გაიცანით აფხაზეთის მომავალი „პრეზიდენტი“ - ვინ არის ასლან ბჟანია და რას ფიქრობენ მასზე თბილისში

გაიცანით აფხაზეთის მომავალი „პრეზიდენტი“ - ვინ არის ასლან ბჟანია და რას ფიქრობენ მასზე თბილისში

აფხაზეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი პრაქტიკულად განმუხტულია და უკვე ცნობილია, რომ გაზაფხულზე ვადამდელი ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. „რესპუბლიკის სათავეში" კვლავ რაულ ხაჯიმბა რჩება „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის" სტატუსით. მომავალი „არჩევნებში" ფავორიტად კი სპეციალისტთა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს არა ალხას კვიცინიას, რომელიც 2019 წლის „არჩევნებზე" ხაჯიმბასთან სულ მცირედით დამარცხდა, არამედ ასლან ბჟანიას, რომელმაც შარშანდელი „არჩევნები" გამოტოვა და გერმანიაში ხანგრძლივი მკურნალობის შედეგ ახლახანს დაბრუნდა სოხუმში..

„ამ შემთხვევაში ასლან ბჟანიას ყველაზე მაღალი შანსები აქვს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი,ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია „საპრეზიდენტო არჩევნების" ახალ თარიღს უახლოესი ხუთი დღის განმავლობაში გამოაცხადებს.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის „სასამართლომ" და „ცესკომ" ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ სახე შეინარჩუნა.

„ამ შემთხვევაში ასლან ბჟანიას ყველაზე მაღალი შანსები აქვს. აფხაზეთში ბოლო ათწლეულებია ორი ძალაა გამოკვეთილი, ესაა პირობითად არძინბას ძალა (რომელიც ცოცხალი აღარაა, მაგრამ ის გუნდია, რომელიც მას ჰყავდა) და არძინბას მოწინააღმდეგე ანქვაბის ძალა, პოლიტიკოსები რომლებიც იქმნებიან ახალგაზრდები თუ ძველი თაობის წარმომადგენლები, ან ერთ გუნდში არიან ან მეორე,

„ხაჯიმბა არძინბას გუნდიდანაა, ბჟანია - ანქვაბის გუნდიდან, ყველაფერი პირობითობაა, იმიტომ, რომ აქ სხვადასხვა ნიუანსებია. ამ ფონზე ბჟანია დააყენებს კანდიდატურად თავის თავს, ან შეიძლება ისევ კვიცინიაც იყოს, რომელიც ამავე გუნდიდანაა. ვის დააყენებს ხაჯიმბას გუნდი, ეს უკვე მომავალში უნდა ვნახოთ.

„ფაქტიურად ისე განვითარდა მოვლენები, როგორც ვამბობდი - რომ „სასამართლომ" და „ცესკომ" ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ყველას სახეს შეუნარჩუნებდა და ვითომ „სამართალი იზეიმებდა", დაახლოებით ამ ტიპით განვითარდა მოვლენები", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „საპრეზიდენტო არჩევნებში" ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა, იგი უმეტესად ქართველებით დასახლებული გალის რაონის მიმართ უფრო ლოიალური იქნება, ვიდრე დღევანდელი ე.წ. პრეზიდენტია.

„რატომღაც სულ ვეძებთ იმას, თუ აფხაზები როგორ არიან განწყობილი ქართველების მიმართ, მაგრამ არ ვსაუბრობთ, თუ ჩვენ როგორ ვართ განწყობილი, რატომ უნდა იყვნენ განწყობილი ისინი ქართველების მიმართ ან ცუდად ან კარგად, რას ვაკეთებთ ჩვენ იმისთვის, რომ მათი განწყობა გავზომოთ. საქართველო აფხაზური საზოგადოებისათვის აბსოლუტურად უინტერესოა, ანუ მათ ისეთს არაფერს სთავაზობს, რის გამოც მათ უნდა ჩამოაყალიბონ საქართველოს მიმართ პოზიციები.

„თუ აფხაზეთში ქართული თემა განიხილება, ეს ეხება გალის რაიონს, 99% ქართული თემისას ამ რაიონს მიაქვს და აქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, გალთან დაკავშირებით თუ რაზე იქნება საუბარი, ვინაიდან ბჟანია განსხვავებული ხედვებისაა, ვიდრე ხაჯიმბა იყო. ის შეეცდება გალის მიმართ უფრო მეტად ლიბერალური, დამთმობი, უფრო მეტად გამგები და უფრო მეტად შეეცდება ამ რაიონის მოქალაქეების ინტეგრირებას აფხაზურ საზოგადოებაში, რასაც ხაჯიმბა და მისი გუნდი ებრძოდა,

„ხაჯიმბა ამბობდა, რომ გალი უცხო სხეულია, ისინი ცალკე უნდა იყვნენ, არ უნდა ჰქონდეთ ენის უფლება, გადაადგილების და სხვა უფლებები. ანუ ხაჯიმბა გალელების შეზღუდვაზე მუშაობდა, ხოლო ბჟანიას გუნდი მუშაობს, რომ ქართველებს რაღაცნაირად შეუმსუბუქონ მდგომარეობა და თანასწორ პირობებში ჰყავდეთ საერთო აფხაზურ საზოგადოებაში", -განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ოპოზიციური პარტია „ამცახარას" თავმჯდომარე ასლან ბჟანია 2019 წლის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხაჯიმბას მთავარ ოპონენტად განიხილოებოდა, თუმცა ჯანმრრთელობის მდგომარეობის გამო „არჩევნებში" მონაწილეობა ვერ შეძლო. გასული წლის აპრილში იგი ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო სოჭის საავადმყოფოში დააწვინეს, საიდანაც ჯერ მოსკოვში შემდეგ კი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბჟანია პოლიტიკურმა ოპონენტებმა მოწამლეს. ამას აფხაზეთში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა და სეპარატისტული ხელისუფლება იძულებული გახდა „არჩევნები" ბჟანიას გამოჯანმრთელებამდე, ორი თვით გადაედო, თუმცა მის კლურნალობას გაცილებით მეტი დრო დასჭირდა, რის გამოც ბჟანია „პრეზიდენტობისათვის" ბრძოლას გამოეთიშა.

ასლან ბჟანია საბჭოთა „კაგებეს" ოფიცერი იყო და სსრკ-ს დაშლის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის „კაგებე"-ში მუშაობდა. აფხაზეთის ომის დროს იგი გუდაუთის „კაგებე"-ში ირიცხებოდა.

ანქვაბის „პრეზიდენტობის" დროს მას დე ფაქტო უშიშროების მინისტრის თანამდებობა ეკავა და „აფხაზეთის უშიშროების გენერალ-მაიორის" წოდება აქვს. 2014 წლის გადატრიალებისა და ანქვაბის რუსეთში გაქცევის შემდეგ ბჟანიამ ოპოზიციაში გადაინაცვლა. იმავე წელს შედგა ხაჯიმბასთან მისი პირველი დაპირისპირებაც - 2014 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ბჟანიამ ხმების 35.91%-ით მეორე ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი ხაჯიმბა გახდა 50.6%-ით.

რაც შეეხება ბჟანიას პოლიტიკურ შეხედულებებს, იგი აფხაზეთში უძრავი ქონების გაყიდვაზე შეზღუდვების მოხსნის მომხრეა- რომ აფხაზეთის მოქალაქეობის არმქნე უცხოელებმაც შეძლონ აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვა. ბჟანია ასევე მიიჩნევს, რომ აფხაზეთის რკინიგზა უნდა გაიხნას და ამუშავდეს.

ასლან ბჟანია აფხაზეთში კიდევ ერთი რამითაა ცობილი - მისი ბაბუა, აშხანგერი ბჟანია ტრადიციული აფხაზური დღეგრძელობის ერთ-ერთი მაგალითი იყო. საბჭოთა მედიაში გამოქვეყნებული ოფიციალური ცნობებით, მან 148 წელიწადს იცოცხლა.