ინტერვიუ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ამერიკის შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილთან.
ბატონო თემურ, აშშ-ში საქართველოს ელჩის პოსტის დატოვება იყო თქვენი პირადი, თუ საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება? მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ თქვენი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამშრომლობა შეუძლებელი იყო...
- ვაშინგტონი საქართველოს საგარეო პოლიტიკისათვის იმდენად მნიშვნელოვანი ადგილია, რომ საქართველოს წარმომადგენლისათვის აუცილებელია მმართველ პოლიტიკურ ძალებთან უშუალო კონტაქტი და მათგან მონიჭებული მანდატი. მე არ ვიცნობ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, არ მქონია მასთან არანაირი ურთიერთობა, არც მის პოლიტიკაში მოსვლამდე და არც მას შემდეგ. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ასეთი კავშირებისა და სრულფასოვანი მანდატის არარსებობის შემთხვევაში, ჩემი საქმიანობა არაეფექტური იქნება. ამ გადაწყვეტილების შესახებ მე, ჩემი ინიციატივით, ვაცნობე ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს. ელჩის გაწვევა და დანიშვნა დროში გაწელილი პროცესია. შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის ჩემი პოზიციების ადრეულ ეტაპზე ცოდნა მნიშვნელოვანი იყო, რათა მათ სათანადო კონსულტაციები დაიწყონ როგორც ქვეყნის პრეზიდენტთან, ასევე საქართველოს პარლამენტთან და ამერიკულ მხარესთან. აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე, მე გავაგრძელებ ჩემი უფლება-მოვალეობების შესრულებას და საქმეების გადაბარებაც ცივილური მეთოდებით მოხდება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ინიციატივა ჩემი მხრიდან მოდიოდა. არანაირი თხოვნა ან მოთხოვნა ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობიდან არ ყოფილა.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? აპირებთ თუ არა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას?
- ჩემს სამომავლო გეგმებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩემი მომავალი საქმიანობის ფოკუსი აუცილებლად საქართველოს კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული.
თქვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის ავტორი ხართ. რეინტეგრაციის საკითხებში ახალი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ყველაზე სწორი მიდგომა მათი დეიზოლაცია და პირდაპირი დიალოგი იქნება. თქვენი აზრით, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, რამდენად რეალურია ამ გეგმის განხორციელება?
- ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავებულია ქართველი და უცხოელი ექსპერტების უშუალო მონაწილეობით. პაატა ზაქარეიშვილიც ამ პროცესის მონაწილე იყო და ორივე დოკუმენტში მისი იდეებიც არის ასახული. როგორც სტრატეგია, ისე სამოქმედო გეგმა იძლევა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების ფართო შესაძლებლობას ყველა სფეროში, გარდა პოლიტიკური სტატუსისა. ხოლო ნეიტრალური სტატუსის სამგზავრო დოკუმენტები ამ რეგიონების დეიზოლაციის რეალური ნაბიჯია, საკითხის პოლიტიზირების გარეშე. ამდენად, არც სტრატეგია და არც სამოქმედო გეგმა არათუ არ კრძალავს პირდაპირ დიალოგს, არამედ მის კონკრეტულ ფორმატებსაც ითვალისწინებს. შესაბამისად, ყველაზე სწორი იქნება ხსენებული დოკუმენტების ცხოვრებაში აქტიური რეალიზაცია საქართველოს უცხოელ პარტნიორებთან ერთად.
ახალი მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება, თუმცა ერთადერთი გასხვავება, რომელიც ამ მიმართულებით იქნება, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაა. თქვენი აზრით, რამდენად არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების თვალსაზრისით, მითუმეტეს ისე, რომ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი არ დაზარალდეს?
- მნიშვნელოვანია, რომ საგარეო პოლიტიკური კურსის შენარჩუნება მოხდეს არა მხოლოდ დეკლარირებულ დონეზე, არამედ კონკრეტულ ქმედებებშიც აისახოს, რაშიც დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე, არამედ ყველა ჩემი კოლეგა ახალი ხელისუფლების აქტიური ხელშემწყობები ვიქნებით. რუსეთთან ურთიერთობა, საქართველოს გეოგრაფიიდან გამომდინარე, ყოველთვის იყო და იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტი. მე არ მეგულება საქართველოში საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა არ სურდეს, მაგრამ ეს ცალმხრივი პროცესი ვერ იქნება. ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციაში მოღვაწეობის პერიოდში საშუალება მქონდა, ზურაბ აბაშიძესთან ერთად ვყოფილიყავი რუსეთთან დიალოგის ინიციატორი და მონაწილე. სამწუხაროდ, რუსეთის პოზიციები ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში მაშინაც და ახლაც იდენტურია, რაც დღევანდელი სტატუს-ქვოს ძირითადი მიზეზია. მე ვისურვებდი, რომ ახალი ხელისუფლების მეთოდოლოგია რუსეთთან მიმართებაში წარმატებული იყოს, რისთვისაც აუცილებელი იქნება არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან რიტორიკის შეცვლა ან კეთილი ნების გამოხატვა, არამედ რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში მიდგომების შეცვლა და ურთიერთობების კონსტრუქციულ ფორმებზე და შინაარსზე გადასვლა. დღესვე შემიძლია დაგისახელოთ სამი მნიშვნელოვანი სფერო, სადაც ქართულ-რუსული ინტერესები ემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას საქართველოს დანაწევრება ურთიერთობის უფრო ეფექტურ ნაბიჯად მიაჩნია. ნატო-ს თემა, სამწუხაროდ, რუსეთისთვის უფრო შიდა პოლიტიკური მოხმარების საგანია. ამდენად, მათთან შიდა პოლიტიკაში ცვლილებების გარეშე არ მგონია, ნატო-სთან მიმართებაში მიდგომები შეიცვალოს.
ბოლო პერიოდში დასავლეთი მუდმივად აკეთებს აქცენტს საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს შორის თანაარსებობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ამ მიმართულებით არსებული სირთულეები განსაკუთებით თვალსაჩინო იყო ბრიუსელში, სადაც პრემიერი და პრეზიდენტი პარალელური ვიზიტებით იმყოფებოდნენ, მაგრამ არცერთი საერთო ღონისძიება და განცხადება არ ჰქონიათ, პირიქით, ეს ვიზიტები ერთგვარი შეჯიბრებითობის რეჟიმში წარიმართა. თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა და თანაარსებობა მომავალი ერთი წლის განმავლობაში, თუ მათ შორის დაპირისპირების გაღრმავებას უნდა ველოდოთ?
- ამაზე ძალიან მოკლე პასუხი მექნება - არა მარტო შესაძლებელია, ქვეყნისთვის აუცილებელიცაა.
და ბოლოს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზეც მინდა, გკითხოთ. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური რანგი, ალბათ, არ გაძლევთ ღია შეფასებების გაკეთების საშუალებას, როგორც ექსპერტი, რა შეგიძლიათ თქვათ, რას ცვლის ან არ ცვლის ეს არჩევნები საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში? საექსპერტო წრეებში ხშირად საუბრობდნენ, რომ სააკაშვილის გუნდისთვის უფრო ხელსაყრელი მით რომნის გაპრეზიდენტება იყო. თქვენ იზიარებთ ამ მოსაზრებას?
- საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ორივე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა, რასაც ჩემი ელჩობის პერიოდში წარმატებით ვახერხებდით, ხოლო ნებისმიერი მცდელობა, საქართველო ამერიკის შიდა პოლიტიკის დისკუსიის საგანი გახდეს, მხოლოდ საზიანო შეიძლება, იყოს ჩვენი ქვეყნისათვის. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოსთან მიმართებაში მიღებული ყველა დოკუმენტი, ასევე საქართველოში ჩამოსული კონგრესის თუ სენატის დელეგაციები ორივე პოლიტიკური პარტიის მხრიდან მხარდაჭერის გამოვლინება იყო და აუცილებელია, ეს მომავალშიც ასე დარჩეს.