ქართველი ხელოვანები ჩინეთის მთავრობის ანტისაბჭოთა პროვოკაციებს გმობენ

ქართველი ხელოვანები ჩინეთის მთავრობის ანტისაბჭოთა პროვოკაციებს გმობენ

თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა, სტუდენტთა, თანამშრომელთა გულისწყრომა გამოიწვია ჩინეთის ხელისუფალთა გამთიშველმა მოქმედებამ, აღვირახსნილობამ, რომელსაც ხუნვეიბინები ხელისუფალთა წაქეზებით სჩადიან.

ამასთან დაკავშირებით გამართული მიტინგი გახსნა პარტიული ორგანიზაციის მდივანმა გ. თოთიბაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ჩინეთში ანტისაბჭოთა პროპაგანდის მიზანია ძირი გამოუთხაროს სსრ კავშირისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობას.

სამხატვრო აკადემიის პრორექტორმა ა. მკურნალმა თქვა:

- ის, რაც ახლა ჩინეთში ხდება, სცილდება საერთაშორისო ურთიერთობის ყოველგვარ ნორმას. აღმაშფოთებელია ჩინეთის მოსკოველი დიპლომატების საქციელი, გვაწუხებს ის, რაც ჩინეთში ხდება.

ტრიბუნაზეა პროფესორი ი. მელქაძე.

- აღვირახსნილობა და საზიზღარი პროვოკაციები საბჭოთა ადამიანების წინააღმდეგ პეკინში არა მარტო იწვევს აღშფოთებას, - თქვა მან, - არამედ ზიზღსაც აღძრავს შოვინისტების მიმართ, რომლებიც მაო ძე-დუნის ხროვის მითითებით მოქმედებენ.

მტკიცე პროტესტი ანტისაბჭოთა პროვოკაციების წინააღმდეგ ერთსულოვნად გამოთქვეს საქართველოს სახალხო მხატვრებმა, პროფესორებმა ნ. კანდელაკმა და კ. სანაძემ, დეკორაციულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა ვ. ბჟალავამ.