რა სკანდალური ფაქტები მოიპოვა ლალი მოროშკინამ ხათუნა კალმახელიძეზე

რა სკანდალური ფაქტები მოიპოვა ლალი მოროშკინამ ხათუნა კალმახელიძეზე

ლალი მოროშკინა წლებია, საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. არაერთ სკანდალში გახვეული ქალბატონი დეპრესიაში არასოდეს ჩავარდნილა. რამდენიმე კვირის წინ სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. მისი დღე პატიმრების მონახულებით და მათი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვით იწყება, პირადი ცხოვრებისთვის კი დრო აღარ რჩება.

- ლალი, რამდენად ძლიერ ქალად მიიჩნევთ თავს?
- ვიცი, რომ შევძლებ სახელმწიფო პოზიციის დაცვას, მაგრამ ჩემი სიძლიერე უსუსურია პირად ცხოვრებაში, განწირული ხარ მარტოობისთვის. ის, რაც ქალს უნდა გქონდეს, სინაზე, დათმობა, ხანდახან სისულელე, რაც ქალს შვენის, აქ ნამდვილი ფიასკო მაქვს.

- როგორ ფიქრობთ, ეს თვისება გენეტიკურია, თუ ცხოვრებამ გაგხადათ ასეთი?
- გენეტიკურია, იმიტომ, რომ ორივე ბებია უძლიერესი მყავდა. რკინის ხასიათი ჰქონდათ, მაგრამ მათი შემდგომი თაობა - დედა და მამა, ძალიან რბილები იყვნენ, ეტყობა, ჩემს მშობლებზე გენებმა დაისვენა და აღზევება ჩემში პოვა. მეგობრები ამ თემაზე მაშაყირებენ, ბებიებივით ცხოვრებას მარტოობაში დაასრულებო. რთულად წარმომიდგენია მამაკაცი, რომელსაც ამის ატანა შეუძლია.

- როდის იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი, როდესაც გადაწყვეტილების მიღებაც კი გაგიჭირდათ?
- არასოდეს, საოცრად ოპტიმისტი ვარ. მქონდა პერიოდი, როდესაც არ ვიცოდი, ჩემი შვილი ცოცხალი იყო თუ არა. უცხო ადამიანმა დამირეკა და მითხრა, რომ უფროსი ვაჟისთვის საავადმყოფოში უნდა მიმეკითხა და ტელეფონი გათიშა. გზაში ვფიქრობდი, რომ ღმერთი არ გამწირავდა, შვილი უგონო მდგომარეობაში დამხვდა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა. მეორე მძიმე პერიოდი იყო, როდესაც ავარიაში მოვყევი და მცხეთის ხიდიდან გადავვარდი, თვალი რეანიმაციაში გავახილე. გადავრჩი, მაგრამ შეიძლებოდა, წელქვევით მოწყვეტილი დავრჩენილიყავი. მაშინ ვიფიქრე, რომ ეს იყო განწმენდის პროცესი. ჩემი ცხოვრების ბოლო ათ წელს ასე დავარქვი. არავინ არ იცოდა, როგორ მიჭირდა, სტრესისა და მუქარის ქვეშ ვიყავი. არ მიყვარს, როდესაც წუწუნებენ, ჩემი თავმოყვარება არ მაძლევდა ამის უფლებას. 2009 წელს, როდესაც წიგნის წერა დავიწყე, მაცივარი გამოვაღე და იქ სიცარიელე დამხვდა, მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ისეთი უნდა გამეკეთებინა, რაც გაიყიდებოდა.

- კარიერული თვალსაზრისით აღმასვლის გარდა, ხშირად ჩავარდნებიც გქონიათ, მაგრამ აქტუალურობას მაინც ინარჩუნებდით.
- პიარტექნოლოგი ვარ და კარგად ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრში ვიყო. ათი წლის განმავლობაში მუდმივად ვახერხებდი თავის შეხსენებას. რთულია ზღვარის დაიცვა, მაგრამ ამას ვახერხებდი. შვიდი წლის წინ ჩემი და ანრის ცეკვა საზოგადოებისთვის დღესაც აქტუალურია. მე ვლაპარაკობ პატარა სკანდალებზე, თუ არ ჩავთვლით იმას, რის გამოც მოდულის შენობაში მოვხვდი, აქაც იყო პიარის ელემენტები. ორი შვილის დედა ვარ და ჩემი ხმამაღალი სიტყვა არავის ახსოვს და არც ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ ეს იყო მომენტი, როდესაც ჩემთვის გასართობი შოუების ეპოქა დამთავრდებოდა. დიდი ხანი ვაპირებდი წიგნის დაწერას მძიმე თემაზე და ამას, მინიმუმ ნახევარწლიანი მორალური მომზადება სჭირდებოდა. მინდოდა, საკანი შიგნიდან მენახა, იმ შეგრძნების გაგება მინდოდა, როდესაც რკინის კარი შენ წინ იხურება და საკანში მარტო რჩები. ეს ის ხმაა, რომელიც მუდმივად ყურში გრჩება. საკანში კიდევ არის რაღაც ხმები, რაც, თუ ვერ გაიგე, ვერასოდეს გადმოსცემ.

- თქვენი ცხოვრების რა ეტაპზე დაინტერესდით პენიტენციური სისტემით?
- 2000 წელს ეთნიკური პრობლემების დასაცავი არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმენი. დავდიოდი მთელი საქართველოს მასშტაბით და ვხვდებოდი, რომ ყველაზე მეტად უჭირდათ პატიმრებს, მით უმეტეს, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს. ახალ წელს შევდიოდი ციხეებში და საჩუქრები მიმქონდა ქალბატონებისთვის. მაშინ ერთეული იყო წამების ფაქტები და ისიც ისე ხდებოდა, რომ საზოგადოება ვერ იგებდა. ქალთა ციხეში "მის საპატიმროს" კონკურსსაც ვატარებდით. შემდეგ შევარდნაძის მთავრობაში პრეზიდენტმა გამომიძახა და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მოადგილედ დამნიშნა. პირველი, რაც გავაკეთე, ცხინვალში ქართველ პატიმრებს მივაკითხე და ოს პატიმრებში გადავცვალე. რამდენი წელია, რაც ციხეებში წამებაზე ვლაპარაკობ. შევდიოდი და საკანში ვნახულობდი პატიმრებს, არ უნდა იუკადრისო და ბევრს ეს ეშლება. ვაპროტესტებდი იმ დაჭერებსაც, რაც სააკაშვილის პერიოდში ხდებოდა, სწორედ ამ თემაზე მოგვივიდა უთანხმოება და მაშინ კონფლიქტებში მინისტრად არ წავედი. ვეუბნებოდი, რომ არ შეიძლებოდა ადამიანების გაშიშვლება ტელევიზიის საშუალებით. მაშინ ჯერ კიდევ მქონდა ციხეებში შესვლის საშუალება და არასოდეს დამავიწყდება ის დაკავებული მაღალჩინოსნები, რომლებიც სასათბურე პირობებიდან საკანში მოხვდნენ. ციხის საჭმელს ვერ ჭამდნენ და სახლიდან მიმქონდა მათთვის საკვები. რომ არა მაშინ სააკაშვილის კეთილგანწყობა, მეც დამიჭერდნენ.

- ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ თქვენ მუდმივად იდექით ციხეების წინ და აპროტესტებდით. პატიმრები თქვენს სახელს სკანდირებდნენ, ეს რით დაიმსახურეთ იმ ციხეში, სადაც შესვლის უფლება აღარ გქონდათ?
- წლები მიმოწერა გვქონდა. ცოდვა გამხელილი სჯობს და თავიდან ჩემს მისამართსაც არ ვაძლევდი და ჩემი ძმის მისამართზე მოდიოდა წერილები. ციხე არის სტრუქტურა, თუ ერთმა იცის, იცის ყველამ. როდესაც ჩემი წიგნი "გისოსებს მიღმა საქართველოა" გამოვიდა, ის პატიმრები, რომლებთანაც მიმოწერა მქონდა, სასტიკად სცემეს და კარცერში ჩაყარეს, პირადად კალმახელიძის მითითებით.

- ხშირად ისმის ხათუნა კალმახელიძის მიმართ ბრალდება, რამდენად საფუძვლიანია ეს ბრალდებები?
- უმძიმესი ფაქტები მოვიპოვე. არის პატიმარი მამაკაცი, რომელიც სპეციალურად შეიყვანეს თამაზ თამაზაშვილის საკანში, რომელსაც ტაბლეტის საშუალებით უნდა მოეწამლა და სამ თვეში ღვიძლი დაეშლებოდა. პატიმარი შემხვდა და მომიყვა, რომ ახალაიამ და კალმახელიძემ ხუჭუას კაბინეტში აიყვანეს და აპირებს, პროკურატურას მისცეს ეს ჩვენება.

- ამ პროცესს კალმახელიძეც ესწრებოდა?
- ხათუნაც ესწრებოდა იმ ლაპარაკს, რომ თამაზაშვილი ციხიდან ცოცხალი არ უნდა გასულიყო, მანამდე ეს პატიმარი მორგში დაამწყვდიეს და ბადრაგი, მეტსახელად სომეხა, გარდაცვლილ პატიმრებს ნაღვლის ბუშტს აცლიდა და უჩვენებდა, რომ მასაც ცოცხლად ასე გაუკეთებდა.

- რამდენად სარწმუნოა მისი ჩვენებები?
- ის ამბობს, რომ პროკურატურასთან ითანამშრომლებს და ფაქტებიც აქვს. ცოცხალი მოწმეა და გამბედაობა და ვაჟკაცობა ეყო, რომ ეს დავალება არ შეესრულებინა. გლდანის ციხესთან პირველი ღამე 19-ში გავათენეთ და შემდეგ დაიწყო ციხეში პატიმრების პროტესტი, იმ დროს მხოლოდ მე ვიყავი პატიმრებთან პირისპირ და ერთადერთი, რაც მათგან მოდიოდა, იყო მხოლოდ მადლიერების გრძნობა და ანთებული სანთლები. სკანდირებდნენ ჩემს სახელს და ამბობდნენ, რომ გისოსებს მიღმა საქართველოა. ტუღუშს არ უნდოდა ჩემი მონიტორინგის ჯგუფში შეყვანა, რადგან პირველივე დღეს ღიად დავუპირისპირდი. ის ცდილობდა, ახალ მთავრობასაც მორგებოდა და ამის მცდელობა პირველივე დღეს მოვუსპე. ლეღვის ფოთოლი და "ჩისტილშჩიკი" ვეძახე იმიტომ, რომ ბაჩო ახალაიას, ხათუნა კალმახელიძისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მოლაპარაკებების კადრები ციხის კედლებში მას მერე გაქრა, რაც ტუღუში მივიდა სამსახურში. შემდეგ მონიტორინგის ჯგუფის ფარგლებში საკან-საკან დავდიოდი და პატიმრები კარგად მიღებდნენ. უმძიმესი მდგომარეობა დამხვდა მეშვიდე საპყრობილეში, სადაც ე.წ. ქურდები ჰყავთ. ეს არის დატბორილი შენობა, საიდანაც ადამიანი დაავადებული გამოვა. ასევე უმძიმესი პირობებია ორთაჭალის პირველ საპყრობილეში და რუსთავის მეექვსეში, კრიტში, სადაც პატიმრებს შეკრებითობის პრინციპით ძალიან დიდი სასჯელი აქვთ.

- როგორ მოხვდით ახალ თანამდებობაზე?
- მე და სოზარი ბევრ აქციაზე ერთად დავდიოდით. ბოლოს, ჩემი წიგნის "გისოსებს მიღმა საქართველოა" პრეზენტაციის დროს, მსვლელობა გავმართე, სოზარი შემთხვევით შემხვდა, ესეც სიმბოლური იყო. როდესაც ის არჩევნებში ჩაება, მე ციხეებთან ვაგრძელებდი ბრძოლას. პროცესის დასტაბილურების შემდეგ მითხრა, შენ იცი შიდა სამზარეულო, კარგად გამოგდის პატიმრებთან ურთიერთობაო.

- პირველი რჩევა რა მიეცით ბატონ სუბარს?
- პოლიტპატიმრის ნორა კვიციანის გათავისუფლება ვურჩიე. პატიმრების საერთო პრობლემების მოგვარება დავიწყეთ, დარეკვის პრობლემა, ტელევიზორების დადგმა, ჩაცმა, თბილი ტანსაცმელი. ახლა, როდესაც ჰუმანური გზით მივდივართ, პრესაც შევა და ახალი ტენდერი ჩატარდება, ლოიალური ფასები იქნება შიდა მაღაზიებში. მოგვარდება პაემნების პრობლემაც.

- როგორი უფროსია სოზარი?
- არაჩვეულებრივი, ისეთივე, როგორი ადამიანიც არის და როგორი სახალხო დამცველიც იყო.

- ახალი მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ხართ, პრემიერ-მინისტრი თუ გაიცანით?
- არა, მეტსაც გეტყვით, ოცნების წევრიც არ ვყოფილვარ. ჩემი ცხოვრებისეული კრედოა, რომ არც ერთი პარტიის წევრი არ ვიყო, იმდენად მაღალი მაქვს დამოუკიდებლობის შეგრძნება, რომ ამაშიც მჟღავნდება. ვფიქრობ, დადგება მომენტი, როდესაც პიროვნულად გავიცნობ ამ ადამიანს. რა თქმა უნდა, ოცნების მხარდამჭერი ვიყავი, მაგრამ მიმაჩნდა, რომ პარტიაში ჩემი შესვლა საჭირო არ იყო, იმდენად ბევრი ადამიანია. აქვე მინდა, სინანული გამოვთქვა, რომ ჩვენს პარლამენტში ქალების ისეთი სიმცირეა, ირანის პარლამენტივით არის. დარღვეულია გენდერული ბალანსი და ასევე ეთნიკური უმცირესობების ბალანსი და მიმაჩნია, რომ ეს უნდა გამოსწორდეს. საქართველო ძლიერი ქალების ქვეყანაა.

- ლალი, რას იტყვით თქვენი მისამართით წამოსულ ფოტო და ვიდეოკომპრომატების ომზე?
- ნორმალურია, ძალიან ვაინტერესებ საზოგადოებას, სანამ ასეთი პოპულარული ვიქნები, ასმაგად დამაფასებენ. მეშინია იმ ადამიანის, ვისზეც კომპრომატი არ დაიდება, თუნდაც ფოტოს სახით. მე ძალიან ვერიდები ადამიანებს, რომლებზეც არასოდეს უქილიკიათ, არაფერი უთქვამთ, თითქოს იდეალურები არიან, ასეთი იდეალური იყო ჩიკატილო და მრავალი ადამიანის მკვლელი აღმოჩნდა. ეს უკვე ის ეტაპია, როდესაც გააზრებული გაქვს, რა გზა გამოიარე. ვფიქრობ, სწორად მოვედი დღემდე, დიდი დანაკარგების გარეშე. პროფესიულად შევდექი, რაც კმაყოფილების განცდას იწვევს, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ რა წუთშიც საკუთარი თავით კმაყოფილი იქნები, იქ დამთავრდება ცხოვრება.

- პირადი ცხოვრება?
- ამაზე ჯერ არ მიფიქრია. გეტყვით, როგორც ვივიენ ლის გმირი "ქარწაღებულებიდან" - ამაზე ხვალ ვიფიქრებ.