ანაკლიის პორტის პროექტი ბოლო დღეებს ითვლის?

ანაკლიის პორტის პროექტი ბოლო დღეებს ითვლის?

ანაკლიის პორტის საბოლოო განაჩენამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. მთავრობა ჯერჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებს, მაგრამ, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ გადავადებას არ დათანხმდება. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი კი ირწმუნება, რომ ინვესტორი მოძიებულია და ახლა სწორედ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს პორტის მომავალი.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მტკიცებით, ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ჰაერივით სჭირდება, მაგრამ რას გეგმავს სამინისტრო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწვეტილი პასუხი არ აქვს. თურნავას თქმით, მოვლენებს წინ არ გაუსწრებს, რადგან ინვესტორს ჯერ კიდევ აქვს დროს.

„გამომდინარე იქიდან, რომ დარჩენილია რამდენიმე დღე, ვიდრე ინვესტორის გარკვეული „დედლაინები“ ამოიწურება, არ მინდა ნაადრევად ვისაუბრო. დავაცადოთ, დადგეს ფორმალური „დედლაინი“, შემდეგ კი შევიკრიბებით სამთავრობო გუნდი იმისთვის, რათა ვნახოთ, რა გავაკეთოთ, რომ ეს აუცილებელი პროექტი ბოლოს და ბოლოს განხორციელდეს.

2017 წლიდან ხდება ვადების გადაწევა ინვესტორის მოთხოვნით. პირვანდელი ვადით მომავალ წელს პირველი ეტაპი მწყობრში უნდა ყოფილიყო და ღრმაწყლოვანი პორტი გვექნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ეს არის სტრატეგიული პროექტი, თქვენ იცით რა ხდება პორტებში, თავისუფალი ადგილი არ არის იმხელა დატვირთვაა. ძალიან წაგვეშველებოდა დროულად ანაკლიის აშენება, მაგრამ, ჯერჯერობით, ვაცადოთ ინვესტორს. ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს როგორც ჰაერი, ისე სჭირდება“, - განაცხადა თურნავამ.

ამის საპასუხოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ მიერ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის წარდგენილი ინვესტორი დღემდე არის პროექტში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული, თუმცა მთავრობას მასთან მიმართებით პოზიცია ამ დრომდე არ აქვს დაფიქსირებული.

„მიუხედავად არსებული ვითარებისა, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კონტროლს მიღმაა, ჩვენ მოვიძიეთ ინვესტორი, რომელიც ჯერ კიდევ არის დაინტერესებული პროექტით. ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ მთავრობის წარმომადგენლები რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე. როგორც ჩვენ განვუმარტეთ მთავრობის წარმომადგენლებს, ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან დაინახოს პირდაპირი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა, როგორც პროექტის, ასევე მათ მიმართ. ჩვენ ველოდებით მთავრობას, რადგან ზემოთ აღწერილი სიტუაცია არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ, თუმცა პარალელურად, აქტიურად ვაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას პოტენციურ ინვესტორს.

გვსურს თავიდან ავიცილოთ სამართლებრივი დავა და ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა უზრუნველყოფს მოთხოვნილ მხარდაჭერას, რათა წარმატებით გავაგრძელოთ და დასრულდეს პროექტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

რა მოხდება მას შემდეგ, რაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს კაპიტალის შეგროვების ვადა ამოეწურება? მინისტრთა კაბინეტი იმსჯელებს რა გადაწყვეტილება მიიღოს მისთვის კონტრაქტის შემდგომი გაგრძელების შესახებ ანდა შეიძლება სულ სხვა გზას დაადგეს და ალტერნატიული ლოკაციების განვითარებაზე იზრუნოს. სხვათა შორის, ამ საკითხზე უკვე საუბრობენ საქმეში ჩახედული სპეციალისტები.

იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას შეწყვეტს, მოიძებნება მისი ალტერნატივაც და ეს შესაძლოა, ფოთის პორტი იყოს. ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ანაკლიის პორტის დანიშნულება მხოლოდ ეკონომიკური მიმართულება არ არის, მაგრამ თუ მხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურაზე იქნება საუბარი, მაშინ ალტერნატივის პოვნაც შეიძლება.

„გამომდინარე იმ თვითნაკადებიდან, რაც პერსპექტივაში მოსალოდნელია უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში. ეს ამოცანა გადაწყვეტადია, აქ პრობლემა არ არის. ანაკლიის ალტერნატივა თავისუფლად შეიძლება იყოს ფოთის პორტი.

თუმცა, ანაკლიას უფრო სხვა მნიშვნელობა ჰქონდა - შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის ნაწილი შეიძლებოდა გამხდარიყო. გარდა ამისა, სერიოზული ინდუსტრიული ზონა განვითარებულიყო, რომელიც მოემსახურებოდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკურ აქტივობას, არა გადაზიდვების მიმართულებით, არამედ საწარმოო მიმართულებით“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

პროექტის მკვდარი წერტილიდან დაძვრისთვის სულ რამდენიმე დღე რჩება. მთავრობას ყველა შემთხვევაში გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს.

tngh საპორტო ქალაქი ლაზიკა იყო საუკუნის "აფიორა"... ქალაქის აშენება ფინანსური უზრუნველყოფის, ტექნიკური და ენერგო უზრუნველყოფის, გენერალური გეგმის, არქიტექტორული კვლევის... და განსახლების გეგმის გარეშე, მხოლოდ დილეტანტ-პოპულისტების პიარია და გაუნათლებელ საზოგადოებაზეა გათვლილი. ვწუხვარ, რომ ანაკლიის პორტიც, მსგავს პროექტს წააგავს. ეკონომიური დასაბუთებაც კი არ არსებობს ამ პორტის საჭიროების და რაში უნდა დაიხარჯოს მილიონები???
4 წლის უკან
tngh საპორტო ქალაქი ლაზიკა იყო საუკუნის "აფიორა"... ქალაქის აშენება ფინანსური უზრუნველყოფის, ტექნიკური და ენერგო უზრუნველყოფის, გენერალური გეგმის, არქიტექტორული კვლევის... და განსახლების გეგმის გარეშე, მხოლოდ დილეტანტ-პოპულისტების პიარია და გაუნათლებელ საზოგადოებაზეა გათვლილი. ვწუხვარ, რომ ანაკლიის პორტიც, მსგავს პროექტს წააგავს. ეკონომიური დასაბუთებაც კი არ არსებობს ამ პორტის საჭიროების და რაში უნდა დაიხარჯოს მილიონები???
4 წლის უკან