„ამაზე ილია, აკაკი და ვაჟა ოცნებობდნენ“

„ამაზე ილია, აკაკი და ვაჟა ოცნებობდნენ“

6 ნოემბერს 16.00 საათზე საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ცენტრალურ ოფისში პრეს-კონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტებთან სასაუბროდ ბატონები ზურაბ ჟვანია, ელდარ შენგელაია და ვლადიმერ პაპავა მობრძანდნენ. პრეს-კონფერენცია არჩევნების თემას მიეძღვნა. დარბაზი თანაპარტიელებით გაივსო.

შეხვედრა მოქალაქეთა კავშირის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა დათო ტყეშელაშვილმა გახსნა. მისი თქმით, ყველას ძალიან აინტერესებს არჩევნების შედეგები და ამიტომ, მიუხედავად უძილობისა და დაღლილობისა, მაინც გადაწყვიტეს ჟურნალისტებთან შეხვედრა. შემდეგ ზურაბ ჟვანიამ მადლობა გადაუხადა დამსწრეთ მობრძანებისათვის.

 „არჩევნების შემდეგ  ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა. მინდა მწუხარება გამოვთქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრის იცხაკ რაბინის მკვლელობის გამო. ბატონი ედუარდ შევარდნაძე დღეს ისრაელში გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიიღოს დაკრძალვის ცერემონიალში“, - ბრძანა ზურაბ ჟვანიამ. მისი თქმით, ედუარდ შევარდნაძემ პრეზიდენტის მანდატი მიიღო, ხოლო ყველაზე მეტი ხმა მოქალაქეთა კავშირმა მოაგროვა. ყველა ცნობა ჯერ კიდევ არ არის მიღებული, ამ დროისათვის კი მდგომარეობა ასეთია, მოქალაქეთა კავშირმა დაახლოებით ხმების 30-35% დააგროვა. 5%-იანი ბარიერი გადალახეს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ და სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირმა, რომელსაც ასლან აბაშიძე ხელმძღვანელობს. რეალური შანსები აქვთ ტრადიციონალისტებსა და სოციალისტებს. ზურაბ ჟვანიას განცხადებით, „ჩვენ წინასწარ გავაცანით ჩვენი პროგრამები ხალხს და ყოველ ღონეს ვიხმართ მათი დროულად განხორციელებისათვის“.

ელდარ შენგელაიამ თავისი სიტყვა პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ მოგროვებულ ხმებს შორის პარალელის გავლებით დაიწყო. ედუარდ შევარდნაძემ 73.24% მიიღო, პატიაშვილმა 20%, სხვებმა კი დარჩენილი 6.76% გაიყვეს.

„გუშინდელი დღიდან საქართველოს უკვე ჰყავს პრეზიდენტი, ეს არის ედუარდ შევარდნაძე“, - ელდარ შენგელაიას ამ სიტყვებს დარბაზში მსხდომთა მქუხარე ოვაციები მოჰყვა. მისი თქმით, შევარდნაძეს უამრავი მხარდამჭერი აღმოაჩნდა და ეს მისი რეალისტური პოლიტიკის გამარჯვებაა.

ვლადიმერ პაპავამ, რომელიც მოქალაქეთა კავშირის ეკონომიკური პროგრამის ავტორია, ხაზი გაუსვა იმას, რომ შევარდნაძისა და მათი პროგრამა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. აქედან, აშკარად ჩანს, თუ რომელ პარტიასთან დგას შევარდნაძე, სხვა პარტიები კი მსგავს რაღაცას არ უნდა იბრალებდნენ.

შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, როცა დარბაზში მყოფმა მოქალაქეთა კავშირის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რეზო ჩხეიძემ სიტყვა ითხოვა და დამსწრეთ მოგვმართა:

„ბატონებო, მოხდა ის, რაზეც ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა და კიდევ მრავალნი ოცნებობდნენ. საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი. სამწუხაროა, რომ ისინი ამას ვერ მოესწრნენ“.

ბატონმა რეზომ კიდევ ერთხელ მოგვილოცა ეს ბედნიერება და სასიკეთო ძვრები გვიწინასწარმეტყველა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ პრეს-კონფერენცია ძალიან მალე დასრულდა. მთავარი სათქმელი, ალბათ, ჯერ წინ არის.