საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წელს საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს. შესაბამისი ცვლილებები სავარაუდოდ, მომავალი წლის მარტამდე განხორციელდება. ასეთი გადაწყვეტილება უკვე ასახულია დოკუმენტში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. რამდენიმე თვეში უფრო მეტი ადამიანი შეძლებს აიღოს სესხი თავისი საჭიროებიდან გამომდინარე, თუმცა რადიკალური ცვლილება მოსალოდნელი მაინც არ არის.
დღეისთვის სესხის მომსახურების კოეფიციენტები ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი – 1000 ლარამდე, 1000-დან 2000 ლარამდე, 2000-დან 4000 ლარამდე და 4000 ლარზე მეტი. ცვლილების შემდეგ, დარჩება მხოლოდ ორი კატეგორია.
სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, რომ ცვლილება დადებითად აისახება მათზე, ვისი შემოსავალი 1000-დან 4000 ლარამდეა, ანუ მათ შედარებით დიდი მოცულობის სესხის აღება შეეძლებათ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაკრედიტების პროცესში შემცირდება ადმინისტრაციული ტვირთი და რისკების შეფასებაში ბანკები უფრო მოქნილი იქნებიან.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი ლიბერალიზების მიმართულებით წინადადებებზე მუშაობს. მისი აზრით, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის დადებით შედეგებს ყველანი ხედავს.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველ რიგში, ეროვნული ბანკი მუშაობს წინადადებებზე. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ლიბერალიზება იგეგმება. ეს იქნება მთელი პაკეტი. არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს და კონკრეტული დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ იგი ძალიან მალე დასრულდება. როგორც ეკონომიკის მინისტრი, გარკვეული ლიბერალიზების მომხრე ვარ, რადგან მნიშვნელოვანია ეკონომიკაში გაჩნდეს დაბანდების მეტი რესურსი“, – განაცხადა მინისტრმა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუაც ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი ფიზიკური პირების დაკრედიტების მეთოდოლოგიას ცვლის და ამას ფინანსთა სამინისტროც ეთანხმება.
„მნიშვნელოვანი გამარტივებაა შემოსავლის ჯგუფების კატეგორიზაციის მიმართულებით, შემოსავლის ჯგუფების ოთხი ჯგუფი იყო აღნიშნული, ხოლო მეთოდოლოგიით, რომლის შემოღებასაც აპირებს ეროვნული ბანკი, იქნება მხოლოდ ორი ჯგუფი, ერთი ჯგუფი იქნება 1000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის და 1000 ლარის ზემოთ. ანუ, რეალურად ორი კატეგორია იქნება, ორი ჯგუფი, რაც მნიშვნელოვანი გამარტივებაა. ამას მიესალმება საფინანსო სექტორიც“, - განაცხადა გაგუამ.
მართალია სამომავლო ცვლილებების დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ საბანკო სექტორიდან პირველი კომენტარები უკვე გაკეთდა. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის აზრით, დაგეგმილი ცვლილებები სესხის გაცემის პროცედურას შეამსუბუქებს, თუმცა მდგომარეობას რადიკალურად არ შეცვლის, რამდენადაც სესხის გაცემის ძირითადი პრინციპი იგივე დარჩება და კვლავ შემოსავალზე იქნება დამოკიდებული.
„ვიცი, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. ცალსახად უნდა აღინიშნოს, ეს ცვლილება არ ეხება ფუნდამენტურ პრინციპს, რომ სესხის გაცემის პრინციპი იქნება შემოსავალზე ორიენტირებული, ანუ შემოსავლის დაანგარიშებაზე და შემოსავლის შეფარდებაზე ყოველთვიურ გადასახადთან. ცალსახად ისევ ისეთი ხისტი ჩარჩოები იქნება, რაც ეხება უზრუნველყოფის კოეფიციენტს, სესხების ვადიანობას და ა.შ. ხდება ტექნიკური ცვლილებები უშუალოდ სესხებთან მიმართებაში, რომელიც, რა თქმა უნდა, უფრო შეამსუბუქებს სესხის გაცემის პროცედურას, მაგრამ ეს არ არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას. თუ აქამდე სესხს პირობითად 100 ადამიანი იღებდა, აიღებს უფრო მეტი, მაგრამ რამდენით მეტი, ეს პრაქტიკიდან გამომდინარე უნდა ვნახოთ და შევაფასოთ მდგომარეობა“, – აცხადებს ძნელაძე.
თუ რატომ არბილებს სებ-ი რეგულაციას, ამაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თავისი შეხედულება აქვს. კობა გვენეტაძის აზრით, დაგეგმილი ცვლილებები მიმართული იქნება იმისკენ, რომ ტექნიკურად გამარტივდეს და ნაკლებად ბიუროკრატიული გახდეს. ცვლილებების განხორციელება აუცილებელი იყო, ვინაიდან სამომხმარებლო სესხების და საცალო სექტორის ზრდა ძალიან მაღალი იყო.
„ჩვენ ვხედავდით, რომ ამ სექტორის ზრდა ზღუდავდა სხვა მიმართულებით სესხების ზრდას, როგორიც არის მცირე და საშუალო ბიზნესი, კორპორაციული სექტორი და აქედან გამომდინარე, ძალიან აუცილებელი იყო პასუხისმგებლიანი დაფინანსების წესების შემოღება, რომელსაც ძალიან ბევრი ცენტრალური ბანკი ახორციელებს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ გარკვეული პერიოდი იქნებოდა საჭირო იმისთვის, რომ ვნახოთ რა არის დასახვეწი და რა არის შესაცვლელი. გვინდა, რომ ეს პროცესი გახდეს ნაკლებად ბიუროკრატიული, უფრო უნდა იყოს დაფუძნებული პრინციპებზე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.