პატიმრების წამებისთვის დაპატიმრებულმა ციხის მაღალჩინოსანმა ეკა ბესელიას ადეიშვილზე სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა!

პატიმრების წამებისთვის დაპატიმრებულმა ციხის მაღალჩინოსანმა ეკა ბესელიას ადეიშვილზე სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა!

 მისი ცხოვრება კონკიას მოდელირებულ ამბავს ჰგავს - პროვინციიდან ჩამოსულმა, პროტექციონიზმის გარეშე, წარმატებული საადვოკატო კარიერა «აიწყო». მერე, პოლიტიკაში წავიდა, სადაც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვა, უამრავი ქარტეხილი დაატყდა - მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ არასრულწლოვანი შვილი და ძმა დაუჭირა, თუმცა, ყველაფერი ეს წარსულს ჩაბარდა და დღეს მმართველი გუნდის ერთ-ერთი სახე, ანუ, როგორც დღეს ამბობენ, «ფეისია» - პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს ხელმძღვანელობს. მაშ ასე, კომფორტულად გრძნობს თუ არა თავს ხელისუფლის ამპლუაში? - «ქართული სიტყვა» ეკა ბესელიას ესაუბრა.      

 ეკა, ხელისუფლის ამპლუა მოირგე?
- ვერა...

 ესე იგი, თავს კომფორტულად ვერ გრძნობ?
- ჩემისთანა ადამიანისთვის ხელისუფლებაში ყოფნა კომფორტული არაა.

 აბა, რატომ გინდოდა, რომ ხელისუფლებაში მოსულიყავი?
 - ხელისუფლებაში მოსვლა სწორედ იმისთვის მინდოდა, რისთვისაც თავის დროზე პოლიტიკაში მოვედი.

 და თავის დროზე პოლიტიკაში რატომ მოხვედი?
 -უსამართლობის ის ხარისხი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა, იმის შესაძლებლობას არ იძლეოდა, რომ როგორც ადვოკატს, მემუშავა და თავი ღირსეულად მეგრძნო. ვანო, ძალიან კარგად იცი, თუ როგორი რთული გზა გავიარე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ამიტომ, მორალური თვალსაზრისით, ახლა თავაწეული ვარ, თუმცა, ხელისუფლებაში ყოფნა თავისუფლებას მიზღუდავს.

რატომ?
-როცა ხელისუფლებაში ხარ, დიდი ვალდებულება გაქვს და ამით თავისუფლება იზღუდება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვუყურებ და ხელისუფლებაში ყოფნა ჩემნაირი ადამიანისთვის კომფორტული სწორედ ამიტომ არაა.

ეკა, როგორც გავიგე, პოლიტიკაში თავის დროზე იმიტომ მოხვედი, რომ ქვეყანაში სამართლიანობა არ იყო.
-დიახ...

პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როგორც ამბობენ, სამართლიანობა აღდგა. გასაგებია, რომ ფოთის მაჟორიტარი ხარ და პარლამენტშიც მნიშვნელოვან კომიტეტს ხელმძღვანელობ, მაგრამ არ ფიქრობ, რომ ადვოკატობას დაუბრუნდე?
-იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს, მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება არაა საკმარისი. ყველაზე რთული და მძიმე ეტაპი ახლა იწყება _ თუ რიგითმა მოქალაქემ ვერ იგრძნო, რომ ხელისუფლების შეცვლით სამართლიანი სისტემა ყალიბდება, ხელისუფალთა სახელებისა და გვარების შეცვლას მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ხალხისთვის მთავარი ის კი არაა, რომ პარლამენტში, ვთქვათ, ხათუნა ოჩიაურის ნაცვლად ეკა ბესელია მოვიდა, არამედ, მთავარია, საზოგადოებამ სამართლიანობის აღდგენის პროცესი იგრძნოს და ჩემს თავს დღეს სწორედ ამ პროცესში ვხედავ. სხვათა შორის, ამ კუთხით უკვე ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი - პოლიტპატიმრების თემა და ამნისტიაზე მუშაობა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პარლამენტი აღიარებს, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს და ღირსების საქმეა, რომ ამ პროცესში მე, როგორც ერთმა დეპუტატმა ჩემი წვლილი შევიტანო. ამნისტია კი, იმ უსამართლობის ერთგვარი რეაბილიტაცია იქნება, რაც 9 წლის განმავლობაში არსებობდა. ამის შემდეგ, გეგმაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ცვლილება მაქვს, რომელიც ადვოკატთა უფლებებსა და სისხლის სამართლის ლიბერალიზაციას ეხება.
მოკლედ, ბევრი რამ მაქვს მოსასწრები, მით უმეტეს, რომ ფოთის მაჟორიტარიც ვარ. ვანო, ერთადერთი, რის გამოც ხელისუფლებაში ყოფნა კარგია, იცი, რა არის?

რა?
-ის, რომ ბევრი სიკეთის გაკეთება მოასწრო, ჩემი მთავარი ამოცანაც სწორედ ესაა და თან, ისეთი დავრჩე, როგორიც ვიყავი.
ჯერჯერობით, ზუსტად ისეთი ეკა ბესელია ხარ, როგორსაც წლებია, ვიცნობ.
-ვანო, სულ ასეთი ვიქნები!

კეთილი... ეკა, ის, რასაც ახლა გკითხავ, შეიძლება, პირდაპირ შენ არ გეხება, მაგრამ მმართველი გუნდის წარმომადგენელი ხარ. ჰოდა, სამართლიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთ ვიწრო წრეში გარკვეული შეკითხვები არსებობს. ასე, მაგალითად, კუდ-ის, თუ არ ვცდები, 12 მაღალჩინოსანი იმ ბრალდებით დააკავეს, რომ «ქართული ოცნების» ლიდერთა, ნინო ბურჯანაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის საუბრებს უკანონოდ უსმენდა...
-ვანო, შენც გისმენდნენ...

შეიძლება, მაგრამ თავის დროზე, ანუ არჩევნებამდე სამი დღით ადრე ბესო სურმავას სახელით გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებზე «ოცნებამ» თქვა, რომ ფაბრიკაცია იყო. ახლა კი, «კუდელები» სწორედ ამ ჩანაწერების გამო დააკავეს. ვერ გავიგე, ამ ადამიანებს ბრალი ფარულ მოსმენაში ედებათ თუ ფაბრიკაციაში?
-საუბრებს უკანონოდ იწერდნენ და მერე, მონტაჟს აკეთებდნენ, ანუ წინადადებებსა თუ სიტყვებს ადგილს უცვლიდნენ და სასურველ შედეგს იღებდნენ. მოკლედ, აქ მთავარი შინაარსი კი არა, უკანონო ჩაწერა-მოსმენაა. სხვათა შორის, უკანონო ჩაწერა-მოსმენას თავის დროზე ამერიკის პრეზიდენტი გადაჰყვა. ქუთაისის პარლამენტის სერვერი ზურაბ ადეიშვილის კაბინეტში იდგა და ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტარებისთვის სწორედ ადეიშვილს უნდა მოესმინა?

ეკა, ეს «მოსასმენი» პროგრამა, მგონი, არავის გაუნადგურებია, ანუ უკანონო მოსმენის ალბათობა, ასე თუ ისე, ისევ არსებობს, არა?
-არ ვიცი...
ღიად მითხარი, ხომ არ გაქვს ეჭვი, რომ უკანონოდ დღესაც გისმენენ?
(იღიმება) გამოვრიცხავ!

ისე, დაცვით რატომ დადიხარ?
-დაცვა არ მყავს! ეს ადამიანი წლების განმავლობაში ჩემი თანაშემწე იყო და ახლა ვერ მივატოვებ, თორემ დაცვა არასოდეს მყოლია...

ის ავტო, რომელიც პარლამენტმა გამოგიყო, თუ იცი, არჩევნებამდე ვის ემსახურებოდა?
-არ ვიცი, არ მიკითხავს...

დისკომფორტს არ გრძნობ, რომ ის მანქანა გემსახურება, რომლითაც თავის დროზე რომელიღაც «ნაციონალი» სარგებლობდა?
-(ისევ იღიმება) კი, ასეთი დისკომფორტი მაქვს, მაგრამ ახალ მანქანას ვერ მოვითხოვდი, რადგან პარლამენტის ბიუჯეტს ვამცირებთ...

...ეკა, ახლა კი, შეკითხვა, რომელიც, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, პირდაპირ გეხება: მართალია, ვერასოდეს დავიჯერებ, რომ თეა წულუკიანის დავალებით ვინმეს ნარკოტიკი, ან იარაღი ჩაუდეს და ასე დაიჭირეს, მაგრამ «ნაციონალები» «გნიასობენ», ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციელი სწორედ «ჩადებული» ნარკოტიკის გამო დააკავესო. 
 -მზად ვარ, ეს საკითხი შევისწავლო...

და თუკი დადგინდა, რომ...
ვანო, შეკითხვის დასმით არ დაიღალო და პირდაპირ გეტყვი: თუკი დადგინდა, რომ ნარკოტიკი «ჩაუდეს», ამას, რა თქმა უნდა, ხმამაღლა ვიტყვი...

ეკა, რატომ გეღიმება?
-იცი, რატომ? - ეჭვის თვალით მიყურებ, ანუ გგონია, რომ თუკი ასეთი ფაქტი დადასტურდება, არ ვიტყვი?

ეკა, შენი მჯერა!.. პარლამენტის თავმჯდომარემ, შენ და «ნაციონალ» აკაკი მინაშვილს პატიმარ ბაჩანა ახალაიას ულიმიტოდ მონახულების უფლება მოგცათ. მინაშვილი ამ უფლებით სარგებლობს. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრყოფილი შენც მოინახულე?
-არა.
რატომ?
-ამ ადამიანს ჩემთან შეხვედრის სურვილი იქნებ, არ აქვს?

პატიმრების მონახულება შენი მოვალეობაა!
-ყველა პატიმართან შესვლა ჩემი მოვალეობა არაა!

ბაჩო ახალაია «ყველა პატიმარი» არაა!
-რატომ? რა, პრივილეგირებულია? რატომ არ უნდა შევიდე სხვასთან და რატომ უნდა შევიდე ახალაიასთან, თუკი ამას თვითონ არ ითხოვს? თუ ასეთი მოთხოვნა იქნება, რა თქმა უნდა, მოვინახულებ!

«ნაციონალები» იმასაც ამბობენ, არჩევნებიდან ერთ თვეში «ოცნებამ» დიქტატურა ოფიციალურად გააფორმაო...
-და, ვანო, ეს გჯერა?!

ვცდილობ, წარმოვიდგინო, თუ როგორი იქნება «ეკა დიქტატორი»...
-(იცინის) ვერ წარმოიდგენ... ვანო, თვითონაც იციან, რომ სისულელეს ამბობენ, თორემ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს! კონკრეტულად არავის დავასახელებ, მაგრამ დანაშაულს ვიღაც ხომ ჩადიოდა...

სხვათა შორის, ხმა დადის, «ნაციონალებმა» ყველა მტკიცებულება, რომლითაც მათი ბრალი დამტკიცდებოდა, გაანადგურესო...
-ყველა მტკიცებულება განადგურებული არაა. ამასთან, არსებობენ მოწმეებიც. კიდევ კარგი, რომ ყველა მოწმე ვერ მოკლეს! ერთ-ერთი ასეთი მოწმე ორი დღის წინ, პარლამენტში ჩემს თანაშემწეს შეხვდა და 2006 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ ერთ-ერთ დანაშაულებრივ ეპიზოდზე მოუყვა, რომელიც ბატონ ახალაიას უკავშირდება.

კონკრეტულად რას ამბობს?
თუ როგორ განხორციელდა მასზე ფიზიკური ძალადობა.

ანუ, ამ ადამიანზე ფიზიკური ძალადობა ბაჩო ახალაიამ განახორციელა?
ახალაიას და მეგის ქარდავას ასახელებს.

გამორიცხულია, რომ ეს ადამიანი იტყუებოდეს?
არა და სწორედ ამიტომ გამოძიებაა საჭირო, ანუ მთავარმა პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ეს ადამიანი სიმართლეს ამბობს თუ იტყუება.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ბაჩო ახალაიას ბევრი უჩივის?
კი... რამდენიმე განცხადება პროკურატურას უკვე გადავუგზავნე... ვანო, უნდა ნახო, ჩემს კომიტეტში რა ხდება.

რა ხდება?
-დღეში 150-მდე საჩივარი შემოდის.

და ყველა საჩივარი ბაჩო ახალაიას ეხება?
არა. სხვათა შორის, საჩივრები პარლამენტის წევრების მიმართაცაა.

კონკრეტულად, რომელ პარლამენტარს უჩივიან?
მაგალითად, იყო საჩივარი გია ბარამიძის მიმართ.

ეს საჩივარი აფრასიძეებს ეხება?
-არა, სხვა ფაქტზეა ლაპარაკი.

და ეს საჩივარი, შესაძლოა, იმის საბაბი გახდეს, რომ გია ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას?
-ამ საჩივარში ძალადობრივ დანაშაულზეა ლაპარაკი, თუმცა, ამას გადამოწმება სჭირდება.
ზემოხსენებულ საჩივრებში უმეტესად რა სახის დანაშაულზეა ლაპარაკი?
_ ძალადობაზე. ასევე, ქონების წართმევაც ფიგურირებს...

ამ საჩივრებში, ვთქვათ, სააკაშვილი, ან ადეიშვილი არის ნახსენები?
ადეიშვილი ფიგურირებს და ეს საჩივარიც უკვე პროკურატურაშია... 
 ვანო, დეტალებს ვერ გეტყვი, მაგრამ ერთ-ერთი საქმე ქონების ჩამორთმევას, ანუ წილების გადაფორმებას ეხება და, ასე ვთქვათ, მომჩივანი უშუალოდ ადეიშვილს ასახელებს. 
ამასწინათ, ერთ-ერთ დაკავებულს შევხვდი, რომელიც ციხეში გადაღებულ ცნობილ კადრებს უკავშირდება და ამ ადამიანმა მიამბო, თუ როგორ ავალებდნენ, ანუ დავალება უშუალოდ ადეიშვილისგან მოდიოდა, რომ ხელოვნური, ყალბი სამხილები შეექმნათ და დაებრალებინათ, რომ წამება თითქოს თამაზ თამაზაშვილის მიერ იყო პროვიცირებული.

ასეთი დავალება ადეიშვილმა «ციხის კადრების» გავრცელების შემდეგ გასცა?
-არა, გამოქვეყნებამდე...

ადეიშვილმა რა იცოდა, რომ «ციხის კადრები» უნდა გამოქვეყნებულიყო?
-როგორც ჩანს, იცოდა, რომ კადრები არსებობდა... სხვათა შორის, ეს ადამიანი, ვინც ამ დავალების გაცემის შემსწრე იყო, ამ დღეებში ჩვენებას გამოძიებას მისცემს...

ანუ, ეს ადამიანი ციხის მაღალჩინოსანია?
-დიახ...

ახლა დაჭერილია?
-დიახ...
და ვინაა?
-ვანო, ახლა დეტალებს ნუ მათქმევინებ... ამ ადამიანმა ჩემთან შეხვედრა ითხოვა...

...ეკა, იუსტიციის მინისტრს აქვს თუ არა უფლება, რომ პრეზიდენტი დააკავოს?
-ამ მხრივ კონსტიტუციაში სერიოზული ბარიერი არსებობს, ანუ იუსტიციის მინისტრს პრეზიდენტის პირდაპირი დაკავების უფლება არ აქვს. საამისოდ, პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდა დაიწყოს, რომელიც ურთულესი პროცედურაა. იმპიჩმენტის პარალელურად, უზენაესმა, ან საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის დანაშაულებრივ ქმედებაზე დასკვნა უნდა დადოს... ისე, გამორიცხული არაა, რომ ამ პროცედურების გავლით, პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

ეკა, რა ამის პასუხია და, დღეს ისევ ადვოკატი რომ იყო, დაიცავდი თუ არა ბაჩანა ახალაიას?
-არა! ადვოკატი ვალდებული არაა, რომ ყველა საქმე, რომელსაც შესთავაზებენ, «აიღოს». სხვათა შორის, ვანო, რასაც ახლა გეტყვი, არასოდეს მითქვამს: როცა გირგვლიანის საქმეზე პოლიციელები დააპატიმრეს და ვიდრე ეს ამბავი გახმაურდებოდა, მაშინ ადვოკატი ვიყავი, ახალაიას ნაცნობმა მთხოვა, რომ ამ საქმეზე მემუშავა, მაგრამ უარი ვუთხარი.

-ვთქვათ, ციხეში ახალაიას უფლებები რომ დაირღვეს, შენი განწყობიდან გამომდინარე, მისი დაცვა არ გაგიჭირდება?
-გამიჭირდება, მაგრამ ჩემს მოვალეობას აუცილებლად შევასრულებ, ანუ დარღვევაზე თვალს არ დავხუჭავ...

...არსებობს მოსაზრება, რომ პრეზიდენტი 23 ნოემბრისთვის ბაჩო ახალაიას შეწყალებას აპირებს. სოციალურ ქსელებში ისიც ითქვა, რომ თავის დროზე სააკაშვილმა შენი ვაჟიც სწორედ მაშინ შეიწყალა, ვიდრე სასამართლო მიუსჯიდა, ანუ ეკა, კანონით, პრეზიდენტს იმ პირის შეწყალება შეუძლია, რომლის საქმეც ჯერ ძიებაშია?
- ჩემს შვილს მისჯილი ჰქონდა - მოსამართლე ჯემალ კიკნაძემ წელიწადნახევარი შეუფარდა. შეწყალება სააკაშვილისთვის არავის უთხოვია, მაგრამ იძულებული გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ჩემი შვილი შეებრალა, არამედ, საერთაშორისო საზოგადოება, განსაკუთრებით, საფრანგეთის მთავრობა იყო ამ პროცესში ჩართული, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჩემი არასრულწლოვანი შვილისთვის პოლიტიკური თავშესაფარი მიეცა. სააკაშვილს სწორედ ამ საერთაშორისო სკანდალის შეეშინდა და შუაღამისას შეწყალების გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. სხვათა შორის, ფრანგები სააკაშვილს ეუბნებოდნენ, პოლიტიკურ ოპონენტებს ნუ დევნი, განსაკუთრებით, ბავშვს, რომელიც არაფერშია დამნაშავეო. სააკაშვილი კი, მათ პასუხობდა, თქვენ რომ რუსებს «მისტრალი» მიჰყიდეთო...

«მისტრალი» რა შუაში იყო?
-არ ვიცი... სააკაშვილი არაადეკვატური იყო...

რაც შეეხება მიუსჯელი ადამიანის შეწყალებას, შეწყალება იმას ნიშნავს, ადამიანს მისჯილი აქვს და სასჯელის მოხდისგან ათავისუფლებ. იქნებ, ახალაიას დანაშაული არ უმტკიცდება და სააკაშვილმა რომელი სასჯელისგან უნდა შეიწყალოს? ბრალდებულ პირს, შეიძლება, ამნისტია შეეხოს.

ამნისტიის პროექტში შეტანილია ის მუხლები, რომლის გამოც ბაჩო ახალაია დააკავეს?
-არა...

ეკა, შენს დღევანდელ მდგომარებას ხომ არ გამოიყენებ და იმ ადამიანებს, ვინც შენი ოჯახი გაამწარა, პასუხს მოსთხოვ?
-არა, თუმცა ჩემი ოჯახის წევრების საქმე სტრასბურგის სასამართლოშია და ამ პროცესზე უარი არ მითქვამს.

ეკა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში რატომ არ წახვედი? რა, ცუდი მთავარი პროკურორი იქნებოდი?
-კი, რადგან შინაგანად ადამიანის უფლებათა დამცველი ვარ, თუმცა, არაჩვეულებრივია, როცა ყოფილი ადვოკატები პროკურატურაში მიდიან...

ისე, მგონია, რომ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი კვლავ ადვოკატის ამპლუაშია...
-ეს პროკურატურას გააადამიანურებს და კარგია... აღმასრულებელ ხელისუფლებაში კიდევ იმიტომ არ წავედი, რომ ფოთის მაჟორიტარი ვარ და, წინააღმდეგობის მიუხედავად _ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე სააკაშვილი დადიოდა, მაინც ხალხის დიდი მხარდაჭერა მქონდა და მაქვს. ფოთელებს ვერ მივატოვებ - მათ წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს! სხვათა შორის, ქუთაისის პარლამენტში ყოველდღე ფოთიდან დავდივარ _ ამით ფოთელების მიმართ ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ!

ეკა, რა ამის პასუხია და, შენი ცხოვრება რაღაცით «კონკიას» თანამედროვე ზღაპარს ჰგავს _ დედაქალაქში პროვინციიდან ჩამოხვედი, გახდი წარმატებული ადვოკატი, მერე, პოლიტიკაში ჩაერთე...
-(გულიანად იცინის) ვანო, «კონკია», იცი, როგორ მიყვარდა? - უსაყვარლესი ფილმია. ძალიან მტკივნეულ გზას გავდიოდი, მაგრამ ეს ჩემი შეგნებული არჩევანი იყო. ამიტომ, არ ვწუწუნებ, თუმცა, უფლის მფარველობას ყოველთვის ვგრძნობდი!
 ეკა, წარმატებას გისურვებ!