"როლანდ ახალაიას "ზვიადისტობისა" და "მხედრიონთან" დაპირისპირების შესახებ სამეგრელოს აქამდე არაფერი სმენია"

სამეგრელოს რეგიონსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე თვალსაზრისს არასამთავრობო ორგანიზაცია "ამომრჩეველთა ლიგის" წარმომადგენელი კახა მიქაია გამოხატავს.

- 13 ნოემბერს ზუგდიდის ცენტრში, პროკურატურის შენობასთან, სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის, ბაჩანა ახალაიას მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა, ახალაიას მომხრეები, - სამწუხაროდ, ზუგდიდში ასეთებიც არიან, - პატიმრობიდან მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

- ბაჩანა ახალაიას საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან განაახლა კონტაქტი სამეგრელოს ტერიტორიაზე მყოფ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან... ამჟამად სად არიან და რით არიან დაკავებული ეს ფორმირებები?
- ეს შეიარაღებული ფორმირებები რეგიონის ტერიტორიაზე ამჟამადაც იმყოფებიან. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამბობს, რომ უნდა მოხდეს ამ ადამიანების ინკორპორირება ოფიციალურ სტრუქტურებში და რომ ეს პროცესი მშვიდად უნდა წარიმართოს, რასაც ვეთანხმები. ამ უკანონო ფორმირებების წევრები არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და მათი ოფიციალურ სტრუქტურებში გაერთიანება მისაღებია, მაგრამ ამ ფორმირებების რიგებში ასევე არიან კრიმინალები, ამიტომ გაცხრილვის პროცესი ფრთხილად, კანონის ფარგლებში უნდა წარიმართოს. რაც შეეხება ბაჩანა ახალაიას მეშვეობით ამ დაჯგუფებების გააქტიურებას, ამის საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ მცირე დოზით, "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ სამეგრელოს რეგიონში სიტუაცია შეიცვალა, თუმცა, ამგვარი მცდელობა იქნებოდა არა მარტო ბაჩო ახალაიას, მიხეილ სააკაშვილის მხრიდანაც, მათ ეს ბანდფორმირებები სწორედ იმიტომ შექმნეს, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში გამოეყენებინათ, მაგრამ დასავლეთის, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლის შემდეგ იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ.

- არიან თუ არა ამ შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეები?
- ამ შეიარაღებულ დაჯგუფებაში მხოლოდ ზვიად გამსახურდიას მომხრეები არ არიან, მასში შედიან ყოფილი მხედრიონელები, დათო შენგელიას პარტიზანული დაჯგუფების "ტყის ძმების" წევრები. სააკაშვილმა და ბაჩო ახალაიამ, ამ ადამიანების, "ზვიადისტებისა" და "მხედრიონელების" ერთად შეყრა მოახერხეს, თუმცა, როგორ შეიძლება ზვიად გამსახურდიას მომხრეები უწოდო მებრძოლებს, რომლებიც ბანდფორმირებაში საკუთარ მოსახლეობასთან დასაპირისპირებლად ერთიანდებიან?! რაც შეეხება როლანდ ახალაიას მიერ ზვიადისტობის ფაქტორით სპეკულირებას, ის შევარდნაძის დროს გამომძიებელი იყო; მისი ზვიადისტობისა და მხედრიონთან დაპირისპირების შესახებ მთელ სამეგრელოს აქამდე არაფერი სმენია, ასე რომ, ამ ხერხებით ახალაია მხოლოდ მისი მოწინააღმდეგის - ირაკლი ალასანიას დისკრედიტაციასა და პოლიტიკური შოუთი მისი შვილების "საგმირო საქმეების" გადაფარვას ცდილობს.

- საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაია პირველი პოლიტპატიმარია საქართველოში. როგორ შეიძლება წარიმართოს მოვლენები ყოფილი მაღალჩინოსნის გარშემო?
- დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ახალაიას ბრალი დღითიდღე უმძიმდება, თუმცა, წინ სასამართლო პროცესია. რაც შეეხება ჩემს აზრს, მივიჩნევ, რომ ბაჩანა ახალია პოლიტპატიმარი კი არა, ჯალათია.