ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ტერორისტებთან გადამწყვეტ ბრძოლას აანონსებს და სოციალურ ქსელში ყურადსაღებ პოსტს წერს:
„ეს არის ჩემი გადამწყვეტი ბრძოლა ტერორისტებთან!.. მე მხოლოდ შემიძლია დავწერო, რათა ხალხმა სიმართლე გაიგოს… იმედია ჩემი სიტყვა თავის გზა-კვალს გაიკვლევს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა… დასასჯელი დაისჯება, გასარკვევი გაირკვევა და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრება!..
გთხოვთ გულდასმით წაიკითხოთ რასაც ქვემოთ დავწერ, რაც სამი ნაწილისაგან შედგება და თითოეულ ნაწილს ცალკე სტატუსად გამოვაქვეყნებ. მე წარმოგიდგენთ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს, რითიც ხელის გულზე დაგიდებთ სააკაშვილი-ალასანია-ჩატაევის ერთობლივ ტერორისტულ საქმიანობას… გაიგებთ, როგორ თანამშრომლობდნენ ისინი და რაში სჭირდებოდათ მათ ერთმანეთი!.. თქვენ ასევე მიხვდებით, თუ რატომ არის მიტმასნილი ტერორისტებთან კავშირში მყოფი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სანდრა რულოვსთან და რისთვის აფინანსებს მათ ეს უკანასკნელი. ძალიან მზაკვრულ სქემაზეა საუბარი და გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ იმას, რასაც გამოვაქვეყნებ. მაშ ასე –
იცით თუ არა, რომ:
I ნაწილი. მოკლე პრეისტორია:
* * * * * * *
ტერორისტმა აჰმედ ჩატაევმა 2003 წელს ავსტრიის მოქალაქეობა მიიღო და ამ ოჯახთან ერთად ქალაქ ვენაში დასახლდა. 2007-2009 წლებში ჩატაევი იარაღის უკანონო ტარებისათვის იხდიდა სასჯელს. 2010 წელს ის რუსეთის მოთხოვნით უკრაინაში დაპატიმრეს. სტრასბურგის სასამართლომ აუკრძალა უკრაინას ჩატაევის რუსეთში ექსტრადირება და სწორედ ამ დროს გამოუჩნდა ჩატაევს მაშველად მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საერთაშორისო ტერორისტულ ანკლავთან იმთავითვე იყო დაკავშირებული. ჩატაევის პატიმრობიდან გამოხსნისა და საქართველოში ჩამოყვანის მიზნით, სააკაშვილის პროკურატურამ სასწრაფო წესით შეკერა ყალბი სისხლის სამართლის საქმე, თითქოს აგმედ ჩატაევს საქართველოში კაცი ჰყავდა მოკლული და ამ საბაბით მოსთხოვეს უკრაინას ჩატაევის საქართველოსთვის გადმოცემა. საქმე კი ისე “შეკერეს”, რომ საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ მის მიმართ ბრალდება უკან წაეღოთ, გაეთავისუფლებინათ ჩატაევი და საქართველოდან გაეპარებინათ. კერძოდ: ქ. თბილისის პოლიციის მთავარმა სამმართველომ და გენერალურმა პროკურატურამ “გახსნილად” გამოაცხადეს 2003 წელს ქ. თბილისში ხახანაშვილის ქუჩაზე მომხდარი შოთა დადვაძის მკვლელობის საქმე და ამ დანაშაულის ჩადენაში ჩატაევს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. საქმის “შესაკერად,”ქლაქის სამმართველოს გამომძიებელი მამუკა ანიაშვილი მოწმე მანანა მეზვრიშვილს და კიდევ ერთ პიროვნებას დაუკავშირდა, რომელმაც დაიყოლია ისინი ცრუ ჩვენების მისაცემად. მოწმეებს მკვლელობაში ჩატაევის მამხილებელი ჩვენებები მიაცემინეს. მაგალითად, მანანა მეზვრიშვილს დააწერინეს, თუ როგორ მოკლა ჩატაევმა დადვაძე. ამის შემდეგ, ჩატაევი დაუყოვნებლივ ცნეს ბრალდებულად და უკრაინას მოსთხოვეს მისი გადმოცემა. 2010 წლის 28 თებერვალს უკრაინამ საქართველოს გადმოსცა ჩატაევი, რის შემდეგაც მოწმე მანანა მეზვრიშვილი და მეორე მოწმე კვლავ მიიყვანეს დაკითხვაზე და დააწერინეს, რომ არ იყვნენ დარწმუნებულები თავიანთი წინა ჩვენებების სისწორეში და ამოცნობის დროს განაცხადეს, რომ ჩატაევი არ იყო ის პირი, რომელმაც დადვაძე მოკლა. ამ ხერხით, უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებული ჩატაევი სააკაშვილის პროკურატურამ დაუყოვნებლივ გაათავისუფლა პატიმრობიდან, დაუმზადეს “საქართველოს მოქალაქის” პასპორტი და თვითმფრინავით გაამგზავრეს თურქეთში, სადაც ტერაქტების სერია მოაწყო.
(საქართველოდან გამგზავრებამდე ჩატაევი მალხაზ მაჩალიკაშვილის სოფელში, დუისში დასახლდა (მოგეხსენებათ, მაჩალიკაშვილის მეუღლე მარგოშვილი ჩატაევის ახლო ნათესავია) ცოლიც შეირთო და სააკაშვილის ხელისუფლების დავალებით აწარმოებდა რუსეთის მიმართულებით ტერორისტების გაგზავნას და მოსახლეობაში ტერორისტულ-აგიტაციას.) – წერს ზაქარეიშვილი.