ირაკლი სესიაშვილი :

ირაკლი სესიაშვილი : "ვცდილობთ წინა ხელისუფლების გაფუჭებული საქმეები როგორმე გამოვასწოროთ, რათა რაც შეიძლება დაჩქარდეს მაპ-ის მიღება"

"ჩვენ ერთგვარად ვიმყოფებით გარდამავალ პერიოდში, ახლა ვამყარებთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირებს. საჭიროა ფორმალური დამტკიცება - დელეგაცია ჯერ არ არის დამტკიცებული. ასამბლეაზე სტუმრის სტატუსით ვიყავი მიწვეული და არა როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი. ჯერ ისევ გიორგი კანდელაკია დელეგაციის ხელმძღვანელი - ამ ვითარების ისარგებლა ხელისუფლებამ და ქვეყნის საწინააღმდეგო ჩანაწერები გააკეთებინეს ზოგიერთ თავის ლობისტურ ჯგუფებს. რა ვქნათ ახლა, იმის გამო, რომ სააკაშვილის ლობისტებმა მოახერხეს და ასეთი ჩანაწერი გააკეთეს, ჩვენ შევწყვიტოთ ყველანაირი სამართალწარმოება იმ ადამიანების მიმართ,რომელიბიც დამნაშავეები არიან, რომლებსაც მაღალი თანამდებობები ეკავათ და კანონს არღვევდნენ, უარი ვთქვათ მართლმსაჯულებაზე? მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში აქტიურ ფაზაში გადავალთ, მოხდება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ობიექტური ინფორმირება", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ირაკლი სესიაშვილი: "თუ გენშტაბის უფროსი დამნაშავე გვყავს, ნატო-ში არ შეგვიშვებენ".

"მათ მოვიწვევთ საქართველოში და ადგილზე გაეცნობიან არსებულ ვითარებას, შეხვდებიან დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს და თავად გააკეთებენ დასკვნებს. ჩვენი მიდგომაა, რომ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი, სამართლიანობა უნდა აღვადგინოთ და შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, ყველა კანონმორჩილად ვიცხოვრებთ, - სწორედ ამ გზით შეგვიძლია ნატო-ს წევრი გავხდეთ და არა ისე, რომ დანაშაული და არასწორი მმართველობა შევფუთოთ ლამაზად, ლობისტებს ფული ვუხადოთ დე მერე მსოფლიომ თქვას, რომ თურმე პრეზიდენტი სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა - ასე აღარ გამოვა. ჩვენ თუ ნატო-ს წევრობა გვინდა, მაშინ რეალური რეფორმები და რეალური დემოკრატია გვჭირდება და არა ფასადური. სამართლიანობა უნდა აღვადგინოთ - ხალხმა სწორედ ამისთვის აგვირჩია. თუ სააკაშვილს სურს, იმ ჩანაწერებით პოლიტიკური პატიმრობა გააფორმოს და ამით საკუთარი გუნდის წევრები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მაღალი ეჭვია, რომ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდნენ - დაიფაროს და ამის პრევენცია მოახდინოს. ეს არ გამოუვა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.

"ჩვენ სახელმწიფოს აშენება გვინდა და არა ის, სად რა და როგორ ჩაიწერება - რა თქმა უნდა პატივს ვცემთ, მაგრამ სადაც გაუგებრობაა, ღიად და გახსნილად ვისაუბრებთ. რაც შეეხება მაპ-ის მინიჭებას, მინისტერიალზე ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება. პრაქტიკაში მხოლოდ ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ერთ-ერთ ქვეყანას მინისტერიალზე ასპირანტის სტატუსი მიანიჭეს. ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ ნატო-ს სამიტებზე. წინა ხელისუფლებასა და მათ მხარდამჭერებს სურთ იმ ილუზიის შექმნა, რომ წინა ხელისუფლებას ყველაფერი მზად ჰქონდა და ახალმა ხელისუფლებამ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი შეაფერხა, რაც აბსურდი და ზღაპარია. ახლა ჩვენ იმ რეალობაში ვართ, რომ წინა ხელისუფლების გაფუჭებული საქმეები როგორმე გამოვასწოროთ, რათა რაც შეიძლება მალე გაგრძელდეს ნატო-ში ინტეგრაცია და დაჩქარდეს მაპ-ის მიღება", - განმარტავს რესპონდენტი.

"იმის მაგივრად, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალონ, რომელიც, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებში შედის, ცდილობენ ასეთი "ჩხვლეტებით" საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინტერესი ზიანდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ორგანიზაციებში სიმართლეს ყველა გაიგებს და დამატებითი კითხვები მათი მხრიდან აღარ იარსებებს", - დასძენს ირაკლი სესიაშვილი.