ითვლება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში მტერთან ბრძოლისას ყველაზე დიდი ზიანი განიცადა მე-4 ბრიგადამ, რომელსაც დღევანდელი გენშტაბის უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე მეთაურობდა. პრინციპში, ეს ასეა და ყველა აღიარებს: მე-4 ბრიგადა ყველაზე ახლოს იდგა მტერთან და დანაკარგიც აქედან გამომდინარეობს. ამიტომაც იყო, რომ მტერთან პირისპირ ნაომარი კაცი მთავარსარდლის ფავორიტი გახდა, არც ჩინ-მედლები დაჰკლებია და არც თანამდებობა. ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში დამარცხების შემდეგ კი გენშტაბის უფროსობასაც გამოჰკრა ხელი, სააკაშვილმა გმირიც უწოდა. მიშას უყვარს გმირები, თუმცა იმ ომში მებრძოლ ოფიცრებს სრულიად სხვა წარმოდგენა აქვთ მიშას გმირებზე. ეს ოფიცრები "ვერსიას" უყვებიან, რა დამსაუხრებისთვის მიანიჭა სააკაშვილმა ომის გმირობა გიგი კალანდაძეს. შეფასება მკითხველისთვის მიგვინდია.
კახა ჯიქია, საინჟინრო მომზადების ბაზის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ომის დღეებს იხსენებს:
- 2008 წლის აგვისტოში ანუ ბრძოლების დროს, ჩემი ჯგუფით გამიშვეს მე-4 ბრიგადაში, რომელსაც მეთაურობდა გიგი კალანდაძე. ჩემი ჯგუფის მიზანი იყო, ბრიგადისთვის საინჟინრო უზრუნველყოფის გაკეთება. შტაბში ვიყავი მაგათთან. 9 აგვისტოს შეიქმნა ასეთი მდგომარეობა: მოწინააღმდეგემ გამოიყენა რადიოსიგნალების ჩამხშობი აპარატურა. ჩვენი კავშირები რომ ჩაეხშო და რაციებით ერთმანეთთან არ გვესაუბრა.
- მოდით, თანმიმდევრულად მივყვეთ. ამ დროს ტერიტორიულად სად ხართ?
- ტბეთთან. ცხინვალის ზევით. ცხინვალი მოჩანს ხელისგულივით. ჰოდა, იქ მოხდა ასეთი სიტუაცია: კალანდაძეს პირადი შემადგენლობა ვინც ჰყავდა, ყველამ იარაღი დაყარა, კრაზებს შეახტნენ და უკან გამოიქცნენ.
- რატომ დაყარეს იარაღი?
- იმიტომ, რომ იმათი ორი თვითმფრინავი გადმოფრინდა და გაგვიხსნა ცეცხლი. ერთ მხარესაც უამრავი ხალხი დაგვეღუპა და მეორე მხარესაც. თავიდან, სანამ ცეცხლს დაგვიშენდნენ, ვერც გაიგეს, ეს თვითმფრინავები ჩვენების იყო, თუ რუსების. სანამ ამათ გადარეკეს და გადმორეკეს, რუსებმა უკვე გააკეთეს თავისი საქმე და გაფრინდნენ. ჩვენთვის ომი მიმდინარეობდა მობილური ტელეფონებით. ეს ტელეფონი კიდევ, სიხშირე ძალიან გადატვირთული იყო და შენ ჭკუაზე ვერ რეკავდი. ასეთი სიტუაცია იყო და როგორ გაგვერკვია თვითმფრინავების წარმომავლობა.
- გასაგებია, რომ მტერმა რადიოსიხშირეები დაგიხშოთ. ამის საწინააღმდეგო საშუალება ჩვენ არ გვქონდა?
- წესით, ასეთი შემთხვევებისათვის არსებობს სათადარიგო სიხშირე, რომელზეც უნდა გადაერთო, მაგრამ, ეტყობა, თავი ვერ მოაბეს. ეს უკვე იმათი პრობლემაა, ვინც კავშირგაბმულობაში იყო. მოკლედ, ეს მაგარი ხარვეზი აღმოჩნდა. ომში კავშირგაბმულობით თუ არ მართე პირადი შემადგენლობა, ისე ვერაფერს გააკეთებ.
- ჰო, მობილურზე შეიძლება ანგარიშიც გაგითავდეს.
- ანგარიში, პრინციპში, კი იყო უფასო, მაგრამ ძალიან გადატვირთული იყო სატელეფონო სიხშირეც. მთელი საქართველო ერთმანეთს ურეკავდა იმ დროს და შენ გემოზე ვერსად დარეკავდი. ერთი სიტყვით, ამ არეულ-დარეულობაში მოვხვდით კავშირის არქონის გამო.
როცა რუსებმა ჩვენი ბრიგადა დაცხრილეს, მე ჩემი თვალით ვნახე, რომ ასეულის მეთაურებმა დაყარეს იარაღი და გამოიქცნენ. მერე იქიდან პირადი შემადგენლობა გამოიყვანეს. მე კი, ჩემს ჯგუფთან ერთად ბაზაზე დავბრუნდი. აი, ეს მოხდა სინამდვილეში. ყველაზე მეტი ხალხი სწორედ იმიტომ დაეღუპა კალანდაძეს, რომ თვითმფრინავების იდენტიფიკაცია ვერ შეძლეს.
- როცა ასმეთაურები გაიქცნენ, თვითონ კალანდაძე სად იყო?
- მე, პირადად, არ მინახავს. ამბობენ, თავისი იარაღის ტყვია მოხვდა ფეხშიო. ეს მე დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ იქ არაფერი იყო მოწესრიგებული. მე ადრე ვმსახურობდი სატანკო ნაწილებში და კარგად ვიცნობდი ტანკისტებს. ბრიგადაში ვნახე ჩვენი გაჩერებული ტანკები. ნაცნობ ოფიცრებს ვკითხე: თქვენი იმედი გვაქვს და შეტევაზე რატომ არ გადადიხართ-მეთქი? საწვავი არ გვაქსვო - მიპასუხეს. მერე რუსებმა წაიღეს ის ტანკები.
- აბა, ზარალი მიუყენებიათ რუსებისთვის, საწვავიანად რომ არ გაატანეს, ესეც გმირობაა.
- მასეთი გმირობა არ ვიცი. ვინც ნამდვილად იომა, იმაზე ხმას არ იღებენ. გიგი კალანდაძე აღმოჩნდა გმირი. ჩვენ კი ყველანი, ომის შემდეგ სახლში დაგვსვეს. სხვათა შორის, ჯარიდან როცა ოფიცრები გაყარეს, როცა მიზეზი იკითხეს, უპასუხეს: ცოტა უნდა ილაპარაკოთო. ომის "გმირობის" მოწმეები მოგვიშორეს თავიდან.
- როცა ბრიგადის მეთაურს ხალხი გაურბის, ეს მისი გმირობაა თუ სისუსტე?
- ძალიან იშვიათია, თუ მეთაური კარგია, იგი ბრძოლაში მიატოვონ. მე არ მახსოვს მანამდე, ოფიცერს ჯარისკაცი გაქცეოდეს. პირიქით, ოფიცერი გაქცეულა და ჯარისკაცი დარჩენილა. იმ დღეს, როცა მეთაურები გაექცათ, ჯარისკაცებს რაღა უნდა გაეკეთებინათ? თვითონაც შეახტნენ "კრაზს" და წავიდნენ.
- ანუ მარტო ავიაციამ მოგვიგო ომი. სააკაშვილი კი იძახის, მე მოვიგეო. იმ დღეებში კონცერტიც ჩაგვიტარა თბილისში.
- რა იყო იცი? ის თვითმფრინავები 30 მეტრის სიმაღლეზე გადმოფრინდა. მანამდე, ჯერ ცხინვალში ჩამოყარეს ბომბები, მერე ნულის მხარეს წავიდნენ, აქ წრე დაარტყეს, დაიწიეს ქვემოთ და დაგვაყარეს ტყვიები. "სტელა" გვქონდა, მაგრამ იმის გარკვევას მოუნდნენ, მოიერიშეები ჩვენები იყვნენ თუ რუსების. ერთი სიტყვით, იქ იყო უთავბოლობა, განუკითხაობა და ქაოსი. ასე ვინ მოიგებდა ომს.
ასე დამთავრდა გიგი კალანდაძის საომარი ეპოპეა. მე-4 ბრიგადის ნარჩენები, ვინც არ გამოქცეულა, ისინიც უკან გადაიყვანეს, ხოლო გენერალი კალანდაძე გმირი გახდა. ახლა კი კიდევ ერთ ოფიცერს მოვუსმინოთ, რომელიც კალანდაძის გმირობაზე აგრძელებს საუბარს.
ვეფხვია გოგია, მაიორი:
- 2009 წელია. ვაზიანში ნაწილის მეთაურია გიგი კალანდაძე. ჯარში მსახურობდნენ ძმები ალანიები: ომარი და ლევანი. ორივენი ერთ დღეს მოხვდნენ "ყარაულში". ომარს, პოსტზე დგომისას რაღაც პრობლემა შეექმნა, შეტევა მისცა და ცუდად იყო. გიგი კალანდაძე ამ დროს იყო შემოვლაზე. ნახა ცუდად მყოფი, მუცელზეხელებშემოჭრილი ჯარისკაცი. კალანდაძე გამოვარდა და მივარდა "ყარაულაში". არ იცის, რომ ომარის ძმა იქ იმყოფება და ეუბნება "ყარაულის" უფროსს: "იქ ვინ გიყენია, კვდება მგონია, მე იმის დედას შე-ციო". ეს რომ ლევანმა გაიგო, "მართლა შენი დედა, ვის აგინებო", - წამოხტა და იყო ერთი გაწევ-გამოწევა. კინაღამ დახოცეს ერთმანეთი. ძლივს დააშოშმინეს. აი, ასეთი კაცია გენერალი კალანდაძე.
- ჯარისკაცებს ცემდაო, მართალია?
- იმ 19 კაცის ამბავი ყველამ ვიცით. ისეთი ნაცემები იყვნენ, ფეხზე ვერ დგებოდნენ. ძალიან ბინძურად მოექცნენ ამ ბიჭებს.
ომის დროს ბატონმა გიგიმ გასცა ასეთი განკარგულება: ჩააბარეთ ყველამ იარაღი, ფორმები დაწვით და პარტიზანებად წადითო. თურმე უიარაღოდ უნდა წახვიდე პარტიზანად. პარტიზანი მე ვიყავი ხუთი წელიწადი და ვიცი, რას ნიშნავს. გიგიმ რა იცის პარტიზანობა? ომის პერიოდში კაცი მოუკლავს? მოუკლავს კი არა, საერთოდ უსვრია მტრისთვის? იარაღი დაკარგა ომში. მე გეტყვით ორი კაცის გვარს, რომლების მივიდნენ სამხედრო ნაწილში და ჩააბარეს იარაღი. სულ ხუთი კაცი იყო, მაგრამ მარტო ორის გვარი ვიცი: თოლორაია და ჩობანაშვილი. დანარჩენების გვარები არ ვიცი. მეორე დღეს ხუთივე ავტომატი დაიკარგა. ესენი დაკითხა სამხედრო პოლიციამ და დაადასტურა, რომ უდანაშაულოები იყვნენ, ანუ იარაღი ჩაბარებული ჰქონდათ, მაგრამ რა მოხდა, სად დაიკარგა იარაღი? არავინ დასჯილა. მერე ეტყობა, მიაწერეს, რომ ომში დაიკარგა, ისევე, როგორც გორიდან წამოყვანილი ტანკები. 7 ერთეული, საწვავით სავსე ტანკი დატოვეს, რომელთა აქეთ გადმოყვანა პრობლემა არ იყო. კაჭარავა იყო მეთაური. უბრძანა კალანდაძემ და ეს ტანკები მიატოვებინა. მერე მოვიდნენ რუსები და ააფეთქეს მიტოვებული ტანკები.
- ფეხებში ისროლა და დაიჭრაო, მართალია?
- ეს მე კი არა, მსოფლიომ იცის. მანქანიდან ჩამოსვლის დროს გაუვარდა და დაიჭრა თავისი იარაღით.
- გაუვარდა, თუ სპეციალურად ისროლა?
- რა მნიშვნელობა აქვს. მტრის ტყვია მაგას არ მოხვედრია.
ერთმა ოფიცერმა, რომლის სახელსა და გვარს ნამვილად ვერ დავასახელებ, რადგან ბრძოლაში ვაჟკაცურად დაიღუპა, ომის დროს შემოუთვალა: "მე თუ ცოცხალი გადავრჩი და ბრძოლიდან დავბრუნდი, შენ ვერ გადამირჩები, ცოცხალს არ დაგტოვებო". ის ვერ გამოვიდა ცოცხალი, თორემ ბევრ რამეს აეხდებოდა ფარდა. თუმცა ისიც ყველამ იცის, ვინ არის გიგი კალანდაძე. ომის მერე, გვარი და სახელი არ ვიცი, კაცს, რომელსაც ჭურვის ნამსხვრევები ჰქონდა ფეხებში, პლაცზე ეკითხება: "ფიზმომზადება რატომ ვერ ჩააბარეო?" "ამოღებული არ მაქვს ნამსხვრევები, ბატონო გიგი, ომის დროს დამემართა ეს და იმიტომ ვერ ჩავაბარეო" - უპასუხა ამ ბიჭმა. "წაგებული ომის გმირები არ მჭირდებაო" - ყვირილი დაუწყო კალანდაძემ. თვითონ როგორ გახდა სააკაშვილის ომის გმირი? უფროსი ლეიტენანტი მოვიდა ბრიგადის მეთაურად. ომის მერე, გახდა ბრიგადის გენერალი. რა გააკეთა ასეთი, რომ ბრწყინვალების ორდენიც მიიღო, პირველი ხარისხის მედალიც და გმირობაც? სადაც გინდათ, ნებისმიერ ადგილზე ვიტყვი ამას.
სატანკოში იყო ასეთი კაცი - ახალკაცი. ადამიანი როდესაც დანაშაულს ჩადის, მან პასუხი უნდა აგოს კანონის ფარგლებში, ანუ ადეკვატურად.
ამ ადამიანმა, არ ვიცი, 20 ლიტრა საწვავი მოიპარა და გაყიდა, თუ რა გააფუჭა, მაგრამ ხელები შეუკრეს პლაცის წინ, ტროსით დააბეს მანქანაზე და მთელი პირადი შემადგენლობის თვალწინ პლაცზე ახოხიალეს - ასეთი იყო კალანდაძის განაჩენი. მერე სამი თვით აიყვანეს თელეთში, იქ საინჟინრო ბრიგადა მუშაობდა და მთელი ეს სამი თვე იქ ამუშავეს, ხელფასი არ მისცეს და ამის მერე გააგდეს სახლში.
- მართლა გმირობები ჰქონია ჩადენილი.
- გიგი თავიდან მოვიდა 41-ე ბატალიონში. ის რომ მოვიდა, მე წავედი მისგან იმიტომ, რომ ვიცოდი, რა პიროვნება იყო - ენაბილწი, უზრდელი და თავხედი კაცია. დედის გინებით რომ მიმართავს ქვემდგომებს, მე მასეთ კაცთან ვერ ვიმუშავებდი. მერე ბრიგადის მეთაურად რომ დანიშნეს 2006-ში, პირველი მე დამემუქრა: საერთოდ ჯარიდან უნდა გაგიშვაო. მაგრამ ვერ მივართვი. ვუთხარი: შენი დანიშნული არ ვარ, თანაც ჩემი გაშვება თუ უნდათ, ოფიცერი ვარ, განიხილავენ და გამიშვებენ-მეთქი. კადრების განყოფილებაში გამიშვეს. მერე დავინიშნე საინჟინრო ბრიგადაში. გორის სატანკო ბატალიონი რომ აფეთქდა, მაშინ მეც მოვყევი ამ აფეთქებაში. კანტუზია მივიღე, მაგრამ ჰოსპიტალში არ მივსულვარ და არაფერი მომითხოვია. გიგი კალანდაძემ თავის ფეხზე ისროლა და გმირია საქართველოსი.
- ვეღარ გავიგე, ისროლა თუ გაუვარდა?
- საერთოდ გავარდნა ხდება ორი მიზეზით. ან ადამიანმა არ იცის იარაღთან მოპყრობა, ან შიშის გამო უვარდება. გიგის ეს ჭრილობა მტრისგან არ მიუღია, თავისი ხელიდან მიიღო. გამოვრიცხავ, რომ განგებ მიიყენა, მაგრამ ეს არის შემთხვევა, რომელსაც ჰქვია დაუდევრობა. აქ შიშის ფაქტორია. მე მინახავს ბრიგადის მეთაურები, თათბირზე რომ ისხდნენ ოთახში, გარედან სროლის ხმა როცა შემოესმათ, აქეთ რომ იღება ოთახის კარი, იქით გააღეს და ისე გაიქცნენ. მიატოვეს. ეს შიშია.
სამაგიეროდ, ომის მერე გამოიჩინეს ვაჟკაცობა: 2010 წლის 26 თებერვალს კალანდაძემ დამიბარა და შარი მომდო: კორუმპირებული ხარო. რომელი გაქსუებული ჩინოვნიკი მე ვიყავი. იმავე დღეს გამათავისუფლეს. მარტო მე კი არა, ყველას დაგვიწყეს დევნა. აი, ასეთი უნამუსო კაცი არის გიგი კალანდაძე. მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი, მედლებს და ჩინებს კი არ ავიღებდი, თავს მოვიკლავდი იმიტომ, რომ ამდენი ხალხი დავკარგე ომის პერიოდში უთავბოლობითა და უცოდინრობით. კარგად გაიხსენონ, როგორ გააჟლეტინა ხალხი ცხინვალთან თვითმფრინავებს.
- მაგაზე უკვე მიამბეს რაც მოხდა.
- ჰოდა მართალი უთქვამთ. უაზროდ გააჟლეტინა ხალხი. თვითონ კი ადრევე წამოვიდნენ. ბრძოლები რომ დამთავრდა და უკან დავბრუნდი, დიღომში დამხვდნენ კეზერაშვილი, კალანდაძე და სხვა ბრიგადის მეთაურები. გენშტაბიც ადრე წამოვიდა...
P.S. აი, ასეთ ომს ვაწარმოებდით 2008 წლის აგვისტოში. ასეთივე გმირებიც გვყავს. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი რთული მოსასმენია, მაგრამ ასეთია სიმართლე და მასზე თვალის დახუჭვა დანაშაულია. ამიტომ, ისევ გავაგრძელებთ "გმირული ომის" ეპოპეას. "ვერსიის" მომავალ ნომერში მხედართმთავარ სააკაშვილის მიერ შემოღებულ ბრძოლის მეთოდებზე გიამბობთ.