"მივმართავთ მთავარ პროკურორს, გამოიძიოს კოტე კუბლაშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მოსამართლეებზე ზემოქმედების ფაქტები!"

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ სასამართლო ხელისუფლების მთელი სისტემის დამორჩილება განიზრახა, რაც მოსამართლეების მიერ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებაზე უარის თქმას ნიშნავდა. იერიში, პირველ რიგში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე მიიტანეს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა დაიწყო აშკარა ზემოქმედება მოსამართლეებზე კონსტიტუციური ნორმების დარღვევით - ის გვაიძულებდა, დაგვეწერა განცხადებები სამსახურიდან წასვლის თაობაზე. რამდენიმე მოსამართლე, მათ შორის მეც, წინააღმდეგი წავედით და განვაცხადეთ, რომ ვემორჩილებოდით კონსტიტუციას, მოსამართლის ფიცის ერთგული ვრჩებოდით და ვინმეს გავლენით გადაწყვეტილებას არ მივიღებდით", - აცხადებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, სამართალმცოდნე ნინო გვენეტაძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მივმართავთ მთავარ პროკურორს, გამოიძიოს კუბლაშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მოსამართლეებზე ზემოქმედების ფაქტები!~

"უარის შემდეგ უფრო "ეფექტური" მეთოდი აამოქმედეს, - იუსტიციის საბჭოს მეშვეობით ჩვენ მიმართ დისციპლინური საქმეების წარმოება დაიწყო და ამ გზით დაგვითხოვეს სასამართლოდან. საქართველოს პარლამენტმა მიხეილ მაჭავარიანის დიდი მეცადინეობით უფლებამოსილება კანონდარღვევით შეგვიწყვიტა: როცა სამ მოსამართლეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს, ჩემზე კი კვორუმი არ ეყოთ, მიშა მაჭავარიანმა პირდაპირ თქვა: რა სამწუხაროა, რომ პულტებმა არ იმუშავაო... გვინდოდა, პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოვსულიყავით, მაგრამ იმჟამინდელმა საპარლამენტო უმრავლესობამ საშუალება არ მოგვცა. ამის შემდეგ მოსამართლეებს ჩვენი უფლებების დასაცავად ბრძოლა წუთით არ შეგვიწყვეტია, ჩვენი საჩივარი დევს სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და ამ წლის ბოლოს ან 2013 წლის დასაწყისში ველოდებით მის განხილვას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინო გვენეტაძე.

"მზადდება ცვლილებები იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში, იცვლება მისი დაკომპლექტების წესი, მათ შორის, პრეზიდენტის უფლება, დანიშნოს ორი წევრი, მცირდება პარლამენტის კვოტა - იუსტიციის სამინისტრომ საჯაროდ განიხილა ეს პროექტი, განხილვაში ჩვენ, ე.წ. მეამბოხე მოსამართლეებიც ვმონაწილეობდით. მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები დემოკრატიულია, - ადმინისტრაციული უფლებამოსილების განმხორციელებლები სულ ერთი და იგივე პირები არ უნდა იყვნენ, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სასამართლო კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეები, აგრეთვე, ნებისმიერი ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე მოსამართლე... შედის ცვლილებები პრეზიდენტისა და პარლამენტის მიერ დანიშნული წევრების თაობაზე; განხილვისას გამოითქვა მოსაზრება, რომ პარლამენტის მიერ წარგზავნილი წევრები არ უნდა იყვნენ დეპუტატები, არამედ სამეცნიერო, საადვოკატო წრეების წარმომადგენლები. შეიცვლება სასჯელთა შეკრებითობის წესიც, რაც ხელს შეუწყობს ასობით უსამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვას", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ჩვენ არ ვართ მომხრე, ისე გაიწმინდოს სასამართლო კორპუსი და ისეთივე მეთოდებით განხორციელდეს სასამართლო რეფორმა, როგორც ეს 2004 წლიდან ხდებოდა, მაგრამ აუცილებელია, სასამართლომ მართლმსაჯულების აღსრულება შეძლოს. პასუხი უნდა აგოს ყველა იმ მოსამართლემ, ვინც უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. ის რომ პოლიტიკური ცვლილებებისთანავე იუსტიციის მინისტრმა ადეიშვილმა და მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ ქვეყანა დატოვეს იმას მიანიშნებს, რომ როგორც ჩანს, ამ პირებს საჯარო საქმიანობისას როგორც მართლმსაჯულების, ისე სისხლის სამართლებრივი და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რბილად რომ ვთქვათ, ხარვეზები აქვთ დაშვებული, დანარჩენზე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იმსჯელონ აცხადებს ნინო გვენეტაძე და შეკითხვას - "რა საჩივარს ამზადებთ კოტე კუბლაშვილის წინააღმდეგ?" - პასუხობს:

"მე და ასევე განდევნილი მოსამართლე მერაბ ტურავა მივმართავთ მთავარ პროკურორს, გამოიძიოს კუბლაშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სასამართლო ხელისუფლებაზე, მოსამართლეებზე ზემოქმედების კონკრეტული ფაქტები, მათ შორის, ჩვენი საქმე. აგრეთვე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და კონსტიტუციის ნორმების შესაბამისად მოვითხოვთ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის წინააღმდეგ."