ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის მკვლელობა მალე გაიხსნება?!

ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის მკვლელობა მალე გაიხსნება?!

"რაულს კისერზე ეტყობოდა ვიწრო ნაჭდევი, როგორც ჩანს, მას კისერზე რაღაც მოუჭირეს და გაგუდეს. მკერდზე, ძუძუსთავთან ჰქონდა ორი ნაჩხვლეტი, ნანემსარი, რითაც ეტყობა მომწამლავი ინიექცია შეუყვანეს... ჯერ ზურაბ ჟვანია მოკლეს და მიიტანეს ცხედარი. შემდეგ რაული მოკლეს საკუთარ მანქანაში და იმავე მანქანით მიიტანეს იქ ჩემი შვილის ცხედარი. მანქანა გააჩერეს მოშორებით. რაულის მანქანას ჰქონდა ანტენა, რომელიც აკუმულატორზე იყო მიერთებული. მანქანას რომ აჩერებდა, ანტენასაც თიშავდა, რათა აკუმულატორი არ დამჯდარიყო. მე ორჯერ დამრჩა და ძალიან მეჩხუბა, თავად არასდროს ტოვებდა ჩართულს. მანქანა რომ ვნახეთ, ანტენა ჩართული იყო, აკუმულატორი დამჯდარი, ანუ რაული არ იჯდა საჭესთან!" - აცხადებს რაულ უსუპოვის მამა იაშარ უსუპოვი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით იაშარ უსუპოვი: სააკაშვილის გარეშე ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვის მკვლელობა არ მოხდებოდა!

"რაული რომ იმ ბინაში არ გარდაცვლილა, მოწმობს ისიც, რომ მიცვალებულის ცალი ფეხსაცმელი ვერ იპოვეს. ეს ფაქტი თავდაყირა აყენებს მთელ იმ ვერსიას, რაც ვანო მერაბიშვილმა მაშინვე შემოგვტავაზა. ჩანს, ფეხსაცმელი ცხედრის გადატანის დროს დაკარგეს. თუ გაიხადა, სად წავიდა ის ფეხსაცმელი? რაულის მობილური არ დაგვიბრუნეს, საკმაოდ ძვირად ღირებული იყო. როგორც ჩანს, სიმბარათზე იყო ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც არ უნდოდათ. გამომძიებელი ხვიჩა ბიგვავა გვპირდებოდა, დაგიბრუნებთო, მაგრამ ბოლოს უარი გვითხრა, გამოძიებას სჭირდებაო. ორი თვის შემდეგ სხვაგან გადაიყვანეს, დააწინაურეს, როგორც ჩანს, დანაშაულის დაფარვისთვის. რაული ძალიან ახლოს იყო ზურაბ ჟვანიას დაცვის ბიჭებთან, განსაკუთრებით მიშა ძაძამიასთან. იმ დღესაც მიშა ძაძამიამ დაურეკა და გაიყვანა სახლიდან. ზურას ჰქონდა "ჯეოსელი", "მაგთის" ნომრით კი, რომელიც ადრე ჰქონდა პრემიერ-მინისტრს, ბოლოს სულ მიშა ძაძამია სარგებლობდა. როცა ეს ნომერი დაფიქსირდებოდა, ამბობდა, ძაძამია რეკავსო", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ზურაბ ჟვანიას უღალატა საკუთარმა დაცვამ, მისი დაცვა მოისყიდეს. მიშა ძაძამია და კობა ხარშილაძე არიან ამ საქმეში მთავარი დამნაშავეები. ისინი აუცილებლად უნდა დააკავონ და დარწმუნებული ვარ, მაშინვე დაფქვავენ ყველაფერს. რაული მათთან მეგობრობდა და ამ მეგობრობის გამო მოტყუვდა. თუმცა მათ სათადარიგო პიროვნებაც ჰყავდათ შერჩეული! სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ ზურაბ ჟვანიას ჰყავდა ერთი შვილობილი. იმ დღეს მიშა ძაძამია მასაც ურეკავდა, მაგრამ რადგან რაული გააბეს ხაფანგში, ის აღარ დასჭირდათ", - ამბობს იაშარ უსუპოვი.

"მე ერთი რამ ვიცი, სააკაშვილის გარეშე ეს არ მოხდებოდა! თუ მის გარეშე მოხდა, რატომ არ მოინდომა საქმის გამოძიება? ამიტომ იყო სააკაშვილი პანაშვიდებსა და გასვენებაში ასე დაბნეული. ვაზუსტებ, სააკაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის გარეშე ეს მკვლელობა არ მოხდებოდა. ასევე, რა თქმა უნდა, არ მოხდებოდა ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების გარეშე. თუმცა არიან კიდევ სხვა პირებიც, რომლებმაც განსაზღვრული მონაწილეობა მიიღეს ამ ყველაფერში. ზოგმა შესაძლოა არც იცოდა, რა ხდებოდა, ისე გამოიყენეს. მაგალითად, ძალიან გამიკვირდა, როცა ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ რაულს ზურასთან შეხვედრა უნდა და მას სთხოვა შუამდგომლობა. რაულს ეს არ სჭირდებოდა, არ ვიცი, რატომ თქვა ეს. ვფიქრობ, ვასილ მაღლაფერიძეს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლია, მან უნდა თქვას, ვინ დაავალა იმ კომენტარების გაკეთება, რასაც მაშინ აკეთებდა. ისე კი დღესავით ნათელია, როგორ მოკლეს ჩემი შვილი, მე მხოლოდ მკვლელობის დამკვეთების დასახელება მჭირდება. გამომძიებელი უკვე დანიშნულია, საქმე ჩაიბარა და ეცნობა. ასე რომ, მალე გაიხსნება ეს საქმე. ყველა უნდა დაისაჯოს მიუხედავად ჩინისა, პრეზიდენტიდან დაწყებული, დაცვის წევრით დამთავრებული", - აცხადებს იაშარ უსუპოვი.

"ეს ქალბატონი, რომელიც გამთენიისას მეუღლესთან ერთად სრულიად შემთხვევით შეესწრო, როგორ შეასვენეს ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრები, მზად არის ყველაფერი ილაპარაკოს, ოღონდ ის ითხოვს სერიოზულ გარანტიებს. ამ ბანდიტებმა და მკვლელებმა რომ დაინახეს, კაცი და ქალი დაადგათ თავზე, იმ წუთას ცოტა დაიბნენ, მაგრამ ცოტა ხანში აზრზე მოვიდნენ და ამათ ძებნა დაუწყეს, მაგრამ მათ იქიდან გამოასწრეს, რადგან მიხვდნენ, რომ არ აცოცხლებდნენ. ის ბინის მეპატრონე კიკიანი რა დღეში ჰყავთ და სად არის, ახლა ეგეც გასარკვევი და მოსაკითხია", - აცხადებს მამა ელიზბარ დიაკონიძე გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ უკვე ყველაფერი იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორზე იქნება დამოკიდებული იმდენად, რამდენადაც ინტერვიუში ჟვანიას მკვლელობის კარტი თითქმის გაჭრილია!

"იმ სადარბაზოში ცხოვრობს ამ ქალის ახლობელი, რომელსაც მეპატრონე ეკა კიკიანისგან უნდა ექირავებინა ის ბინა, რომელშიც ცხედრები შეიტანეს! კიკიანს რომ დაურეკეს და უთხრეს , რას შვრებით, ბინას აქირავებთ თუ არაო. კიკიანმა უპასუხა - ვაიმე, უკვე გავაქირავე, პარლამენტარმა ვასიკო მაღლაფერიძემ იქირავა ბინაო! ქალბატონი ამბობს, იმ დღეს, როცა ჟვანიასა და კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭის გვამები ბინაში შეასვენესო, მე ვასიკო მაღლაფერიძეს გამოველაპარაკე და ვუთხარი, როგორ დამასწარით მაგ ბინის დაქირავება, ჩემს ახლობელს უნდოდა-მეთქი. მაღლაფერიძეს გაღიმებია და იქვე ჯიხურთან სიგარეტის საყიდლად მისულა. ეს ქალი გაოგნებულია და კითხულობს - ბინა მაღლაფერიძეს ჰქონდა ნაქირავები და თუ მას არ გაუღია კარი, სხვანაირად ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრები ბინაში როგორ შეასვენესო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამა ელიზბარი.

"ყველაფერს ვიტყვი - ეს ქალბატონი გახლავთ ნათელა მოდებაძე! ჰყავს ორი შვილი, მათ შორის ერთი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კადეტებში სწავლობდა და ჩემი ნათლულია. ეს არის უვაჟკაცესი ზურა მუხათგვერდელი, ცოლშვილიანი კაცია, მეცხრე კლასიდან წავიდა სასწავლებელში, რადგან სამხედრო საქმე სიგიჟემდე უყვარს... როგორც კი სააკაშვილის სპეცსამსახურებმა შეიტყვეს, რომ ვიღაცამ ნახა, როგორ შეასვენეს ცხედრები, დაუწყეს ქალბატონი ნათელასა და მის მეუღლეს ძებნა, მაგრამ ის ძალიან გონიერი ქალია, იმ დილასვე გაასწრო სპეცსამსახურებს უცხოეთში თავის მეუღლესთან ერთად. იქ მას უცხოეთში მანქანა დააჯახეს, ინვალიდის ეტლში ზის. სხვათა შორის, მეუღლეც დააინვალიდეს. შვილებსაც აქ ცუდი რამეები შეამთხვიეს..." - განაგრძობს რესპონდენტი.

"მე, მამა ელიზბარი ვთხოვ საქართველოს მთავარ პროკურორს, იქნებ გამონახოს საშუალება და ქალბატონი ნათელა მოდებაძე ჩასვას დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, რათა მის სიცოცხლეს იცავდნენ. ასეთ შემთხვევაში ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ყველაფრის შესახებ ილაპარაკოს. ძალიან ბევრ ნიუანსს ახდის ფარდას. მინდა გავაფრთხილო საზოგადოება, რომ ჟვანიას მკვლელობასთან ისეთი ადამიანების კავშირს დავინახავთ, შეიძლება შოკში ჩავცვივდეთ. შესაძლოა ასეთებს ჟვანიასთვის არ უსვრიათ, მაგრამ ხელი შეუყწვეს გვამის გადატანას, ბინის კარი გააღეს და და სხვ. ქალბატონ ნათელას მარტო გვამი კი არ დაუნახავს, სახელზეც დაინახა ჟვანია და იცნო! ამიტომ გაიქცა ქვეყნიდან იმავე დილით. ამიტომ ამბობს, თუ უსაფრთხოების გარანტიები მექნება, პირდაპირ დავადებ ხელს, ვინც ჟვანიას ცხედარი ბინაში შეასვენაო!" - დასძენს მამა ელიზბარი.