რატომ გაასაჯაროვა კადრები 6 წლის შემდეგ - გიორგი დვალიშვილი შს მინისტრს პასუხობს

რატომ გაასაჯაროვა კადრები 6 წლის შემდეგ - გიორგი დვალიშვილი შს მინისტრს პასუხობს

„რაც ამ ადამიანმა გააკეთა, ჩემთვის მიუღებელია“,-  ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პატრულ-ინსპექტორ გიორგი დვალიშვილის განცხადებებს და მის მიერ გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერს.

გომელაურის თქმით, გიორგი დვალიშვილს არათუ ვინმე დევნიდა, არამედ ერთი წლის წინ მისმა მეუღლემაც მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო.

„თუ მან ნახა, რომ დანაშაული იყო, იგი ვალდებული იყო ჩანაწერი წაეღო გენინსპექციაში, ან პროკურატურაში. არ უნდა შეენახა, ვინ დევნიდა მას. 6 წელი, რომ დევნაში ყოფილიყო ეს ადამიანი, იმუშავებდა კიდევ?! ერთი წლის წინ დაუსაქმეს მუღლე. ერთი წლის წინ დაიწყო ამ ადამიანმა მუშაობა. ზეწოლის ქვეშ რომ ყოფილიყო იგი იმუშავებდა კიდევ?“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის ამ განცხადების შეფასება „პრაიმტაიმმა“ თავად გიორგი დვალიშვილს სთხოვა, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით 2014 წელს პატრულმა გიორგი დვალიშვილმა მოქალაქე ვახტანგ იზორია ხულიგნობის ბრალდებით დააკავა, თუმცა დაკავებული მისი ძმის, ლევან იზორიას ჩარევით გაათავისუფლეს. დვალიშვილმა გაავრცელა ჩანაწერიც, სადაც ლევან იზორიას ძმა სამართალდამცველს აგრესიული ტონით ესაუბრება.

რატომ ინახავდა ჩანაწერებს პატრულ-ინსპექტორი? - კითხულობს შს მინისტრი. „პრაიმტაიმი“ გიორგი დვალიშვილს დაუკავშირდა და კითხა - რატომ არ მიმართა გენერალურ ინსპექციას, ან პროკურატურას 2014 წელს და რატომ გაასაჯაროვა კადრები 6 წლის შემდეგ?

გიორგი დვალიშვილი:

- ახლა რომ მივმართე რა ქნეს?! და როგორ შეიძლებოდა მქონოდა იმედი, თავის დროზე რომ მიმემართა, ამას რეაგირება მოჰყვებოდა?! მე, როგორც რიგითმა პოლიციელმა ჩემს უშუალო ხელმძღვანელს მოვხსენე აღნიშნული ფაქტი. იმ ეტაპისთვის ყველა ზემდგომ ხელმძღვანელს მოვახსენე ეს ფაქტი. პირადად მე, არც ამ პიროვნების გაშვებას დავსწრებივარ და არც ვიცოდი, რომ უშვებდნენ. ჩემს გარეშე მოხდა ეს.

-როდის გაიგეთ, რომ გაშვებული იყო...

- როცა გავიგე, ამის შესახებ ვაცნობე ჩემს ხელმძღვანელობას, რომელმაც რეაგირება არ მოახდინა. თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ გენერალური ინსპექციისთვის მიმართვის შემთხვევაში რაიმე შედეგი დაიდებოდა, ძალიან ცდება. ოთხი დღეა, რაც ეს კადრები გასაჯაროებულია და ამ კომენტარების მეტი ვერაფერი მოიფიქრეს. ჩემი გადაცდომა, რომ ყოფილიყო სადმე, ვინმე დააყოვნებდა დასჯას?! თავად ლევან იზორია, სამართლის მაგისტრი არ აძლევს სამართლებრივ შეფასებას მომხდარს.  პირველი კურისის სტუდენტიც კი ზეპირად გეტყვით რა სახის სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, თუმცა იზორია იმასაც კი ვერ არჩევს ეს ქმედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა თუ სისხლის სამართლის დანაშაული.

- მინისტრმაც თქვა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებაო...

- და მერე ვინ იძახის, რომ სისხლის სამართლის დანაშაულიაო. არ მითქვამს, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეა იზორიას ძმა. კონკრეტულად არის მითითებული ადმინისტრაციული მუხლი, რითიც მე ვაკავებ ამ პიროვნებას.

- ბტონო გიორგი, ამბობთ, რომ მაშინ არ გქონდათ გარანტია, რომ ამ საქმეს ობიექტური სამართლებრივი რეაგირება მოჰყვებოდა, ახლა რა გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს?

-  რისი გარანტია უნდა მქონდეს ახლაც, როცა ოთხი თვეა დაწყებულია გამოძიება ჩემი უშუალო ხელმძღვანელის - კახა ბუხრაძის მიმართ, რომელიც ამ დრომდე არ გამოუკითხავთ. რა გარანტიებზეა საუბარი?! გარანტია კი არა, დარტყმა მივაყენე საკუთარ ოჯახს.

- და მაშინ რატომ მაინცდამაინც ახლა... მართლაც უკეთესი ხომ არ იქნებოდა, რომ ეს კადრები თავის დროზე გაგესაჯაროებინათ?

- ჩემი ვალდებულება იყო, რომ ხელმძღვანელობისთვის მომეხსენებინა, რაც გავაკეთე. რატომ არ მოახდინეს რეაგირება, ეს მათ უნდა ჰკითხოთ.  

- გომელაურმა ისიც თქვა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში თქვენ საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდით, გარდა ამისა, შსს-ში დასაქმდა თქვენი მეუღლე და ამ ხნის განმავლობაში მის მიმართ არანაირ შევიწროებას ადგილი არ ჰქონიაო... ასეა?

- მე ყველგან ვაფიქსირებ, რომ არასდროს ჩემს მიმართ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. სად ვთქვი, რომ ვინმე მავიწროებდა?! პირიქით, მე იმედი მომეცა, რომ აღნიშნული ფაქტი აღარ განმეორდებოდა. მე ვარ პროფესიონალი პოლიციელი, ყოველთვის ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. დიახ, სწორედ ჩემი პროფესიონალიზმი გახდა ჩემი დაწინაურების მიზეზი. თუ მე დამაწინაურეს სხვა ქვენაგრძნობით და ამას არ ვიმსახურებდი, ეს დანაშაულია. მე ყოველთვის ვიძახი, რომ ჩემი პრობლემები დაიწყო მხოლოდ 2019 წლიდან. მანამდე ჩემს საქმიანობაში არავინ ჩარეულა. ყველაფერი დაიწყო კახა ბუხრაძის მოსვლის შემდეგ, რომელმაც მომთხოვა ეს ვიდეო. მაიძულებდა გადამეცა ეს ჩანაწერი და ამას მოჰყვა ჩემი სამსახურიდან დათხოვნა. ამიტომ გავასაჯაროვე ახლა.

- მართალია გომელაური, როდესაც ამბობს, რომ თითქოს თქვენი მეუღლე დაასაქმეს შსს-ში?

- ჩემი მეუღლე არის იურისტი, თავის საქმის პროფესიონალი. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე და ახლაც მუშაობს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. კონკურსი გამოცხადდა, მიიღო მონაწილეობა და დასაქმდა. ეს არაფერ შუაშია. რაც შეეხება ჩემს პრობლემას, ამის შესახებ მე მივწერე ორი წერილი ბატონ მინისტრს, სადაც მოვითხოვე შეხვედრა, მაგრამ უპასუხოდ დარჩა ეს წერილებიც. მე ვცდილობ დავიცვა ჩემი უფლებები.

- ამ ამბების შემდეგ, თქვენს მეუღლეს ხომ არ შეექმნა პრობლემები სამსახურში?

- არანაირი. ჩემს მეუღლეს ჰყავს ძალიან კარგი ხელმძღვანელობა და მოხარული ვარ, რომ მუშაობს ასეთ პროფესიონალებთან. გამორიცხულია, რომ მათ პრობლემა შეუქმნან. ამას არ ველოდები.