ქართული დიპლომატიის სკანდალური ქრონიკა

ქართული დიპლომატიის სკანდალური ქრონიკა

ოფიციალური თბილისი, უსახსრობის გამო, იძულებული გახდა ელჩების დანიშვნის საკმაოდ ორიგინალური და გამარტივებული პროცედურისთვის მიემართა - თავის დროზე დიპლომატიურ თანამდებობებზე უცხოეთში კაპიტალის (კაპიტალად ბინა, ნაცნობობა და სხვა მნიშვნელოვანი ატრიბუტები ითვლებოდა) მქონე პირები დანიშნეს. საქართველოს ხელისუფლებას ეგონა, რომ ეს თუნდაც სპონტანურად დამტკიცებული დიპლომატები სამშობლოს სიყვარულით აღენთებოდნენ, მაგრამ დიპლომატებმა (ერთეულების გამოკლებით) ქვეყანაც და ხელისუფლებაც, ერთად და თანაბრად, საკუთარ ინტერესებს გადააყოლეს.

ასე მოხდა ბეგი თავართქილაძის შემთხვევაშიც. იმხანად იგი რომის უნივერსიტეტში სამეცნიერო მივლინებით გახლდათ. უმცროსი მეცნიერი მუშაკი მოულოდნელად ელჩის სავარძელზე დააბრძანეს. კარიერის გაკეთებაში მას ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონთან სიახლოვეც დაეხმარა. სხვა ელჩებისგან განსხვავებით თავართქილაძეს ნამდვილად მეფური აპარტამენტები ერგო.

ქეთევან ბაგრატიონმა მას რომში საკუთარი სასახლის ერთი ფლიგელი დაუთმო. მუშაობისთვის თითქოს ყველაფერი მზად იყო. მიუხედავად ამისა, დიპლომატიური კავშირები ვერ განვითარდა. მეტიც, ბატონი ელჩი არც საქართველოს ხელისუფლებას სწყალობდა. იტალიაში სხვადასხვა დროს დაგეგმილი ვიზიტები სწორედ ელჩის გამო ჩაფლავდა. მოკავშირეების შეძენის ნაცვლად ბატონმა ბეგიმ უკვე არსებული კავშირებიც საიმედოდ დაასამარა. ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონს გაუწყრა და ადვოკატ კონტის სახით „უკეთესი“ პარტნიორი შეიძინა. მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინა ხარ შენ - ამ პრინციპით თუ ვიხელმძღვანელებთ, ბატონი ელჩი ნამდვილად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. კონტის საკმაოდ შებღალული რეპუტაცია აქვს. თავართქილაძემ საქართველოსთან რამდენიმე ოპერაცია სწორედ მისი დახმარებით განახორციელა და რომ არა საკანონმდებლო ხელისუფლება, ბატონი ბეგის „დიპლომატიური მოღვაწეობა“ ისევ ჩრდილში დარჩებოდა.

გასულ წელს რომში სოლიდური დელეგაცია გაემგზავრა. მინდია უგრეხელიძე, ჯიმი მიქელაძე, გიორგი ბარამიძე, მიხეილ სააკაშვილი და კიდევ რამდენიმე კანონმდებელი იტალიას კორუფციის სემინარზე დასასწრებად ეწვია. სემინარი ჩაიშალა. ტრადიციულად ელჩის უყურადღებობის ან უპასუხისმგებლობის გამო. ბარამიძე იტალიაში გამწესებულ „დიპლომატს“ თვითმფრინავიდან დაემუქრა: დროა, ჩემოდანი ჩაალაგო, მალე ელჩობიდან გაგანთავისუფლებო.

პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის თავმჯდომარე იმდენად აღშფოთებული გახლდათ, რომ სამშობლოში დაბრუნებას აღარ დაელოდა. ელჩს ჰაერიდან დაემუქრა. ეს მას შემდეგ, რაც თავართქილაძემ საქართველოს ოფიციალურ პირებს სემინარების ჩაშლა არ აკმარა და თბილისის ნაცვლად თელ-ავივში გადააფრინა. იქ ჩასული დელეგაციის წევრები კი უბილეთოდ დარჩნენ.

საკანონმდებლო ხელისუფლების გაწიწმატებამ სხვებს გამბედაობა შემატა. თავართქილაძის გაცურებული პირებიც დროზე გამოჩნდნენ. ბატონი დიპლომატი მათ სხვადასხვა ოპერაციებში დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ საქმე არ გაუკეთებია.

თავართქილაძესთან დაკავშირებული მაქინაციები ბარამიძემ განსაკუთრებული სიამოვნებით შეისწავლა. საკმაოდ სქელტანიანი საქმე აკინძა და შსს-ს გადასცა. ამ უკანასკნელმა სისხლის სამართლის საქმის შემადგენლობა ოპერატიულად დაადასტურა და საქმე საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა. საბოლოოდ კი ყველაფერი ამ უწყებაში გაიყინა. ჯერ კიდევ მარტში, ბიუჯეტის განხილვისას, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს დაჰპირდა, რომ ელჩის მოხსნის საკითხს მალე გადაწყვეტდა. მენაღარაშვილი მხოლოდ სიტყვიერი განცხადებით შემოიფარგლება: თავართქილაძეს ელჩად არ ვთვლიო. მიუხედავად ამისა, საკითხი ადგილიდან არ იძვრის. ბატონი ბეგის დიპლომატიური კარიერა გრძელდება. თავად თავართქილაძე ოფიციალური თბილისის უკმაყოფილებას ქედმაღლულად პასუხობს: თუ კრიმინალი ვარ, მომხსენით.

სავარაუდოა, რომ იტალიაში აკრედიტებული ელჩი ჩვენი ხელისუფლების გარკვეული წრეების ინტერესებს გამოხატავს. მისი მფარველი, ძირითადად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში უნდა ვეძებოთ. ამ მხრივ, სერიოზულ ეჭვებს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფრო ბადებს.

იტალიაში საქართველოს საელჩოს უნიათობამ ახლახან ერთი ბიჭის სიცოცხლეც შეიწირა. შეგახსენებთ: საელჩოს მიერ არასწორად გაფორმებული დოკუმენტების წყალობით იტალიიდან თურქეთში გამგზავრებული ქართველი მოქალაქე თბილისში ვეღარ ჩამოაღწევს. მას უკან, იტალიაში გააბრუნებენ. შედეგად, რომის აეროპორტის საპირფარეშოში ის თავს ჩამოიხრჩობს. საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებლობას მაინც გაურბის. მეტიც, თავართქილაძეს არამხოლოდ ემუქრებიან და სჯიან, ახალი ტიტულებითაც ამკობენ. იგი ახლახან მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის თავმჯდომარედ დაამტკიცეს(?).

სახელგანთქმული ელჩი ბიზნესმენები ყაზახეთსა და თურქმენეთშიც აღმოჩნდნენ. ევროპის ზონაში მოხვედრილ კოლეგებს ისინი არაფრით ჩამორჩებიან. პარლამენტმა თურქმენეთის სავაჭრო წარმომადგენელი, ბატონი პატარაია ელჩად არ დაამტკიცა. პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტმა მისი თურქმენეთის ვალთან დაკავშირებული კლირინგული ოპერაციები შეისწავლა და პატარაია ფინანსურ მაქინაციებშიც ამხილა. საქმე იმდენად სერიოზული გახლდათ, რომ ბარამიძემ შესაბამის სტრუქტურებს მისი დაკავებაც კი მოსთხოვა. საკანონმდებლო ორგანოს ეჭვის საგანი ფირმა „არეს“ გამდიდრება გახდა, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც პატარაია გახლავთ. მას სახელმწიფოს ვალის გასტუმრებაზე უნდა ემუშავა. მაგრამ ვალი ვალად დარჩა. საკლირინგო ოპერაციებში ჩართული სხვა ფირმები გაკოტრდნენ - დეპუტატთა ვარაუდით, ხელოვნურად. ასეთი სერიოზული ბრალდებების მიუხედავად, პარლამენტმა პატარაიას დაკავებას მაინც ვერ მიაღწია. მიხეილ სააკაშვილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა - „ეჭვი არ არის, თბილისში მას სერიოზული მფარველები ჰყავს.“

კულუარული ბრძოლა საბოლოოდ ბარამიძისა და სააკაშვილის სასარგებლოდ დასრულდა. პატარაიას მუქარა - თუ ელჩად არ დამამტკიცებთ, ყველაფერს ვიტყვი - მუქარადვე დარჩა. დეპუტატებს, როგორც ჩანს, კომპრომატების არ ეშინიათ. თურქმენეთის ვალის საკითხში ბატონმა პატარაიამ ბასილიას გარევაც სცადა. ეს რომ პრეზიდენტის თანაშემწემ ეკონომიკურ საკითხებში გაიგო, თურქმენეთში საქართველოს სავაჭრო წარმომადგენელს ტელეფონით დაუკავშირდა. ეს უკანასკნელი იძულებული გახდა, საკუთარი ნათქვამი უკან წაეღო. მართალია, პატარაია ელჩობას ვერ ეღირსა, მაგრამ ძველი სტატუსი მაინც შეინარჩუნა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამჯერადაც სირაქლემას საკმაოდ უხერხული პოზა აირჩია.

დიპლომატიური კარიერა უხმაუროდ არც ალექსანდრე ჩიკვაიძისთვის დასრულდა. მან რუსულენოვან ჟურნალ „ბიზნესს“ ინტერვიუ მისცა და ბიზნესმენებს მოუწოდა, საქართველოში ფული არ ჩადოთო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საბერძნეთში აკრედიტებული ელჩის ანტიქართული განცხადებაც რეაგირების გარეშე დატოვა. ეტყობა, თბილისს მისი შორს ყოფნა უფრო აწყობს. ჩიკვაიძის სახელს უკავშირდება დიპლომატიურ აკადემიასთან მომხდარი ინციდენტიც. როცა მინისტრმა მოხსნის საფრთხე იყნოსა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე დიპლომატიური აკადემია დააფუძნა. ბატონ ჩიკვაიძეს ეგონა, რომ თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ რექტორად დაინიშნებოდა და ახალგაზრდა დიპლომატებთან იმუშავებდა. მაგრამ ოფიციალურმა თბილისმა იგი უფრო შორს, საბერძნეთში გადაისროლა. მენაღარიშვილმა მის მემკვიდრეობაზე უარი თქვა. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო აკადემიის დაფუძნებაზეც უარს იტყვის. მოტყუებული ისევ სტუდენტები დარჩნენ, რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოაძევეს. ახლა ისინი კანცელარიასა და პარლამენტს შორის დადიან და სამართალს ითხოვენ.

მესამე, საკმაოდ გახმაურებული და კურიოზული შემთხვევა სანდრო კავსაძის დიპლომატიურ კარიერას უკავშირდება. პარლამენტმა იგი ომბუდსმენად მისი საერთაშორისო ასპარეზზე არასწორი მოღვაწეობის გამო არ დაამტკიცა. თავის დროზე კავსაძემ აფხაზეთთან დაკავშირებით გარკვეულ დოკუმენტებს მოაწერა ხელი. ახლა დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ეს დოკუმენტები ანტისახელმწიფოებრივი იყო. მიუხედავად ამისა, კავსაძე ელჩად დანიშნეს, თანაც ჟენევაში, სადაც ეს დოკუმენტები გაფორმდა.

ბატონმა სანდრომ რუსულის გარდა არც ერთი ენა არ იცის. ბუნებრივია, იგი იქ ვერანაირ დიპლომატიურ კავშირებს ვერ დაამყარებს. ჟენევაში ოფიციალურმა თბილისმა ახალი ელჩი დანიშნა, რომელსაც კავსაძე არ ელაპარაკება. ელჩსა და მის მოადგილეს შორის მუდმივი ომი და დავიდარაბაა ატეხილი. ისინი პიროვნულად ვერ იტანენ ერთმანეთს. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. იგი ჟენევაში კავსაძესაც ინახავს და ელჩსაც. ორივე მათგანს კი საქართველოს ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები მიაქვთ. ბატონ კავსაძეს იქ ხუთოთახიანი ბინა აქვს ნაქირავები.

არც საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ულხინს. ბატონი ჩოგოვაძე საქართველოს ხელისუფლების უმეტესობასთან გაბუტულია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცივი დუმილი გვაფიქრებინებს, რომ თითოეული ეს ელჩი ამავე უწყების ფინანსურ ინტერესს გამოხატავს. საელჩოები, ძირითადად, კონტრაქტების გაფორმების დროს აღებული საკომისიოებით ან ბიზნესმენებისგან მიღებული გასამრჯელოებით იკვებებიან. ოპერაციების  პროცედურა საკმაოდ მარტივია. ვთქვათ, საქართველოსა და რომელიმე ქვეყანას შორის კრედიტის თაობაზე დიდი კონტრაქტი ფორმდება. ჩნდება საშუამავლო ფირმა, რომელსაც საქართველოში არავინ იცნობს და რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში არ ფიქსირდება. სამაგიეროდ, ფიგურირებს საიდუმლოდ მიჩნეულ ე.წ. ქვედა კონტრაქტში. რის საფუძველზეც, აღნიშნული ფირმა ოპერაციაში 15 პროცენტს იღებს. ბუნებრივია, უცნობს ამხელა პროცენტს არავინ მისცემს. ეტყობა, ფირმის უკან ან სამინისტრო დგას ან საელჩო. შესაძლოა, ორივე ერთადაც.

ასეთი მაქინაციების გამო საელჩოები კლანური პრინციპით კომპლექტდება. როგორც წესი, ელჩები სამუშაოდ მხოლოდ ახლობლებს იწვევენ და მათგან ერთადერთს - ერთგულებასა და სიჩუმეს მოითხოვენ.

ამდენად ჩვენი ელჩები კურიოზული და სკანდალური ცხოვრების კლასიკური ტიპაჟები არიან. მაგრამ ამბობენ, ყველაზე დიდი კლასიკოსის ტიტული ავსტრიის ელჩმა, ნოდარ გიორგაძემ საკმაოდ სამართლიანად დაიმკვიდრაო.

ვენაში მან სახელი გაითქვა არა როგორც ბრწყინვალე დიპლომატმა, არამედ... ცნობილია, რომ რუსეთის ელჩი ავსტრიაში თავის სტუმრებს გიორგაძეზე მოარული ანეკდოტებით ართობდა. ბატონი გიორგაძის ყველაზე „დიპლომატიურ“ განცხადებად მის ერთ-ერთ გამონათქვამს მიიჩნევენ: მე არ ველაპარაკები ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (?). მაგრამ, მადლობა ღმერთს, ანეკდოტებს ის მაინც გადაჰყვა.