ზაალ ანჯაფარიძე: ბურჯანაძეს ან პოლიტიკური სიბეცე აწუხებს, ან მოვლენების განჭვრეტის უნარი არ აქვს

ზაალ ანჯაფარიძე: ბურჯანაძეს ან პოლიტიკური სიბეცე აწუხებს, ან მოვლენების განჭვრეტის უნარი არ აქვს

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი შეიძლება რევოლუციამდეც კი მივიდეს, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე არ იზიარებს და „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს უბრალოდ საზოგადოებაში ნიადაგის მომზადებაა იმ შემთხვევისათვის, თუკი ოპოზიცია მსგავსი ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტს. ბურჯანაძის მხრიდან სიტყვა „რევოლუციის" ხსენებას ანალიტიკოსი „პოლიტიკურ სიბეცესა" და „მოვლენების განჭვრეტი უნარის არქონას" უკავშირებს.

„ქალბატონ ბურჯანაძეს არაერთხელ აქვს ასეთი განცხადებები გაკეთებული, თუმცა, არა მარტო მას. ასეთი ტიპის განცხადებები ემსახურება ერთ რამეს - რომ საზოგადოებაში ერთაგვარი მოლოდინი დანერგონ, რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მისცენ ოპოზიციის შემდგომ ქმედებებს, თუ გადაწყვეტენ, რომ უფრო აქტიური საპროტესტო აქციები დაიწყონ. შემდეგ ამას საფუძვლად დაედოს „არჩევნები გაყალბდა", „ხელისუფლება არ მოდის დათმობებზე" და ა.შ. ეს არის მოლოდინების გაჩენის მცდელობა, რომ შემდგომ ეს საზოგადოებისთვის სიურპრიზი აღარ იყოს," - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე შეფასებით, თავად ის ფაქტი, რომ ბუჯანაძემ სიტყვა „რევოლუცია" ახსენა, მისი ისტორიული თუ პოლიტიკური მეხსიერებიდან გამომდინარეობს.

„ის (ბურჯანაძე) არის რევოლუციური ტრიუმვირატის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც 2003 წელს მოახერხა და რევოლუცია, თუ შეიძლება ამას რევოლუცია დავარქვათ, წარმატებით დაასრულა. როგორც ჩანს, გამოყოლოლი აქვს ერთგვარი ისტორიული თუ პოლიტიკური მეხსიერება, რომ რევოლუციით შეიძლება ქვეყანაში პრობლემების მოგვარება.

„მაგრამ ნინო ბუჯანაძეს ან პოლიტიკური სიბეცე აწუხებს, ან მოვლენების განჭვრეტის უნარი არ აქვს. თუ ქვეყანაში მოხდა რევოლუცია, როგორი კეთილშობილი მიზეზითაც არ უნდა მოხდეს, ეს საქართველოს განვითარებას ნამდვილად არ წაადგება და დემოკრატიული განვითარების კუთხით ქვეყანას უკან გადაისვრის," - აცხადებს ანალიტიკოსი.

ანჯაფარიძე დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რევოლუციური სცენარის კიდევ ერთხელ განმეორებას არ ელოდება, თუკი „ხელისუფლებამ არ დაუშვა ფატალური შეცდომა."

„არ ვთვლი, რომ საზოგადოებაში რევოლუციის მოთხოვნაა და შესაძლებელია კრიტიკული მასის მოგროვება იმისათვის, რომ მოხდეს რევოლუცია. ვინც რევოლუციაზე ოცნებობს ან გეგმაში აქვს, არ მგონია მოკლევადიან პერსპექტივაში შეძლონ ამის განხორციელება.

„როგორც წესი, რევოლუციების ხელშემწყობი ფაქტორები ხელისუფლების მიერ დაშვებული ფატალური შეცდომები ხდება. თუ ხელისუფლებამ არ დაუშვა სერიოზული, ფატალური შეცდომა და საზოგადოებაში არ გააღვივა ასეთი მყარი საპროტესტო განწყობები, არ მგონია საქართველოში რევოლუციას დღეს რაიმე სოცილური ან პოლიტიკური ნიადაგი ჰქონდეს," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ცნობისათვის, ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის 2020 წლის არჩევნების ფორმატზე მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ ტელეკომპანია „ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, რომ „პრაქტიკულად შემოთავაზება იყო, რომ რისთვისაც ვიბრძვით, გვეთქვა უარი". მისივე თქმით, ხელისუფლების წინადადება ითვალისწინებს პროპორციულზე უარის თქმას არა მხოლოდ 2020 წელს, არამედ 2024-ში, 2028-ში და ასე შემდეგ, რაც მისთვის მიუღებელია და სწორედ ამ დროს აღნიშნა, რომ „საქმე შეიძლება რევოლუციამდეც კი მივიდეს".

thrgg@yahoo.com კარგი ანალიტიკოსია ეს კაცი, ძაბირაძის და სხვების მსგავსად ვირტუალურად არ ძაბავს სიტუაციას და რეალურად მსჯელობს!!!
4 წლის უკან