პარლამენტის დეპუტატს სახელმწიფო ენა არ ესმის

პარლამენტის დეპუტატს სახელმწიფო ენა არ ესმის

საქართველოს პარლამენტში არის დეპუტატი, რომელსაც სახელმწიფო ენა არ ესმის და საკანონმდებლო პროცესის გასაგებად თარჯიმანი მთელი თავისი აღჭურვილობით სჭირდება. ეს დეპუტატი ახალქალაქის მაჟორიტარი, ”ნაციონალი” სამველ პეტროსიანია, რომელსაც სხდომების შინაარსს სინქრონულ რეჟიმში რუსულად უთარგმნიან.

პეტროსიანს მაგალითად, 13 ნოემბრის სესიაზე სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის მთელი პროცესი სინქრონულად უთარგმნეს. რუსულად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია სამველ პეტროსიანმა დღესაც, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე განხილვისას, თუმცა მას ამჯერად თარჯიმანი გვერდით არ ჰყოლია.

ცნობისთვის, საარჩევნო კანონმდებლობაში (მუხლი 111) ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს 21 წლის მოქალაქე, რომელმაც იცის ქართული ენა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა-არცოდნის გადამოწმებისა და შემდგომი რეაგირების მხრივ, კანონმდებლობაში არანაირი რეგულაცია არ არსებობს. ქართული ენის არცოდნა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველიც არ არის.

საინტერესოა, რა ენაზე წაიკითხავს სამველ პეტროსიანი კანონპროექტებს, რომელსაც დასამტკიცებლად ხმა უნდა მისცეს.

სამველ პეტროსიანი დეპუტატობამდე ახალქალაქის პოლიციის უფროსი იყო.