საქართველოს მთავარ პროკურატურას ჯერჯერობით ბრალი არ წაუყენებია
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიასათვის, რომელსაც, მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო უჩივიან. მთავარი პროკურატურა ასევე იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა საქმეებს, რომელთა უმეტეს ნაწილში ასევე ფიგურირებს სამსახურებრივი უფლებმოსილების გადამეტების ბრალდება. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან მხოლოდ ერთს - გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს თენგიზ გუნავას - შეეცვალა პატიმრობა გირაოს სანაცვლო გათავისუფლებით.
დათა ახალაიასათვის ბრალის შესაძლო წაყენების შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ერთ-ერთ საინფორმაციო საშუალებაში სტუმრობისას გააკეთა, თუმცა მთავარ პროკურატურაში მისულ ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს, განუცხადეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერჯერობთი არაფერს ედავებიან:
„ჯერჯერობით რაიმე გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული არ არის, მაგრამ თუკი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩაინიშნეს ჩემი კოორდინატები და დამირეკავენ“.
დათა ახალაიასგან განსხვავებით, ბრალი წაუყენეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის, მინისტრის მოადგილეს შოთა ხიზანიშვილსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ვაჟა ლელუაშვილს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლის ეკა არეშიძის თქმით, სასამართლომ ასევე განიხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსთან, თენგიზ გუნავასთან, დაკავშირებული შუამდგომლობა:
„სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ თენგიზ გუნავასათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის შესახებ. შეეფარდა გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით. რაც შეეხება ბრალდებულებს შოთა ხიზანიშვილსა და ვასილ (ვაჟა) ლელუაშვილს, 18 ნოემბერს იქნა განხილული შუამდგომლობა მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის შესახებ, რაც დაკმაყოფილებული იქნა სასამართლოს მიერ და ორივე ბრალდებულს შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა“.
ხიზანიშვილისა და ლელუაშვილის ადვოკატებმა საქალაქოს სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც სარჩელი 72 საათის განმავლობაში უნდა განიხილოს. რაც შეეხება იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ბრალდებულ თენგიზ გუნავას, 19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ უკანონოდ - ბაჩო ახალაიასთან მეგობრობის გამო - დააკავეს:
„გაფორმებული მაქვს ორი იარაღი, რომელიც მილაგია სახლში, მაგრამ ბოლო დროს აღარ ვატარებ. ყოვლად წარმოუდგენელია, რომ მაგათი ჟანგიანი მაკაროვით მევლო. ...კიდევ რაღაც ფხვნილი ამოიღეს, რაზეც მე გამეცინა... ჩემი დაკავება მოხდა იმის გამო, რომ ბაჩო ახალაია არის ჩემი მეგობარი, ვარ მისი მხარდამჭერი და ხელისუფლებას არ მოსწონს ჩემი აქტიურობა“.
მოგვიანებით თენგიზ გუნავამ სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში შემოწმება ჩაიტარა. მისი თქმით, ბრალდება იმის შესახებ, რომ ნარკოტიკებს მოიხმარს, აბსურდულია, თუმცა პასუხად შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციამ გუნავა უტყუარი ინფორმაციის საფუძველზე დააკავა:
„მაქვს ინფორმაცია, რომ გუნავა იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. დანარჩენი დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის. საქმე შეისწავლა პროკურატურამ, ხოლო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. ყველა დაკავება იყო აბსოლუტურად კანონიერი და სამართლიანი“.
19 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, ახალი ბრალი წარუდგინეს მთავარ პროკურატურაში დაბარებულ გენერალ გიორგი კალანდაძეს, რომლის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა, რომ უფლებამოსილებაშეჩერებული გაერთიანებული შტაბის უფროსის დევნამ აშკარად პოლიტიკური ელფერი შეიძინა.
„წარუდგინეს ახალი ბრალდება იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია სსკ 143 მუხლის მეორე ნაწილით: ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რომელიც ეხება ზვიად აბესაძის ეპიზოდს. გავეცნობი ბრალდებას, რომელიც სასაცილოა, და დეტალებს შემდეგ მოგახსენებთ. სავარაუდოდ, ხვალ მიმართავს პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. ვფიქრობ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან აღარ გვაქვს საქმე, არამედ საქმე გვაქვს რაღაც პირად ინტერესთან და პოლიტიკურ დევნასთან გიორგი კალანდაძის მიმართ“, – განაცხადა გოგიტა გაბაიძემ.