ვეყანაში მიმდინარე რთულ პოლიტიკურ პროცესებზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი გვესაუბრება.
- ახლახან, ევროპაში ვიზიტისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოში არსებულ ორხელისუფლებიანობაზე გაამახვილა ყურადღება.
- არ მესმის, რაზე ატყდა აჟიოტაჟი. სააკაშვილი ლაპარაკობდა არა იმგვარ ორხელისუფლებიანობაზე, რაზეც კომპარტიის ისტორიაშია საუბარი, როცა საბჭოები და დროებითი მთავრობა განაგებდა რუსეთს. ლაპარაკია იმაზე, რომ სხვადასხვა ფუნქციის მქონე ხელისუფლების შტოებში დღეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი, ასეთია რეალობა. ჩვენს საპარლამენტო უმცირესობას, ისევე როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თვითმმართველობებს მხოლოდ კონსტრუქციული ურთიერთობის სურვილი გვაქვს, პასუხად კი მივიღეთ აშკარა მცდელობა იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ის ჩაიგდოს ხელში, რაც არჩევნებით არ მოუპოვებია, ან ეს სტრუქტურები ფინანსური წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ.
- როგორ შეაფასებთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას? საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამგვარი რეზოლუციის მიღებაში განსაკუთრებული როლი "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა შეასრულა.
- რეზოლუციას იღებს საპარლამენტო ასამბლეა და არა კანდელაკი. ამ რეზოლუციის მიმღებ ადამიანებში ძალზე გამოცდილი, პატივსაცემი პიროვნებები არიან, ისინი თავიანთ სიტყვაზე პასუხს აგებენ. გიორგი კანდელაკი შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო.
- თუმცა საზოგადოებას ახსოვს კულტურის ყოფილი მინისტრის, რურუას მძაფრი რეაქცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მილიორის ფრაზაზე ლენინიზმის შესახებ, აკაკი ბობოხიძის აღშფოთება აშშ-ის ყოფილი ელჩის, ბასის შეფასებებზე. მიიჩნევთ, რომ ეს რეზოლუცია ობიექტურად ასახავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს?
- რეზოლუცია ლეგიტიმურმა, პატივსაცემმა საერთაშორისო ორგანომ მიიღო და ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, თუკი ეს ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციისკენ ისწრაფვის. ზოგიერთი "მეოცნებე" კი ამას ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად მიიჩნევს და ამბობს: ვინ ეკითხება რასმუსენსო?! ეს კი დინების საწინააღმდეგოდ ცურვა და ეროვნული ინტერესების იგნორირებაა.
- თქვენ ერთ-ერთმა პირველმა უწოდეთ ბაჩო ახალაიას პოლიტპატიმარი; რატომ ხართ ასე დარწმუნებული მის უდანაშაულობაში?
- საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მოსმენის კულტურა არა აქვს, არგუმენტები არ აინტერესებს. მე წმინდა პროცესუალური მხარე ვიგულისხმე; მეც მინდა ბრალდებების ამ კორიანტელში გავერკვე, რა არის სიმართლე და რა - არა. ბაჩო ახალაია ქვეყანაში დაბრუნდა, რომ ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი. იმ ბრალდებების ფონზე, რაც მის წინააღმდეგ ისმოდა, მათ შორის, დაჭრილი პატიმრების პირადად ცემა და ა.შ. უცებ, მას უყენებენ ბრალს, რომ, ასე ვთქვათ, გადაცდომის ჩამდენი ოფიცერი შეურაცხყო. განა 1990-იან წლებში ჯარში არავის შეურაცხყოფდნენ? დავით თევზაძეს, ირაკლი ალასანიას პირიდან შეურაცხმყოფელი სიტყვა არ ამოსვლიათ? მაშინ ყველას ერთნაირად უნდა მოეთხოვოს, ხოლო თუ სერიოზული მტკიცებულება აქვთ ახალაიას წინააღმდეგ, ჯერ დამტკიცდეს და მერე ვილაპარაკოთ... როცა ყველაფერი ასე სწრაფად ხდება, პოლიტიკური მოტივი იკვეთება, რაც პოლიტპატიმრობას გულისხმობს. ახლა იმაზეც დაიწყეს ლაპარაკი, რომ კალანდაძე ჯარისკაცებს არბენინებდა და აყვირებდა. როგორ წარმოგიდგენიათ ჯარი ამის გარეშე? თუ საკითხს ასე მიუდგებიან, ეს საბოლოოდ დაშლის ჯარს.
- ბოლო ხანს ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ორ ნაწილად იყოფა, რომ გიგა ბოკერია ახალ პარტიას ქმნის.
- პირველად მესმის ასეთი რამ, პარტია ცოცხალი ორგანიზმია და ვერავინ იტყვის, რა მოხდება წლების შემდეგ. ამჟამად პარტიაში სერიოზული ორგანიზაციული და იდეოლოგიური მუშაობა მიმდინარეობს. ვაანალიზებთ შეცდომებს, ბევრი ახალი ადამიანი მოდის, ისინი, ვისაც აშინებს "ქართული ოცნების" ნაბიჯები, დანაპირების ასეთი ფორმით შესრულება.