შალვა, ვერონიკა, ხათუნა, სოფო... პოლიტიკაში

შალვა, ვერონიკა, ხათუნა, სოფო... პოლიტიკაში "დაკარგულები"

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყოველდღიურად იმდენი რამ ხდება ქვეყანაში, ხანდახან რთულია, ყველაფერი დაიმახსოვრო და მოვლენების განვითარებას ფეხდაფეხ მიჰყვე. ზოგადად წარმოუდგენელია, საქართველოში ცხოვრობდე და რაიმე გაგიკვირდეს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ვერც ოპოზიციაში გადაბარგებულ ეკა ხერხეულიძეს, აკო მინაშვილს, ხათუნა ოჩიაურსა და "ნაცმოძრაობის" სხვა ოდიოზურ სახეებს წარმოვიდგენდით.

პარლამენტში შესული აწ უკვე ოპოზიციური "ნაცმოძრაობა", რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ისევ ძველი სახეებისგან შედგება. საოცრებაა, მაგრამ "ბობოხიძე გამანადგურებელსაც" ვერ შეელივნენ, თუმცა არა მგონია, თუ გუბაზზე ხელის აწევა გაბედა, ცნობილი "მილიონერი" ამას პეტრე მამრაძისეული სიმშვიდით შეხვდეს.

"ნაცების" ცნობილი სახეებიდან რამდენიმე მათგანი უცნაურად გაქრა. არადა, მახსოვს, როცა საპარლამენტო არჩევნებში მეორედ გაიმარჯვეს, მათი რიგებიდან მხოლოდ მაია ნადირაძე გაუჩინარდა. მაშინ ამბობდნენ, რომ ეს ქალბატონი იმდენად აღიზიანებდა საზოგადოებას, უბრალოდ "გადამალეს". ამჯერად წმენდას უფრო მეტი სახე შეეწირა.

ვერა ქობალია საზოგადოების აგრესიას მხოლოდ არაკომპეტენტურობის გამო იწვევდა, თორემ რეალურად, მის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებები თითქმის არ გვახსოვს. მას ხშირად შეურაცხმყოფელი ეპითეტებითაც ამკობდნენ, იყო დრო, როდესაც ბარში გადაღებული პიკანტური ფოტოების გამო კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს, მაგრამ ვერას პერსონას არასოდეს მიუღწევია აგრესიის იმ სიმაღლემდე, სადამდეც თუნდაც თავის დროზე მაია ნადირაძე და ამჯერად ხათუნა ოჩიაური ავიდნენ. სკანდალური იყო მისი პირადი ცხოვრებაც. მდგრადი მინისტრის მაშინდელი ოჯახური ცხოვრება არც ისე მდგრადი აღმოჩნდა და პოლიტიკურ კარიერას მისი პირადულიც შეეწირა.

არჩევნების შემდეგ ვერა პოლიტიკური არენიდან გაქრა. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ის პრეზიდენტის მრჩევლად გადაიყვანეს.

პრეზიდენტის მრჩეველი გახდა ნინო კალანდაძეც, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იყო. როგორც ჩანს, მაია ფანჯიკიძე ვერ მოიხიბლა მისი სამუშაო გამოცდილებით და თანამდებობაზე აღარ დატოვა. არა მგონია, ამ შემთხვევაში ქალურ შურთან გვქონოდა საქმე, რადგან ვაშაძის ერთ-ერთ მოადგილე სერგი კაპანაძეს ფანჯიკიძემ დარჩენა და მუშაობის გაგრძელება შესთავაზა, მაგრამ კაპანაძე ამ წინადადებას არ დათანხმდა. როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობაშიც" რჩებიან პარტიის ერთგული ადამიანები, თუნდაც პარტიამ ისინი დაივიწყოს. ამის მაგალითი გახლავთ რამდენიმე წლის წინ გამქრალი და სასწავლებლად წასული ნიკა გვარამიაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ამპლუაში დაგვიბრუნდა.

ზოგადად ძველ ხელისუფლებაში ერთგვარ მოდად იქცა სხვადასხვა უწყებაში მინისტრის სავარძლის მორგება და შემდგომ სასწავლებლად გამგზავრება, თუმცა ისიც ვნახეთ, როგორ დაბრუნდა ნასწავლი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე და კინაღამ ხელისუფლება შეცვალა.

დღეს ბევრს ლაპარაკობენ, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვებაში ციხეში გადაღებული წამების კადრების გავრცელებამ უდიდესი როლი შეასრულა, ამას არც პოლიტიკურ გუნდში უარყოფენ, შესაბამისად, მაშინდელი სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძის სახე მისი გადადგომის დღიდანვე გაქრა ტელეეკრანებიდან. სად არის "ციხეების დედოფალი", როგორც მას მოგვიანებით უწოდეს, არავინ იცის. სიმართლე რომ ითქვას, არც არავინ კითხულობს. ლეგენდები, რომ ხათუნა კალმახელიძე პატიმრების წამებას ხელმძღვანელობდა და ბრძანებებს გასცემდა, ისევ ლეგენდებად დარჩა. ის არც პასუხისგებაში მიუციათ და ამ თემაზე საჯარო, მაგრამ ორაზროვანი კომენტარი მხოლოდ კადრების გავრცელების დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა. მეორე დღეს პრეზიდენტს წერილობითი განცხადებით მიმართა და გადადგა. უცნაურია, მაგრამ მასზე გაბედული აღმოჩნდა ბაჩანა ახალაია, რომელიც, მართალია, არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ გაქრა, მაგრამ მოულოდნელად დაბრუნდა და დღეს ციხეში განაჩენს ელოდება.

ქვეყანა დატოვა მისმა ძმამ დათა ახალაიამ, სად არის დღეს მაღალჩინოსანი და დადგება თუ არა მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ჯერ უცნობია. ორი კვირის წინ დათა ახალაიას მეუღლეს შვილი შეეძინა და ბავშვს "სკანდალური" ბიძის სახელი, ბაჩანა დაარქვეს.

პოლიტიკოსი არ არის და ალბათ არასოდეს ყოფილა რომელიმე პარტიაში გაწევრიანებული, თუმცა მას დღემდე "ნაციონალური მოძრაობის" და პრეზიდენტის "ნებიერას" უწოდებენ. სწორედ ამიტომ მოხვდა "დაკარგულთა" სიაში სოფო ნიჟარაძე. მომღერალი, რომელიც ყოველ წელს და ხანდახან წელიწადში ორჯერაც საქართველოში ჩამოსულ მომღერლებთან დუეტს წერდა, დღეს აღარ ჩანს.

მიუზიკლების ხარჯებზე, რომელიც სპეციალურად სოფოსთვის იდგმებოდა, ლეგენდები ვრცელდებოდა. სოფოს და სპექტაკლზე მომუშავე შემოქმედებით ჯგუფს მაშინ ეს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, თუმცა გასულ კვირას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გაამჟღავნა, რომ მიუზიკლი "ქეთო და კოტე" სახელმწიფო ბიუჯეტს 2 მილიონ 125 ათასი ლარი დაუჯდა, ბათუმში ანდრია ბოჩელის კონცერტისთვის კი, სადაც სოფომ მორიგი დუეტი შეასრულა, პრეზიდენტის ფონდიდან 2,4 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
სოფო წინასაარჩევნოდ ნაციონალებისადმი მხარდაჭერას მიუზიკლ "ვერის უბნის მელოდიებზე" მზადებისას პარტიული მაისურის ჩაცმით გამოხატავდა. მომღერალი, რომელიც ყველგან იყო და "ქალი-დუტაც" კი შეარქვეს, დღეს მხოლოდ სოციალურ ქსელში ჩნდება, ისიც იშვიათად.

ნაციონალური სახეებიდან უგზო-უკვლოდ გამქრალთა სიას შეუერთდა იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. გამქრალი მაღალჩინოსნებიდან წერილებით მხოლოდ დიმიტრი შაშკინმა მოგვმართა. ერთი პერიოდი ისე მოეწონა სოციალურ ქსელში თავის გასამართლებელი წერილების გამოქვეყნება, ლამის ჩვევაში გადაეზარდა, მაგრამ რუხმა კარდინალმა (ასე უწოდებდნენ ექსმინისტრ ზურაბ ადეიშვილს) ერთი წერილის ღირსიც არ გახადა ქართველი ერი.

დღეს არავინ იცის, სად იმყოფება ადეიშვილი, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას თუ ვენდობით, გაქცეულ ექსმინისტრს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მოულოდნელად ირაკლი ოქრუაშვილი ესტუმრა და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც ამბობენ, ადეიშვილს ოქრუაშვილმა კბილები ჩაუმტვრია და ცხვირი "შეულამაზა", თუმცა ამ ამბავში საოცარი არაფერია, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ "ოქრო" რევანშისთვის ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ემზადებოდა.

ნაციონალური სპექტრიდან "დაკარგულთა" სიას ამჯერად პირველი ლედით დავასრულებთ. სანდრა რულოვსი ბოლო წლები პრეზიდენტის გვერდით მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებზე ჩნდებოდა. არჩევნებში დამარცხების შემდეგ კი პირველი ლედი ტელევიზიით აღარ გვინახავს. პრეზიდენტის პირად ცხოვრებასა და ოჯახზე საზოგადოებაში ხშირად ვრცელდებოდა ჭორები. ამჯერადაც ახალმა ჭორმა არ დააყოვნა, თუმცა უცნობია, რამდენად შეესაბამება რეალობას. როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ არჩევნებში დამარცხებამდე მოუწოდებდა უფროსი ვაჟი მამა-სააკაშვილს გადადგომისკენ, ამბობენ, რომ მამა-შვილს შორის ამის გამო სერიოზული დაპირისპირებაც მომხდარა. იმასაც ამბობენ, რომ ედუარდი ბიძინა ივანიშვილის მიტინგებზე დადიოდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი ცოტა დაუჯერებლად მეჩვენება.

მასალის მომზადებისას "დაკარგულები" მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების რიგებში არ გვიძებნია. საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ერთი-მეორის მიყოლებით შემოგვეფანტა სამი პოლიტიკური ძალა: ლეიბორისტები, ქრისტიან-დემოკრატები და ახალი მემარჯვენეები.

ალბათ რამდენიმე თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თუნდაც ერთი კვირა ცნობილი მშრომელების პრესკონფერენციის გარეშე ჩაივლიდა. დღეს აღარ ისმის მათი ხმაურიანი შეძახილები და შალვა ნათელაშვილი კი არა, სოსო შატბერაშვილიც სანატრელი გაგვიხდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ლეიბორისტები გაიბუტნენ, მათ ხომ "უკანასკნელი შანსი" მისცეს საზოგადოებას, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და მშრომელებმაც "ქვეყნის შენება" ვერ დაიწყეს...

მოულოდნელად დატოვა პოლიტიკა დავით გამყრელიძემ. ექიმი, მეწარმე, ლიდერი, ბოლომდე ასე დარჩა და ამ სამმა რეგალიამ პოლიტიკოსობა ვეღარ დაიტია. სამძიმრის წერილივით გამოვიდა, მაგრამ ფაქტია, რომ "ახალმა მემარჯვენეებმა" პარლამენტში მოხვედრის სერიოზული შანსი დაკარგეს, რადგან "ქართული ოცნების" კოალიციაში არ გაერთიანდნენ. მათ მიმართ ხალხის აგრესია ნაკლებად შეიმჩნეოდა, მაგრამ ბოლო დროს არც მხარდამჭერთა განსაკუთრებული რაოდენობით გამოირჩეოდნენ. ფაქტია, რომ საარჩევნო მარათონში "ქართული ოცნების" ჩაბმის შემდეგ პატარა პარტიები ყველაზე მეტად დაიჩაგრნენ და მძიმე შედეგითაც დაასრულეს. დამარცხების შემდეგ დავით გამყრელიძემ დანაპირები შეასრულა და პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ დარჩნენ ცნობილი პოლიტიკური სახეები: ფიქრია ჩიხრაძე, მანანა ნაჭყებია, მამუკა კაციტაძე, თუმცა დღეს ისინი არსად ჩანან და სატელევიზიო დებატებშიც არ მონაწილეობენ.

წინასაარჩევნო პერიოდი და პარტიების სარეკლამო კლიპები რომ გავიხსენოთ, ალბათ მაინც ლეიბორისტებსა და ქრისტიან-დემოკრატებს გამოვარჩევდი. ლეიბორისტები მუდმივად გამოირჩეოდნენ კრეატიულობით, შალვა ნათელაშვილის რობინჰუდობამ ღარიბები გაახარა, მდიდრები კი შეაშინა. მათ არაფრით ჩამოუვარდებოდნენ "ქრისტიან-დემოკ­რატები", რომლებიც ხმაურიანი კამპანიის მიუხედავად, არჩევნებში მაინც დამარცხდნენ. წინასაარჩევნოდ ყველაზე უცნაური გზა აირჩიეს "ქრისტიან-დემოკრატებმა". არ ვიცი, ვინ იზრუნა მათ პიარზე, თუმცა ნამდვილად სასაცილო სანახავი იყო მრავალათასიანი მხარდამჭერების წინ ტრიბუნასთან მდგარი გიორგი თარგამაძე, რომელიც ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა. "ქრისტიან-დემოკრატები" ყველაზე ხშირად ხდებოდნენ კრიტიკის ობიექტი და მათ ყოფილი ხელისუფლების სატელიტურ პარტიადაც მოიხსენიებდნენ. ოპოზიცია ამბობდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" "ქრისტიან-დემოკრატების" სახით სურდა, პარლამენტში კონსტრუქციული ოპოზიცია შეეყვანა, რომელსაც თავად მართავდნენ. ერთხელ გამოუვიდათ, მაგრამ მეორედ აღარ დასჭირდათ... მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღლა აკრიტიკებდნენ მაშინდელ ხელისუფლებას, "ქრისტიან-დემოკრატების" გულწრფელობის ხალხს ნაკლებად სჯეროდა.

წინასაარჩევნოდ პარტიას სერიოზული დარტყმა მიაყენა ინგა გრიგოლიას განცხადებამ. "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სახემ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გლდანის მაჟორიტარობიდან კანდიდატურას ხსნიდა და დროებით უგზო-უკვლოდ გადაიკარგა. პარტიაში განაცხადეს, რომ ინგა შეცდომაში შეიყვანეს. ლევან ვეფხვაძე იმასაც აცხადებდა, რომ ინგა მონასტერში იყო წასული, თუმცა არჩევნების მერე გრიგოლია დაბრუნდა და კოლეგის განცხადებით ნაწყენი დარჩა. საზოგადოებას არ გაუმხილა, სად იმყოფებოდა, თუმცა "ქართული ოცნების" გამარჯვებით ეიფორიაში მყოფმა საზოგადოებამ ეს თემა მალე მიივიწყა.
დაუბრუნდებიან თუ არა ოდესმე ეს ადამიანები პოლიტიკას, ამას დრო გვიჩვენებს. დღეს შევარდნაძის ხელისუფლების ჩინოვნიკებიდან, რომელთა კორუმპირებულობა თავის დროზე დიდ პროტესტს იწვევდა საზოგადოებაში, ბევრი თავისუფლად დასეირნობს თბილისის ქუჩებში, რამდენიმე სხვადასხვა დროს "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გამართულ აქციებშიც გამოჩნდა, ზოგიც რუსეთიდან გვმოძღვრავს, მაგრამ მათი აღარავის ეშინია და არც არავის სჯერა. გადაიქცევიან თუ არა ახალი "დაკარგულები" კახა თარგამაძეებად, ვიტალი ხაზარაძეებად და ლევან მამალაძეებად, ამ შეკითხვას პასუხი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაეცემა.