"ბაჩო ახალაიასა და კუდ-ის მაღალჩინოსნების დაპატიმრების შემდეგ შოთა ხიზანიშვილისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დიდმოხელეთა დაპატიმრება გასული კვირის მთავარი მოვლენა იყო. ვინ იქნება შემდეგი? სახელმწიფო აუდიტის სამსახური და მთავარი პროკურატურა თბილისის მერიის მიერ შექმნილი სხვადასხვა ფონდის საქმიანობას სწავლობს და ჩვენი ინფორმაციით, სკანდალური დაპატიმრებების ერთ-ერთი სერია სწორედ თბილისის მერიასთან იქნება დაკავშირებული. სავარაუდოდ, დანაშაულების კვალი თბილისის მერთან, გიგი უგულავასთანაც მივა. კუდ-ის მაღალჩინოსნების დაპატიმრება, ჩანს, მხოლოდ დასაწყისია იმ მოვლენებისა, რაც მომავალში უნდა განვითარდეს. მართალია, ისინი კონკრეტული ბრალდებებით დააპატიმრეს, მაგრამ სწორედ კუდ-ი იყო ის სტრუქტურა, რომლის მეშვეობით ბიზნესს აკონტროლებდნენ", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით ვინ იქნება შემდეგი? / ვისთან ჩავიდა უგულავა იტალიაში?! /სკანდალური დაპატიმრებების გაგრძელება თბილისის მერიასთან იქნება დაკავშირებული.
"ხიზანიშვილის დაკავებამ შეაშფოთა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი. მისი თქმით, შოთა ხიზანიშვილი მისი მეგობარია და სანამ ვიცე-მერი გახდებოდა, ცხრა წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. შოთა ხიზანიშვილის დაკავებამ მერაბიშვილზე არანაკლებ გიგი უგულავაც შეაშფოთა. უგულავამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხიზანიშვილის საქმიანობა მერიას არ უკავშირდება, მაგრამ, როგორც ჩანს, უგულავას სიმშვიდის საფუძველი არ უნდა ჰქონდეს. სავარაუდოდ, მის დაკავებამდე მერიის ფონდების ხელმძღვანელებს მოსთხოვენ პასუხს. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ქვეყნიდან "ძველი თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე წავიდა "სამკურნალოდ". ჩვენი ინფორმაციით, ახლახან უგულავას იტალიაში სწორედ მასთან ჰქონდა "საიდუმლო სერობა" - კულუარული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" "პოლიტიკურად დევნილი ხელისუფლების" იმიჯის შექმნისა და ამ გზით ემიგრაციაში წასვლის საკითხს სერიოზულად განიხილავს", - აღნიშნავს გამოცემა.
"მერიის ფონდების საქმიანობის შესწავლა უკვე აქტიურად დაიწყო: თბილისის მერიამ 2005 წლიდან დაიწყო მერიასთან არსებული სხვადასხვა ფონდის შექმნა, მაგალითად, "თბილისის განვითარების ფონდი", "გუდაურის განვითარების ფონდი", "ძველი თბილისის განვითარების ფონდი" და სხვ., რის შემდეგაც გაუმჭვირვალე გახდა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. თბილისის მთავრობაში ანგარიში წარადგინეს "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" საქმიანობის შესახებ. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ფონდმა 2010 წლის მაისში შპს "კლუბ დივას" ანგარიშზე 5.129 ლარი გადარიცხა... 2005 წელს დაფუძნებულ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს" 2005-2011 წლების თბილისის ბიუჯეტიდან 288 მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხები ფონდს თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის უნდა დაეხარჯა, დღემდე უცნობია, რაში იხარჯებოდა წლების განმავლობაში თბილისის ბიუჯეტიდან მიღებული ასეულობით მილიონი ლარი", - დასძენს გამოცემა.
"მერია ისტორიულ უბანში არსებულ შენობებს გადასცემდა ფონდს, რომელიც ქონებას ყოველგვარი კონკურსისა და ტენდერის გარეშე ასხვისებდა, რა ფასადაც უნდოდათ, იმდენად ყიდდნენ. მაგალითად, ფონდმა აღმაშენებლის პროსპექტზე შენობების ნაწილი გაყიდა და ზოგიერთი მათგანი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულმა კომპანიამ იყიდა, რომლის წარმომადგენელი საქართველოში გიგი უგულავას ცოლისდის ქმარი გიორგი ყომიაშვილი იყო. 2006 წელს რიყე 7 მილიონ დოლარად მიჰყიდეს ძმებ შარანგიებთან დაკავშირებულ შპს "ახალ რიყეს", 2008 წლის დეკემბერში, ისე, რომ ამ კომპანიას პირობები არ შეუსრულებია, მერიის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა 17 მილიონ დოლარად გამოისყიდა ეს ყველაფერი - 10 მილიონი თვალსა და ხელშუა გაქრა! ხშირად უცნობი იყო ამა თუ იმ დაკვეთის შესრულებაზე გამოყოფილი თანხის ოდენობა, ასევე, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები. დიდი პრობლემა იყო ისიც, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების წყალობით ფონდებს ძვირად ღირებული კულტურული ძეგლების სტატუსის მქონე ან სტატუსმოხსნილი შენობების გასხვისების უფლება მიეცა, უცნობი იყო როგორც შემძენი, ასევე გასხვისების ღირებულება და გაყიდვიდან მიღებული თანხის შემდგომი დანიშნულება", - დასძენს სტატიის ავტორი.