"სვეტიცხოვლის სიახლოვეს პოლიციას და ამ უსახურ შენობებს რა უნდა, ეს ხომ ქვეყნისა და ისტორიის დაცინვაა!"

ტაძრისთვის თვალის შევლება ყოველ დროში სანუკველია; დილით ხვლიკისფერია იგი, მოუღალავი მზით გაშუქებული, შეღამებისას ოქროცურვილია, ხოლო მწუხრის შემოდგომისას, თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი, ცას მიეჭრება მისი მრუდე ჰარმონიით აღვსილი ხაზების ზესწრაფვა. - წარმოუდგენელია, ესტუმრო მცხეთას, იხილო სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარი და კონსტანტინე გამსახურდიას ეს სიტყვები არ გაგახსენდეს...

მართალია, ტაძარი ისევ ძველი დიდებულებით დგას, მაგრამ ბოლო წლებში, მცხეთის რეაბილიტაციის შემდეგ უძველესმა ქალაქმა, რომელიც დასაბამს ძველი წელთაღრიცხვის III-II ათასწლეულიდან იღებს, ისეთი ცვლილება განიცადა, რომ არა სვეტიცხოვლის ტაძარი, ძნელი მისახვედრია, სად ხარ. ამას დაემატა ახლახან მცხეთის ჭალებში აშენებული უცნაურ ნაგებობათა მთელი კომპლექსი. თანამედროვე არქიტექტურის განვითარებაზე არავინ დავობს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილ ქალაქ-მუზეუმს, მეტი სიფრთხილე და ისტორიის პატივისცემა გვმართებს. დღევანდელი მცხეთის შემხედვარე ალბათ, სხვაგვარად აღწერდა დიდი კონსტანტინე სვეტიცხოვლის ფერებს და აღარც მუხრან მაჭავარიანს გაუჩნდებოდა კითხვა "სვეტიცხოველი ნუთუ მართლა არ იყო ერთ დროს?!" რადგან უძველესი ტაძრის გვერდით შეგიძლიათ იხილოთ პოლიციის შუშის შენობა, საქპატენტის შენობა, მშენებარე იუსტიციის სახლი და დიდი ზომის ხისფერი ოთხკუთხა ფიგურა (მცხეთელები ასე ეძახიან), სადაც მცხეთა-მთიანეთის გუბერნია, გამგეობა და საკრებულოა განთავსებული.
ვახტანგ დავითაია, არქიტექტორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის საპატიო წევრი:

- მცხეთის რეაბილიტაციის პირველმა ეტაპმა, რომელიც გულისხმობდა სვეტიცხოვლის მიმდებარე უბნის განახლებას, უკონფლიქტოდ ჩაიარა. შენარჩუნებულია განაშენიანების მასშტაბი, განახლდა სახურავები, ფასადები, ღობე-ჭიშკრები და ქუჩების საფარი. თავდაპირველად გაღიზიანებას იწვევდა სახურავების ფერების სიმჭახე, მაგრამ დღეს ფერი "დაჯდა", "დამშვიდდა"... დიდი გაუგებრობაა სვეტიცხოვლის კარიბჭესთან აშენებული, უმასშტაბო, ტლანქი მძიმე ნაგებობა. ძეგლთა დაცვის სამსახურსა და საბჭოებში ირწმუნებიან, რომ მათთან ამ შენობის პროექტი არ შეუთანხმებიათ, თუმცა ეს მათ პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს - ის ხომ ერთ დღეში არ აშენებულა?
რაც შეეხება ახალ მშენებლობებს, სვეტიცხოვლის დასავლეთით, "ჭალებში" დამთავრდა მცხეთის მუნიციპალიტეტისა და სამხარეო ადმინისტრაციის, პოლიციის და "საქსტანდარტის" შენობები. მშენებლობის პროცესშია იუსტიციის სახლი. მთავრდება აღმაშენებლის ქუჩაზე საბჭოთა სახლების ფასადების რეკონსტრუქცია. ვერ ვიტყვი, რომ თვალშისაცემი მასშტაბური დისონანსია, თუმცა გამომწვევი და "ამოვარდნილია" შენობის წინ აღმართული სივრცული სარეკლამო სტელა. ახლახან შევიდა ექსპლუატაციაში მცხეთის მუნიციპალიტეტის და სამხარეო ადმინისტრაციის შენობა. რომელსაც აქვს ყურადღების და ინტერესის გამომწვევი მკაფიო მუხტი, მაგრამ ის თავისი არქიტექტურით სრულიად შეუსაბამოა ადგილთან და დანიშნულებასთან: შენობა უზარმაზარი სარკოფაგია, უკონტაქტო, მდუმარე, საიდუმლოებით მოცული. ის შეიძლება ყოფილიყო გენოციდის მუზეუმი და არავითარ შემთხვევაში მხარის და ქალაქის სახელისუფლებო შენობა. მას არა აქვს ვიზუალური კავშირი უნიკალურ გარემოსთან, არც გარედან შიგნით და არც შიგნიდან გარეთ. სხვა შედეგი არც იყო მოსალოდნელი, არქიტექტურულ საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ როგორ ჩაატარა მცხეთის მუნიციპალიტეტმა ამ ობიექტზე 10-დღიანი უპრემიო "კონკურსი", სადაც მხოლოდ ერთი პროექტი იყო წარმოდგენილი.

ამ შენობის არქიტექტორის ვინაობის დასადგენად მცხეთის გამგებელს, თემურ აბაშიძეს მივმართეთ, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროს მერაბ თუხარელზე მიგვითითა - უფრო კომპეტენტურიაო...
"მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციული შენობის აშენება 4 მილიონ ლარამდე დაჯდა. არქიტექტურა კი "შპს გეოსაქსტანდარტპროექტს" ეკუთვნის. პოლიციის შუშის შენობის, "საქსტანდარტისა" და იუსტიციის სახლის შესახებ ცნობები არ გვაქვს..." - გვითხრა მერაბ თუხარელმა.

დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი:
- მხოლოდ სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი არა, ყველგან, სადაც წმინდა ადგილია, პოლიციის შენობებს აშენებდნენ. შემოიარეთ თბილისი, მთელი საქართველო და დარწმუნდებით, რომ ყველგან, სადაც პოლიციის შენობაა, ეკლესია უნდა იდგეს. სვეტიცხოვლის სიახლოვეს პოლიციას და ამ უსახურ შენობებს რა უნდა, ეს ხომ ქვეყნისა და ისტორიის დაცინვაა! ჩემი ნება რომ იყოს, ვაზისუბანში, პირამიდის ფორმის პოლიციის შენობას 40 დღეში ისე გადავაკეთებდი ეკლესიად, შუშა არ გატყდებოდა, 41-ე დღეს კი გავხსნიდი, რადგან ეს რიცხვი ძალიან მიყვარს. ყოველ შემთხვევაში ხუთიანს ჯობია.

P.S. ადგილობრივებს მოსწონთ განახლებული მცხეთა, მაგრამ თანამედროვე არქიტექტურის "ნიმუშების" და უცნაური ფორმის შენობებისა ვერაფერი გაიგეს. ერთმა ქალბატონმა ისიც კი გვითხრა, ამ შუშის შენობებს ერთი დადებითი მხარე აქვს, ადვილად დაინგრევაო...