მაჭავარიანი დავალიანების დაფარვას ითხოვს – ტელეკომპანიები - გადავადებას

მაჭავარიანი დავალიანების დაფარვას ითხოვს – ტელეკომპანიები - გადავადებას

ივანე მაჭავარიანი იმ ტელევიზიების ხელმძღვანელებს შეხვდება, რომლებსაც ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო. ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები 23 დეკემბერს სპეციალური განცხადებით გააფრთხილა და ერთდღიანი ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1–ლი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ. კერძოდ, ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო ტელეკომპანიებს: „რუსთავი 2“–ს, „პირველს“ და „კავკასიას“.

საქმე ეხება ბოლო ორი თვის გადასახადს, რომელიც ტელევიზიებს პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული არ გადაუხდიათ. საქმე არ ეხება გასული წლების განმავლობაში დაგროვილ დავალიანებებს, რომელთან დაკავშირებითაც ფინანსთა მინისტრმა ჯერ კიდევ ზაფხულის თვეში მიმართა ტელემაუწყებლებს და სთხოვა, რომ ტელეკომპანიებს, წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახდო დავალიანების შესახებ, ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები წარმოედგინათ და ასევე, მიმდინარე დავალიანებების გადახდა დაეწყოთ.

ფინანასთა მინისტრი არ იზიარებს მედიასაშუალებების ხელმძღვანელების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოყენებული ინკასო პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, „TV პირველისთვის“ ეს მძიმე თანხა არ არის, ამ ყველაფერში იოტისოდენა პოლიტიკაც არ არის. „Forbes Georgia“ –სთან ინტერვიუში ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ აგვისტოში გაკეთებული განცხადება ყველამ იცის, მას შემდეგ ხდება ისე, რომ 1 ოქტომბრის შემდგომ იწყება ვალის დაგროვება თავიდან, მათ შორის „TV პირველის“ მიერ.

„ერთხელ სექტემბერში მოგვმართა კომპანიამ წერილით, ითხოვა ვალის გადავადება 10 დღით, ჩვენ გავითვალისწინეთ ეს თხოვნა და გადავავადეთ. ბოლო წერილი შემოვიდა ნოემბერში და კომპანია ისევ ითხოვს დავალიანების 10 დღით გადავადებას. 1 ოქტომბრიდან გუშინდელ დღემდე ანუ ინკასომდე „TV პირველმა“ გააორმაგა ვალი ანუ კომპანია ერთი–ერთში გადის იმ გზას, რაც „რუსთავი 2“–მა 2016 წელს დაიწყო. იმის გამო, რომ ძველი და ახალი ვალები გაგვერჩია ერთმანეთისგან, ვთქვით, რომ ახალი ათვლა დავიწყოთ 1 ოქტომბრიდან.

ყველა დანარჩენ ვალს დავარქვათ ძველი, გავყინოთ, მობრძანდით ვისაუბროთ. ამის შემდეგ ორმაგდება „TV პირველის“ ვალი 2 თვეში, ამ გაორმაგებულ ვალს ახლავს ორი წერილი გადავადების თხოვნით, რომელიც ირღვევა. ამ ყველაფრის შემდეგ არანაირი წინაპირობა და მოცემულობა არ არსებობდა, რომ ეს ვალი არ გასამმაგდებოდა. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

განსხვავებულია „TV პირველის“ გენერალური დირექტორის პოზიცია. როგორც ინგა გრიგოლია აცხადებს, მას აინტერესებს ამდენი მილიონი რატომ უნდა ეპატიოს ხელისუფლებისთვის კოჭის გამგორებელ მედიასაშუალებებს – „იმედს“ და „მაესტროს“ და რატომ არ უნდა გადაუვადონ „TV პირველს“ სულ რაღაც 15 იანვრამდე.

„მე ველოდებოდი, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა სახელმწიფო და ველოდები იმიტომ, რომ ვთქვი – ეს იყო მოახლოებული არჩევნების წინ დაგეგმილი ახალი შტურმი და ახალი შეტევა მედიაზე. გადაიხადოს ჯერ ბევრი მილიონი ტელეკომპანია „იმედმა“ და „მაესტრომ“ და მერე გველაპარაკონ ჩვენ. გადასახადები ყველამ უნდა გადავიხადოთ, მაგრამ რომ დაეწყვნენ დღეს ხელისუფლების ლიდერები და განცხადებებს აკეთებდნენ, ხალხის ფული ბიუჯეტში ყველამ უნდა გადაიხადოს, მაგას ვამბობთ ზუსტად ჩვენც, რომ ამდენი მილიონი რატომ უნდა ეპატიოს ხელისუფლებისთვის კოჭის გამგორებელ მედიასაშუალებებს და რატომ არ უნდა გადაგვივადონ ჩვენ სულ რაღაც 15 იანვრამდე? ჩვენ ხომ არ ვეუბნებოდით სახელმწიფოს, რომ გვაჩუქეთ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ სახელმწიფოს რაიმე ვთხოვოთ, უბრალოდ აქ იყო გადადებაზე ლაპარაკი“, – აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.

ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო მოქმედებად აფასებს „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი პაატა სალია, რომლის განცხადებით, ტელეკომპანიისთვის ყადაღის დადებამ შეიძლება გამოიწვიოს ტელევიზიის საქმიანობის შეფერხება. სალია მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს მსგავსი ღონისძიებები მომავალში არ გამოიყენოს და ტელეკომპანიის მენეჯმენტი შეეცდება მიმდინარე დავალიანებები გადაიხადოს.

„ჩვენ, მენეჯმენტი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს და ახალი წლის წინ არ მოხდეს არხის პარალიზება, თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ 27 მილიონი ლარი დავალიანება დაგროვდა სწორედ იმის გამო, რომ ასეთი პრინციპულობა, რასაც ახლა ირჩევს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური, მათ არ გამოუჩენიათ წინა მენეჯმენტის პირობებში, წლების განმავლობაში, როდესაც ეს ვალი თვიდან თვემდე გროვდებოდა.

რამდენიმე წელი გავიდა, ასეთი მოქმედება არ განუხოცრიელებიათ და ახორციელებენ დღეს, როდესაც ჩვენ უკვე ვიხდიდით მიმდინარე დავალიანებებს, უბრალოდ მცირედი გადაცილება გვაქვს დროში. აქედან გამომდინარე, ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, – აცხადებს პაატა სალია.

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ეხმიანება ფინანსთა მინისტრის განცხადებას, თითქოს, იმიტომ არ აყადაღებდა 55–მილიონიანი დავალიანებების მქონე ტელევიზიებს, რომ მათ მუშაობა არ შეფერხებოდათ. მისი თქმით, როგორც ჩანს, „ტვ პირველისა“ და „კავკასიის“ მუშაობის შეფერხება ხელისუფლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

„რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს. ჩვენ ვითხოვდით სამართლიან მიდგომას, ვითხოვდით თანასწორობას და პასუხად მივიღეთ ინკასო. მაქვს ერთადერთი კითხვა – რატომ არ ადევს ინკასო „იმედისა“ და „მაესტროს“ ანგარიშებს, რომელზეც პასუხს არავინ არ ამბობს“, – ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.

ულტიმატუმით საუბარი მიუღებელია იუსტიციის მინისტრისთვის, რომლის განცხადებით, შერჩევითობა უნდა დასრულდეს და ყველა კერძო კომპანიამ, მათ შორის ტელევიზიებმა ბიუჯეტის დავალიანება გადაიხადონ. თეა წულუკიანის განცხადებით, როდესაც ზოგიერთი ტელევიზია იხდის გადასახადს, ზოგიერთი არა და ვინც არ იხდის, მას სახელმწიფო პატიობს, ეს არის შერჩევითი.

„ყველა კერძო კომპანიამ, მათ შორის ტელევიზიებმა გადაიხადონ ის დავალიანება, რაც უკვე მრავალი თვეა აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, რადგან ეს სახელმწიფო ბიუჯეტი არ ეკუთვნის რომელიმე მინისტრს ან კერძო კომპანიას, მათ შორის ტელევიზიებს, ეს სახელმწიფო ბიუჯეტი ეკუთვნის მათ, ვინც ჩვენ გვისმენს, ანუ ხალხს. შესაბამისად, ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის ფული, რაც მათ ეკუთვნით“, –განაცხადა თეა წულუკიანმა.

„სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის რუსული სტანდარტი“, – ასე ეხმაურება ოპოზიცია ტელევიზიებზე ინკასოს დადებას. ოპოზიცია ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას საფრთხედ აფასებს და თვლიან, რომ ეს არის სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლა. ოპოზიცია ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ყველა იმ დამოუკიდებელი საინფორმაციო არხის ჩახშობას ცდილობს, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით: „რაც უფრო კარგავს საზოგადოებრივ ნდობას ივანიშვილი, რაც უფრო კუთხეში არის მიმწყვდეული, მით უფრო აგრესიულად იბრძვის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. ის ამას უკვე წლებია აკეთებს, მაგრამ ახლა, მას შემდეგ, რაც „ფეისბუქმა“ მას ტროლების ფაბრიკის ნახევარი გაუნადგურა, ივანიშვილი შემობრუნდა და ახლა ცდილობს, ჩაახშოს საზოგადოებისთვის ჯანსაღი, ნორმალური, ფაქტების შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების წყაროები. ეს არის „ტვ პირველი“, ეს არის „კავკასია“.

უკლებლივ ყველა იმ დამოუკიდებელი საინფორმაციო არხის ჩახშობას ცდილობს ივანიშვილი, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება, მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ აქამდე, რომ მას აღარ გაუდის არც ქვეყნის შიგნით საზოგადოების წინაშე, არც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ასეთი ქმედებები, ის კიდევ უფრო მეტ ზიანს მიიღებს აქედან“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც გამოირჩევიან მედიაზე ტერორით, ტელევიზიების დახურვით და ჟურნალისტების ცემით, არ უკვირს უმარვლესობის წევრს, ანრი ოხანაშვილს, რომელიც არ იზარებს ოპონენტების შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი ტელეკომპანიის ანგარიშებზე ინკასოს დადებას კრიტიკული ხმის ჩახშობის მიზანი აქვს. როგორც დეპუტატი აცხადებს, საქართველოში მედია პლურალიზმი უზრუნველყოფილია.

„ხელისუფლების ამოცანაა, რომ მედიაპლურალური გარემო იყოს უზრუნველყოფილი ქვეყანაში და მედია პლურალიზმი ამ მხრივ უზრუნველყოფილია. ჩვენი ამოცანაა ასევე, რომ ყველა მედიასაშუალების მიმართ მოპყრობა იყოს სამართლიანი, თანაბარი. რაც შეეხება კონკრეტული უწყების გადაწყვეტილებას, ეს არის მისი და კონკრეტული მედიის საკითხი, თუ რაზე შეთანხმდებიან. ეს უკვე კონკრეტული უწყების გადასაწყვეტია, რომ სამართლიანი და თანაბარი პირობები რეალურად განხორციელდეს, დარწმუნებული ვარ ეს ასეც იქნება,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

სოციალისტი არ აპატიოთ ახალი თუ ძველი დავალიანებები, არა! რას ელოლიავებით, ხალხის მოტყუების, ახალგაზრდობის გარყვნის და საერთოდ ქვეყნის დაქცევის გარდა სახვა რა გაუკეთებიათ??!!
4 წლის უკან