის აზრით, მასთან საბრძოლველად ხელისუფლება და ეროვნული ბანკი, შესაბამის ნაბიჯებს ფაქტობრივად არ დგამს.

„პროდუქციის გაძვირება კიდევ უფრო მეტად „ურტყამს“ მოსახლეობის ჯიბეს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს ამის შეჩერების ბერკეტი გააჩნია, მაგრამ არა მგონია, რომ მოთოკვას ცდილობდნენ და ამისთვის თავს იტკივებდნენ. ცენტრალურ ბანკს ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეუძლია, თუმცა სამწუხაროდ, ნაბიჯებს არ დგამს.

მთავრობის დაპირებები პოპულისტურია, თითქოს ისინი ფასების ზრდას და ლარის კურსის ვარდნას შეაჩერებენ. სინამდვილეში ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ. ერთადერთი სწორი გზა და გამოსავალი, იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური ვითარება გამოსწორდეს, რეალური სექტორისკენ ფინანსური ნაკადების გაშვებაა. ამას კი არავინ აკეთებს“, - აღნიშნა სოსო სიმონიშვილმა.